ია აბულაშვილი
07.07.2023

გადასაადგილებელი ორბორბლიანი ეტლის გამოგონების შესახებ საზოგადოებამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოკლე საგაზეთო ინფორმაციიდან შეიტყო, რომელიც ერთ-ერთ რუსულენოვან გაზეთში დაიბეჭდა. გამოგონების ავტორია ქართველი თავადი ირაკლი ვაჩნაძე, რომელსაც ბევრი უსიამოვნება გადახდომია თავს, მაგრამ მისი გამოგონება მაინც აღიარეს.

„კნიაზ ვაჩნაძის გამოგონება გადასაადგილებელი ორბორბლიანი ეტლი დაპატენტებულია მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 1920 წლის ბრძანებულებით. ეტლი გათვალისწინებულია ქვედა კიდურების პარალიზებით დაავადებული ავადმყოფებისთვის და ვადასტურებთ, რომ ეტლი აგებულია კნიაზ ვაჩნაძის ხელით და მასში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ ინჟინერ-სპეციალისტს. ვადასტურებთ იმასაც, რომ ეტლი მოძრაობს ყოველგვარი გარეშე ძალის, ელექტროენერგიისა და საწვავის გარეშე. ეტლში მჯდომი სხვისი დახმარების გარშე მოძრაობს, ცეკვავს ვალსს და მონაწილეობს ფიგურულ რბოლაში," - წერია მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 1920 წლის ბრძანებულებაში.

შშმ პირთა ეტლის შექმნის იდეა თავადისთვის ერთ კონკრეტულ შემთხვევას მიუცია. გოლოვინსკის პროსპექტზე მოსეირნეს დაუნახავს, დამბლადაცემულ ბატონს ეტლით როგორ მოაგორებდა მოსამსახურე. მაშინვე დაფიქრებულა იმ ავადმყოფების ბედზე, რომელთაც მოსამსახურის დაქირავების საშუალება არ ჰქონდათ.

„დიდხანს მომიწია ვაი-ვაგლახი. 300 მანეთი იყო საჭირო, ნახაზი რომ შემესრულებინა და მუყაოთი მოდელი დამემზადებინა, მაგრამ ვერ ვიშოვე. თვითონ მოვიკრიბე ძალა და ყოველგვარი ნახაზების, გაანგარიშებისა და მოდელის გარეშე პირდაპირი აზომვით ავაგე ჩემი გამოგონება," - წერდა ირაკლი ვაჩნაძე.

ეტლის გამოშვებით დაინტერესებულა მოსკოვის ერთ-ერთი კომპანია, ქარხანაც აუშენებიათ და ირაკლი ვაჩნაძე ამ კომპანიის მეწილე გამხდარა. ეტლის შემდეგ ვაჩნაძის ავტორობით შეიქმნა საცურაო კოსტიუმი. „თავადმა ვაჩნაძემ გამოიგონა წყალში დახრჩობისგან გადამრჩენი საშუალება. ამ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი არ იძირება, რადგან ტანსაცმელი ჰაერით არის გაბერილი," - წერდა იმდროინდელი პრესა. ვაჩნაძემ თავისი გამოგონება მტკვარზე გამოსცადა და ცდა წარმატებით დასრულდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×