ნაზი ბერიძე
11.07.2023

ბოლო წლებია ზაფხულის შუა რიცხვებამდე წვიმიანი ამინდები ფიქსირდება, ძირითადად სიცხეები ივლისის 20 რიცხვიდან იწყება, მუდმივმა წვიმიანობამ და უხვმა ნალექმა მოსავალი გაანადგურა, მეწყერსაშიშ ზონებში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სამშაბათს, წყალდიდობა დაფიქსირდა სამეგრელოსა და იმერეთში. ასევე წყალდიდობა და ძლიერი ქარი იყო აჭარაში. მანამდე სტიქიამ მძიმედ დააზარალა აფხაზეთი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ „რეზონანსთან" განაცხადა, მთელ საქართველოში ოთხშაბათიდან გამოიდარებს.

„ქუთაისის აეროპორტი დაიტბორა, ქუთაისში მოვიდა ძალიან ძლიერი წვიმა, 12 საათში 103 მილიმეტრი, სხვა რეგიონებშიც წვიმდა ძლიერად მთელი ღამის განმავლობაში, დღესაც დილიდან წვიმდა სამეგრელოში, ვნახეთ ყველამ რაც მოხდა სამეგრელოში - მდინარეები ადიდდა, დაიტბორა ქუჩები, ბათუმშიც ძალიან ძლიერი ქარი ქროდა, ხეები მოგლიჯა და წააქცია, ძალიან არახელსაყრელი პირობები იყო დასავლეთ საქართველოში, უხვი ნალექი დაფიქსირდა შავი ზღვის სანაპიროზე - ბათუმი, ანაკლია, ფოთი, დღეს სამეგრელოს რეგიონში, წუხელ ღამით იმერეთშიც. დღეს ნელ-ნელა ინტენსივობა იკლებს, ასეთი ნალექი მოსალოდნელი აღარ არის და ხვალ დილიდან უკვე გამოიდარებს მთელ საქართველოში. ნალექიც შეწყდება, ქარიც ჩადგება და ტემპერატურაც მოიმატებს," - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

„აბაშის მუნიციპალიტეტში სამიქაო-მაიდნის, სუჯუნის, ზანათის, წყემის, ონტოფოს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ საბოკუჩაოში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.

ასევე, დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ენერგია არ მიეწოდება გეზათს, სეფიეთს, ონტოფოს, საბოკუჩაოს. ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარეები: კოვზა, ცხ. წყალი, აბაშა. არსებობს საფრთხე გადმოვიდეს მდ. რიონი. ადიდებულმა მდინარე აბაშამ, ზანათში, ახობაძეების უბანში გაარღვია დამბა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია," - ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„მარტვილში ზარალს ითვლიან. გუშინდელმა და დღევანდელმა წვიმებმა უხვმა ნალექმა, დაგვიზიანა შიდა სასოფლო გზები ძირითადად, ხრეშოვანი საფარი ჩამორეცხა, საყანე ფართობები სავარგულები, გარკვეულ სოფლებში ეზოებიც დაიტბორა, მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოვიდა, მიმდინარეობს უკვე გაწმენდითი სამუშაოები და ხვალაც გაგრძელდება. უკვე გამოიდარა.ხვალიდან კომისია გააგრძელებს რა თანხის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს," - განაცხადა „რეზონანსთან" მარტვილის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ხურცილავამ.

ძლიერმა წვიმამ სენაკის მუნიციპალიტეტშიც პრობლემები შექმნა. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მდინარემ რამდენიმე ლოკაციაზე დამბა გაარღვია. სტიქიამ ღვარცოფული და მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის გამოც გზების დიდი ნაწილი დაზიანებულია.

ზანისა და ლესიჭინეს საზღვარზე, მეწყერმა სენაკი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩამოშალა.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს შემოვლითი გზის აღდგენითი სამუშაოები.

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა სენაკისა და ფოთის მკვებავი 300 და 700 მმ-იანი ცენტრალური მილები, რის გამოც, წყალმომარაგება შეეზღუდა 32 000-ზე მეტ აბონენტს.

წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვისცენტრის წარმომადგენლები მობილიზებული არიან, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს.

24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, შექმნილ ვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილეები.

მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. რამდენიმე საათში გადაადგილება შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე დატბორილია სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ასევე ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი," - ინფორმაცია „რეზონანსს" ჩხოროწყუს მუნუციპალიტეტმა მიაწოდა.

ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

წალენჯიხაში დაზიანდა მიწის ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები

წყალდიდობა და ძლიერი ქარი იყო ბათუმშიც, ქარმა ხეები დაგლიჯა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×