ელზა პაპოშვილი
11.06.2023

საქართველოში მკვლელობის შეკვეთისათვის ჩეხეთში ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. საუბრია გასული წლის ოქტომბერში მარნეულის რაიონის სოფელ  ყიზილაჯლოში მომხდარ დანაშაულზე. ერთი მათგანის ექსტრადირება საქართველოში ახლო მომავალში იგეგმება, მეორეს კი ჩეხური მხარე აშშ-ს გადასცემს, სადაც მასზე ძებნა კიდევ ერთი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იყო გამოცხადებული.

პრაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს - ფოლად ომაროვსა და ზაალატ მამედოვს ქართველი სამართალდამცველები ყიზილაჯლოს ცენტრში 52 წლის არიფ აზიზოვის მკვლელობის მომზადებას ედავებიან. 

არიფ აზიზოვი, რომელსაც შარშან ჩაიხანასთან ხუთი ტყვია ესროლეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. თავდასხმის შემსრულებლების დაკავება ქართულმა სამართალდამცველებმა შარშანვე ცხელ კვალზე მოახერხეს. 

ერთ-ერთი მათგანი მარნეულში მცხოვრები ჰაფიზ იბრაჰიმოვი თავდასხმის შემდეგ, სავარაუდოდ, მიმალვას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, ხელბორკილები დაადეს.  გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, სწორედ პრაღაში დაკავებული ე.წ. ავტორიტეტების დაკვეთით მოქმედებდა.

მეორე დაკავებული ფოლად ომაროვის ახლო ნათესავი ინტიზარ ნავრუზოვია, რომელსაც მარნეულში „ინტოს“ მეტსახელით იცნობენ. გამოძიების ინფორმაციით, ის პირადად იყო ჩართული დანაშაულის დაგეგმვასა და იარაღის მოძიებაში.     

„არიფ აზიზოვს „კრიმინალური ავტორიტეტები“ მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში განათავსა. აზიზოვი ღიად დაუპირისპირდა „ქურდულ სამყაროს“. ვიდეოში ის ამბობდა, რომ არ იყო ვალდებული და არავის არ გადაუხდიდა ფულს, დატერორების უფლებას არავის მისცემდა. ამის შემდეგ ამომიღეს თვალში და სულ რამდენიმე დღეში ვიდეოს ჩაწერიდან მასზე თავდასხმა განახორციელეს. 

„ეს პირები არიან ე.წ. ავტორიტეტები, რომლებიც ყველა იმ ადამიანის დატერორებას ცდილობენ, ვინც რაღაც ორ კაპიკს შოულობდა. არიფს თავს ჩაიხანაში დაესხნენ და 5 ტყვია ესროლეს. სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს. ფაქტობრივად ჩაცხრილეს. ადგილობრივებს ამ ადამიანების ნამდვილად ეშინოდათ. ძალიან კარგია, რომ დააკავეს და ცოტა ამოვისუნთქეთ“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა, ახლა სასამართლოში მიმდინარეობს. ჩეხეთში დაკავებული „კრიმინალური ავტორიტეტებიდან“ ერთს, ზაალატ მამედოვს, თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ, ფოლად ომაროვს კი, სავარაუდოდ, ოფიციალური პრაღა შეერთებულ შტატებს გადასცემს, სადაც მას ირანელი ჟურნალისტის და დისიდენტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებას ედავებიან.   

საქართველოში მიმდინარე გამოძიების პროცესში პოლიციამ არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დანაშაულის იარაღი ამოიღო. არიფ აზიზოვზე თავდასხმისთვის დაკავებულებს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×