ელზა პაპოშვილი
22.08.2023

ქვეყანაში მოზარდებზე ძალადობის სტატისტიკა მზარდი და შემაშოთებელია. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2023 წლის პირველ 6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება და მათგან ძალადობა 171 ფაქტზე დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ძალადობის რომელ სახეებზეა საუბარი.

რაც შეეხება გასულ წლებს, სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით 4131 შეტყობინება შევიდა, 1781 ფაქტზე კი ძალადობა დადასტურდა, ხოლო 2021 წელს შესრული 1904 შეტყობინებიდან, ძალადობა 714 შემთხვევაზე დადგინდა.

მოზრდებზე სექსუალური ძალადობისა და შევიწრივების ფაქტების მზარდი სტატისტიკის პარალელურად, ყოველდღიურად ცნობილი ხდება ახალი ფაქტები. ერთ-ერთი ასეთი უმძიმესი ამბავი ახლახანს თბილისში მოხდა - 64 წლის მამაკაცი პედოფილიის ბრალდებით არის დაკავებული. 

გამოძიება 14 წლამდე მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მიმდინარეობს. ცნობილია, რომ დაკავებულს წლების განმავლობაში ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჰქონდა თბილისის ერთ-ერთ უბანში. სწორედ ეს მაღაზია გახდა მძიმე დანაშაულის ადგილი.

მაღაზიაში მარტო შესული არასრულწლოვანი გოგონა ხანშიშესული მამაკაცის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა. ამბავი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდმა თავად მოყვა მომხადრის შესახებ. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო და უმძიმეს დანაშაულში მხილებული მამაკაცი დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს, ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი მედიასთან არ საუბრობს. ამბობს, რომ ინფორმაციას ვერ გასცემს.

ადგილობრივებისთვის ეს ინფორმაცია სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

„მე იქ ვდგავარ, დახლთან. ვიკითხე - სად არის-თქო და დაკავებული არისო. რაზეა დაკავებული-თქო, რომ ვიკითხე, არავინ არ მითხრა. არ ვიცითო. ერთი კვირაა რაც დააკავეს. 20 წელია აქ დავდივარ, ამ კაცს კარგად ვიცნობ, ჩემი ძმის მეზობელია. რა ვიცი, ცუდი არაფერი ამ კაცისგან არ გამიგია, კარგი ადამიანია. დაუჯერებელია“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მოზარდი ახლა უმძიმესი სტრესის ქვეშ არის და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.    

მედიით რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთ საეჭვო შემთხვევაზე, რომელიც, შესაძლოა, პედოფილიასთან იყოს დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ადგილობრივების ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ  ყველაზე ხალხმრავალ სკვერში, 50 წლამდე მამაკაცი ერთსა და იმავე დროს მიდის, მოზარდებს არჩევს და შორიდან ჩუმად უთვალთვალებს. მშობლებმა განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს. მათი ცნობით, უცნობი მამაკაცის წინააღმდეგ არსებობს ჩანაწერებიც.

„აქ ვცხოვრობთ, უამრავი ბავშვი დადის აქ, ზოგიერთი ბავშვი მშობლის გარეშე დადის, არ ყოფილა აქამდე მსგავსი შემთვევა. როგორც ვიცი, პატრული იყო შემოსული, უყურა და წავიდა, ანუ რეაგირება არ ჰქონია. ჩვენ გვინდა, რომ მოხდეს ამის გამოძიება. ასეთი ადამიანი თუ საზოგადოებისა და ბავშვებისთვის საშიშია, უნდა მიეხედოს“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ფსიქოლოგი ნანა ჩხეიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ინტერნეტმა და ტექნოლოგიების განვითარებამ პედოფილებს მოზარდებთან და ბავშვებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუადვილა. ამიტომ ფსიქოლოგი მშობლებს, ბავშვებისთვის ინტერნეტთან ურთიერთობის შეზღუდვას ურჩევს. 

„პედოფილებს, როგორც წესი, დანაშაულის ჩადენამდე თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ბავშვებთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. ისინი ცდილობენ, რომ ნაცნობებისა და მეზობლების თვალში უცნაურად არ ჩანდეს, რომ არასრულწლოვნებით არიან გარშემორტყმული და ამ ეტაპის განმავლობაში ისინი მინიმუმამდე ამცირებენ რისკს, რომ მათი აღმოჩენა მოხდეს. 

„როგორც წესი, პედოფილებს არ აქვთ უცნაური ქცევების გამოვლენა. მათი ქცევა ცხოვრებისეულ სფეროებში ტიპიური და ჩვეულებრივია. ზოგადად, ძალიან დაბალი თვითშეფასებითა და სტრესისადმი დაბალი ტოლერანტობა გამოირჩევიან. ხშირ შემთხვევაში მათი ქცევა იმპულსურია და ბევრს აქვს არასრულფასოვნების გრძნობა“, - ამბობს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ხშირად სწორედ ის ადამიანია მოძალადე, ვისაც მშობელი ყველაზე მეტად ანდობს ბავშვს. 

„მუდმივად სვამენ კითხვას მშობლები - როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება რატომ ამბობს ბავშვი დაჟინებით უარს ზოგიერთ ახლობელთან სტუმრობაზე. რატომ შეიცვალა მისი ქცევები ბოლო დროს. რატომ უმატა ტირილს და რატომ არის მუდმივად აღელვებული. არასრულწლოვნის ქცევის უჩვეულო ცვლილება შესაძლოა ძალადობის პირველი ნიშანი იყოს. ბავშვები უმეტეს შემთხვევაში იძლევიან პატარ-პატარა მინიშნებებს, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. 

„რაც შეეხება სტატისტიკას, რადგან არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა უაღრესად ტაბუდადებული თემაა, ოფიციალური სტატისტიკა ვერ ასახავს სრულ სურათს. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი და მისი მშობლები ამ თემის გახმაურებისგან თავს იკავებენ“, - აცხადებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×