ელზა პაპოშვილი
25.07.2023

ხონში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებად იქცა. სოფელ ჯიხაიშში  65 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები დანით მეზობელმა მიაყენა. სისხლიან დაპირიპირებას კი წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელიც თხების მიერ ღობეზე გადასვლას უკავშირდებოდა. ბრალდებული მამაკაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი მათ სისტემატიურად ემუქრებოდა და ისინი თავს იცავდა. 

მეზობლები „რეზონანსთნ“ ამბობენ, რომ მამაკაცებს შორის დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მორიგი კონფლიქტი სამშაბათს დილით ყოფით ნიადაგზე დაიწყო. როგორც ბრალდებულის ოჯახი ამბობს, მათ სახლში მეზობელი მიუვარდა რამდენიმე პირთან ერთად და  დაემუქრა. ამის შემდეგ მან მეზობლებს თოფიდან ესროლა. მისი შეკავება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეძლეს და კაცი სახლში დააბრუნეს. 

როგორც ბრალდებულის ოჯახი ამტკიცებს, მათ 112-ში დარეკეს, რაზეც მეზობელი კიდევ უფრო გაბრაზდა. როდესაც ბრალდებულის ცოლი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა, მამაკაცი მეზობელთან მივიდა და კონფლიქტი ისევ დაიწყო, რის შემდეგაც ის ბრალდებულმა დანით გულის არეში დაჭრა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებული კი პოლიციას შემთხვევის ადგილას დახვდა.       

„მათი კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ხან რაზე დაობდნენ და ხან რაზე. მოკლული, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ბრალდებულს სახლში რამდენჯერმე მიუვარდა. როგორც ბრალდებულის შვილი ჰყვება, მათ პოლიციაში დარეკეს. კაცი მათ ჯერ იარაღით მოკვლით ემუქებოდა და  ცოლ-შვილი ამბობს, რომ მერე ნაჯახით მოგვივარდაო. მეზობლებმა დაიჭირეს და არ გაუშვეს. 

„მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა და მეზობლებს ისევ მიუვარდა. სწორედ ამ დროს გამოვიდა ბრალდებული დანით და დაჭრა. ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა და ადგილზევე დაიღუპა. ამბობენ, რომ ბრალდებულის ცოლი სანამ პოლიციამ დაკითხა, ეს უბედურება მოხდა. რაზე მოუვიდათ დაპირისპირება, არ ვიცით, რაღაც ყოფით ნიადაგზე იჩხუბეს ისევ. ნებისმიერ რამეზე ჩხუბობდნენ, ისე იყვნენ ერთმანეთს გადაკიდებული“, - ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

დაკავებული მამაკაცი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. პოლიცია ბრალდებულის სახლში მუშაობს. იკითხებიან მეზობლები და ოჯახის წევრები. პოლიციას აინტერესებს, თვითმხილველები ბრალდებულის ოჯახის წევრების ვერსიას დაადასტურებენ თუ არა და იმყოფებოდა თუ არა დაკავებული აუცილებელი მოგერიების  სიტუაციაში.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×