ელზა პაპოშვილი
12.06.2023

გოგონა, რომელიც ბათუმში, გვიან ღამით მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. საერთაშორისო ჰოსპიტალში გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, რადგან მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, 16 წლის არასრულწლოვან გოგონას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. მათი  ინფორმაციით, ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.  

„ოპერაცია ვერ ჩატარდა და მალევე გარდაიცვალა. დაზიანებული ჰქონდა თავი, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შიდა ორგანოების დაზიანებები“, - აცხადებენ ჰოსპიტალში. 

გოგონა ბათუმში, მაღალსართულიანი შენობიდან 11 ივნისს გადმოვარდა. ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თვითმხილველების თანახმად, შემთხვევა 11 ივნისს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, სავარაუდოდ, მე-17 სართულიდან მათ ადამიანის გადმოვარდნა დაინახეს.  

ადგილობრივები ყვებიან, რომ დაცემის ძლიერი ხმა გაიგეს, ხოლო გარეთ გამოსულებს „ჯიპის“ მარკის ავტომობილში ჩავარდნილი პატარა გოგონა ნახეს. მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.   

„დაცემის ძალიან ძლიერი ხმა გავიგონე. ვიფიქრე, ალბათ ვიღაცას ავარია მოუხდა- მეთქი და გამოვიხედე. საიდანაც ხმა მოდიოდა, ვერაფერი დავინახე. შემდეგ  გავიგე რომ  ახალგაზრდები მორბოდნენ და ყვიროდნენ ვიღაც გადმოვარდაო. როცა კიბეებზე ჩამოვირბინე და გარეთ გამოვედი, კორპუსთან, „ჯიპის“  მარკის ავტომობილში, უკანა მხარეს,  გოგონა იყო ჩავარდნილი. სიდენიებს შორის იყო მოქცეული. მივვარდით, მოგროვდა ხალხი და სასწრაფო გამოვიძახეთ. ბავშვი ცოცხალი იყო, თუმცა უგონო მდგომარეობაში. მოვიდა კატასტროფის ბრიგადა და წაიყვანეს. 15 წლამდე გოგონა იყო. სავარაუდოდ, მძიმე მოტეხილობები ჰქონდა. რა მოხდა, რა გახდა გადმოვარდნის მიზეზი, არაფერი არ ვიცით“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილორბივი „რეზონანსთან“ 

მეორე თვითმხილველი კი აცხადებს, რომ მან მე-10 სართულის აივნის სახურავზე რაღაცის დავარდნის ხმა გაიგონა, გადმოიხედა და ნახა, რომ ადამიანი სახურავის თავზე იწვა. ამის შემდეგ კი ის დაბლა ჩავარდა და ავტომობილს დაეცა. შემდეგ მიხვდა, რომ მაღალი სართულიდან ვიღაც გადმოვარდა.     

„ხმაური გავიგონე და გამოვიხედე. დავინახე, რომ ადამიანი იწვა მე-10 სართულის აივნის სახურავზე. სანამ მე აზრზე მოვედი, ის ქვემოთ ჩავარდა და ავტომობილს დაეცა. გამოვიქეცით დაბლა და ვნახეთ გოგონა. სავარაუდოდ, სადღაც მე-17 სართულიდან უნდა გადმოვარდნილიყო.  

„ეს თვითმკვლელობა იყო, უბედური შემთხვევა თუ რაიმე დანაშაული, უცნობია. პოლიცია და სასწრაფო მააშინვე მოვიდა. ალბათ გაირკვევა რა მოხდა. ძალიან სამწუხაროა რომ გარდაიცვალა. იმედი გვქონდა გადარჩებოდა“,-ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“.              

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×