ელზა პაპოშვილი
03.07.2023

უპრეცედენტო თაღლითობის სქემა, სადაც 600-მდე დაზარალებული არსებობს. დაკავებულია მაკლერი, რომელსაც დაზარალებულები  მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.  პოლიციელებმა ის რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში აიყვანა. ქალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც ის სავარაუდოდ, მოქმედებდა შთაბეჭდავია. 

გამოძიების ინფორმაციით, თბილისელი მაკლერი, ჯერ დაგირავების მსურველების ნდობაში შედიოდა, შემდეგ დიდი ოდენობით თანხას ართმევდა და მესამე პირისგან ნაქირავებ ბინაში უშვებდა საცხოვრებლად. თავიდან ქირასაც იხდიდა, თუმცა, რამდენიმე თვეში ქრებოდა და ქირის გადახდა იმ ადამაინებს უხდებოდათ, რომლებიც დაზარალებულები ქალისგან აქეთ იყვნენ.   

უძრავი ქონების აგენტი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხანგრძლივი პატიმრობა ელის, ელისო ცუცქირიძეა. ქალი ამბობს, რომ თანხას დაზარალებულებს დაუბრუნებს, თუმცა, ამისთვის დრო სჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი დაზარალებულები მათსავე ნაგირავებ ბინებში ცხოვრობენ, მაგრამ ისე, რომ თან ქირასაც იხდიან. დაზარალებულები ქალისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა, ქალი ამბობს, რომ ციხეში ყოფნით ამ თანხას ვერ დააბრუნებს.  

„ჩვენ ვეჭვობთ, რომ საქმეში მხოლოდ ეს ქალი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითური სქემის კარგად ორგანიზებული პირამიდა, რომლის სათავეშიც ეს ქალი იდგა. ის შედიოდა ნდობაში ყველა ჩვენგანთან და ასე ბავშვებივით გვატყუებდა. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბინის მეპატრონეებთან გარიგებული იყოს. ხალხი ყველა ამ ქალთან ერთმანეთის რეკომენდაციებით არიან მისულები. მას წლების განმავლობაში ბევრი მომჩივანი ჰყავს. ეს სქემა მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც ხალხმა მასობრივად ჩივილი დაიწყო“,-ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 

როგორც აღმოჩნდა, დაზარალებულთა მცირე ნაწილს უძრავი ქონების აგენტმა გირაოს თანხის სანაცვლოდ გარანტად მიწის ნაკვეთები შესთავაზა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ესეც წინასწარ გათვლილი სქემის ნაწილი იყო. აღმოჩნდა, რომ მიწები არც სასოფლო სამეურნეოდ და არც სამოსახლოდ ვარგა. დაზარალებულებს თანხის სანაცვლოდ მხოლოდ უსარგებლო ჭაობები, ხევები და რიგ შემთხვევაში, ელექტრო გადამცემი ბოძები შერჩათ.

„როგორც კი ყველაფერი გაირკვა და ხალხმა ჩივილი დაიწყო, ეს ქალი მიიმალა. აღარც ტელეფონის ზარებს პასუხობდა და იმალებოდა. გააუქმა ოფისი, სადაც ხელშეკრულებები გაფორმდა. ამიტომ ნოტარიუსს მივაკითხეთ, რომელიც ამტკიცებს, რომ საბუთებში იურიდიული ხარვეზი არ ყოფილა - პრობლემა კი მხოლოდ უპირობო ნდობა იყო, რომელიც ხალხმა გამოიჩინა. ამიტომ ნოტარისუმა საეჭვო ამაში ვერაფერი დაინახა. მაკლერს ხალხი საკუთარი ნებით ენდობოდა. როცა ადამიანი იურდიულ ნიუანსებში არ ერკვევი და ასე დეტალები არ იცი, ასეთი თაღლითები ყველაფერს იკადრებენ“, - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უძრავი ქონების აგენტს ზარალის ანაზღაურება და 7-იდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×