ელზა პაპოშვილი
07.06.2023

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი მოსამართლეს წინასწარ პატიმრობას სასამართლოზე თავად სთხოვდა. ეს იყო ერთადერთი სათქმელი, რაც სასამართლოზე ნიკა ლაჩაშვილმა თქვა. ირკვევა, რომ მან 27 წლის, ყოფილი ცოლი,  მარიტა მარტიაშვილი, კუკიის სასაფლაოზე ავტომობილში გაგუდა. ცხედარი ჯერ იქ დატოვა, თუმცა, შემდეგ უკან დაბრუნდა, ნაქირავებელი ავტომობილით ცხედარი წამოიღო და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო. ექსპერიმენტული საგამოძიებო პროცესის დროს კი, დაკავებულმა ლაჩაშვილმა პოლიციას, ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ თავად მიუთითა.    

ბრალდებული მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნიკა ლაჩაშვილს, რომელსაც ცოლის სასტიკად მკვლელობა ედება ბრალად,  დუმილი არ დაურღვევია. თუმცა, ერთადერთი რაც მან თქვა, ის იყო, რომ პროკურორის მოთხოვნას მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ეთანხმებოდა.   

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ლაჩაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, ამისთვის ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო. ასევე, ახალგაზრდა მამაკაცისთვის ექსპერტიზის ჩატარებას მისი ადვოკატი ითხოვს. მისი მტკიცებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამიტომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო. ამის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი სად მოიხდის ის სასჯელს - ციხეში თუ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.    

დაკავებამდე კი სამი დღის განმავლობაში, გოგონას მისი ახლობლები და ოჯახი ეძებდა. ნიკოლოზ ლაჩაშვილი უარყოფდა ინფორმაციას, რომ ყოფილი ცოლი გაუჩინარებამდე ნახა. თუმცა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ,  მან ბრალი აღიარა. გოგონას ახლობლები ყვებიან, რომ მარიტას და ყოფილ ქმარს კონფლიქტი არ ჰქონიათ. ისინი უკვე 7 წელია რაც დაშორებულები იყვნენ. მათ ურთიერთობა მხოლოდ გოგონას გამო ჰქონდათ და მარიტას ქმრის მხრიდან შევიწროვების ან კონფლიქტის შესახებ არასდროს უსაუბრია. 

„არავინ არ იცის რა მოხდა. რამ  გააბოროტა ასე, რომ ეს ანგელოზივით გოგო ასე სასტიკად გაიმეტა. ამბობენ, რომ ავტომობილში უჩხუბიათ. არ ვიცით რაზე. მხოლოდ ბავშვის გამო კონტაქტობდნენ. არანაირი სხვა ურთიერთობა არ ჰქონიათ. მარიტა თავად არჩენდა გოგონას, სულ მუშაობდა. მშრომელი, პოზიტიური და უკარგესი გოგო იყო. ავტომობილში თოკით გაუგუდია. მერე იქვე კუკიის სასაფლაოზე დაუტოვებია. დამარხა თუ რა ქნა,  არ ვიცით. ამის შემდეგ, ოჯახმა რომ ძებნა დაიწყო, დაბრუნებულა და ცხედარი საბარგულით გლდანის ხევში წამოუღია და იქ დაუტოვებია. 

„ალბათ იფიქრა, რომ ასე პოლიციას კვალს აურევდა. დაკითხვის დროს კი ყველაფერი აღიარა. არ ვიცით ნარკოტიკებს იღებდა თუ არა. რაღაცა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მკურნალობდა კიდევაცო, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, ანგელოზივით გოგო, მისი შვილის დედა,  ასე სასტიკად გაიმეტა“, - ყვება „რეზონანსთან“ მოკლული გოგონას ახლობელი.          

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×