ელზა პაპოშვილი
11.01.2024

ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბარლდებულ ახალგაზრდა კაცს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილის ადვოკატი აცხადებს, მან ცოლის მკვლელობის შესახებ ახლა გაიგო და ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. ის ჩადენილ დანაშაულს ნანობს და აცხადებს, რომ არ ახსოვს, რა მოხდა 9 იანვარს. 

სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც გიორგი კავლელაშვილი ამ დრომდე რჩება და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს გადის. ის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა არ არის გამორიცხული, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეუარცხადად ცნონ. 

ადვოკატი გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი კავლელაშვილმა, მას შემდეგ რაც ცოლის სხეულზე დაზიანებები ნახა, დახმარების თხოვნით მეზობლებს თავად მიმართა. ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი კავლელაშვილი ვერ ხსნის, რა მოხდა 9 იანვრის ღამეს:   

„იცოდა, რომ მეუღლეს დაზიანებები ჰქონდა, რადგან მას შემდეგ, რაც დაინახა დაზიანებები თვითონ ითხოვა მეზობლებისგან დახმარება. მანამდე, როგორც ჩანს, ცნობიერება არ ჰქონდა. ალკოჰოლური არ იყო, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა ფსიქიკურ ნაწილში. ექსპერტები დაადგენენ, იყო თუ არა შერაცხად მდგომარეობაში. ვერ ხსნის რა მოხდა, მოტივსაც ვერ იძახის. არც ჩხუბი, არც რაიმე სახის კონფლიქტის შესახებ უთქვამს,“ - აცხადებს ადვოკატი. 

სასტიკად მოკლული ქეთევან ედიბერიძის ბაბუა და ბიძა ჰყვებიან, რომ კავლელაშვილი ბოლო რამდენიმე თვე, სისტემატურად ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.  არ გამორიცხავენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა. კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ხშირად  სწორედ სიმთვრალის გამო ხდებოდა და მომხდარ მკვლელობასაც ოჯახის წევრები ამ მიზეზს უკავშირებენ.

ბოლოს, ბაბუამ ქეთევან ედიბერიძე მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა. ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავე მაშინაც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.   მოკლული ქალის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ დამნაშავე ქმარი შესაძლოა, ციხის ნაცვლად სამკურნალო დაწესებულებაში  გაუშვან.  

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მედიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

„ჩავთვალე საქმეზე არსებობდა როგორც მტკიცებულებითი ისე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი ეს არის მინიმალური სტანდარტი, რასაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა. ფორმალურ საპროცესო სამართლებრივ საფუძვლებში მოკლედ გეტყვით, დეტალებში აღარ მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. სამი საფრთხე არსებობდა, რაც იშუამდგომლა ბრალდების მხარემ, გავიზიარე", - განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, არსენ კალატოზიშვილის თქმით, გიორგი კავლელაშვილს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია. „უკვე ინფორმირებული იყო, რომ მისი მეუღლე მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა,“ - თქვა მან.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×