ელზა პაპოშვილი
29.05.2023

კახეთში, სოფელ ვერლისციხეში სასტიკად მოკლული 26 წლის გიორგი მირაზაშვილის საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიციამ მის მკვლელობაში ბრალდებული სიძე-ცოლის ძმა დააკავეს, რომლებიც კვალის დაფარვას და გამოძიებისთვის კვალის არევას 4 თვის განმავლობაში ახერხებდნენ. რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა კი სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.    

სამართალდამცველებმა რუსთავში მცხოვრები სიძე-ცოლისძმა - გიორგი სუხიაშვილი და უშანგი ბერძენიშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მოკლულ ბიჭს კონტაქტი ბოლოს მხოლოდ მათთან ჰქონდა და ამის შემდეგ კვალი გაუჩინარდა.  მკვლელობის მოტივი კი 1 700 ლარია, რომელსაც ბრალდებულები გიორგი მირზაშვილისგან ითხოვდნენ. მათ მსხვერპლი ველისციხეში სუხიაშვილის აგარაკზე მოტყუებით ჩაიყვანეს, ჯერ სცემეს, შემდეგ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გაგუდეს. კვალის დაფარვის მიზნით კი ეზოში ყველაფერი დაწვეს, რაც მათ დანაშაულზე მიუთითებდა. 

„ჩვენ ყველაფერი მას შემდეგ გავიგეთ, რაც პოლიცია მოვიდა და აგარაკის ჩხრეკა დაიწყეს. სავარაუდოდ, დაკითხვის დროს თავად მიუთითეს სამართალდამცველებს ცხედარი სადაც დამარხეს. 4 თვე დედას ატყუებდნენ, რომ ის მონასტერში იმყოფებოდა. მისივე ტელეფონიდან მესიჯებს უგზავნიდნენ. 2 თვის შემდეგ კი დედა დაეჭვდა და პოლიციას მიმართა. პოლიციამ კი მისი კვალის ძებნა დაიწყო. 

„აღმოჩნდა, რომ ის ბოლოს მხოლოდ ამ სიძე-ცოლისძმას ესაუბრა. მათთან ერთად დატოვა ქალაქი. ერთ-ერთს კი თურმე სიზმარშიც კი ელანდებოდა და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. პოლიციამ დაკითხვისას აღიარებინათ. ამ სახლის მეპატრონე, გიორგი სუხიაშვილია, რუსთავიდან ველისციხეში ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა, მხოლოდ ღამის საათებში. დღისით ის ჩვენ აქ აღარ გვინახია“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მოკლული ბიჭის ახლობელი კი გვიყვება, რომ მკვლელობის შემდეგ გიორგი სუხიაშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა გვამი ნაჭერში გაახვიეს, ავტომობილის საბარგულში ჩადეს და დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში, ვენახების მიმართულებით წავიდნენ. მათ მოკლული მამაკაცის ცხედარი სარწყავ არხთან მდებარე ჭაში ჩააგდეს და ზევიდან დიდი რაოდენობით ქვები დააყარეს.

კარგად დაგეგმილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებულმა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძო. აქტიურობდნენ სოციალურ ქსელებშიც და კვალის არევასაც ცდილობდნენ.

„მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, ბრალდებულებმა ემიგრაციაში მყოფ მოკლულის დედას შვილის Facebook-ით მიწერეს, რომ თითქოს ის მონასტერში წავიდა და გარკვეული დროით კონტაქტი აღარ ექნებოდა. იგივე შინაარსის შეტყობინებები მიიღეს მოკლულის მეგობრებმაც. თითქოს თავად გიორგი წერდა ყველას, რომ დეპრესია ჰქონდა, ცუდად იყო და ცოტა ხნით ქალაქიდან გავიდა. ამიტომ არ შეეწუხებინათ. 

„სწორედ ეს პირები იყვნენ, რომლებიც ჭორებს ავრცელებდნენ, თითქოს გიორგი ქალაქში ნახეს და ა.შ დაკავბეულები ასევე ბიჭის ნათესავები არიან. დავა იყო თანხის გამო, რაზეც გიორგის უთხრეს, რომ უნდა დალაპარაკებოდნენ  და მოტყუებით ქალაქიდან კახეთში წაიყვანეს. იქ აგარაკზე სასტიკად სცემს, მერე თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გონება რომ დაკარგა გაგუდეს. არაადამიანები არიან, რომლებიც 4 თვე ისე აგრძელებდნენ  ცოხვრებას, ვითომაც არაფერი“, - ამობობს მოკლული ბიჭის ახლობელი. 

ოთხი თვის შემდეგ ნაპოვნი ცხედარი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ის რამდენიმე საათში დაკრძალეს. დედამ ერთადერთ შვილთან გამომშვიდობება ვერ მოასწრო.

გიორგი მირზაშვილის დედა წლებია ემიგრაციაშია. მას შვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობეს. თაკო მირზაშვილი  ისრაელში ცხოვრობს, ის დამნაშავეების სასტიკად დასჯას ითხოვს. 

„მკვლელობის შემდეგ, ჩემი შვილის მესენჯერით მომივიდა შეტყობინება, სადაც ნახსენები იყო მონასტერი, თითქოს იქ მიდიოდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე მოკლული ჰყავდათ და რეალურად, მისი სახელით მწერდნენ მკვლელები. ეს ყველაფერი გააკეთეს კვალის ასარევად, რომ მე გიორგის ძებნა არ დამეწყო. ასევე, კვალის ასარევად ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ამ 4 თვის განმავლობაში ჩემს შვილს ხედავდნენ ქალაქში.

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც და რა მეთოდითაც მომიკლეს ერთადერთი შვილი, ასეთივე სიმკაცრით, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ორივე მკვლელი. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!" - აცახდებს დედა. 

თელავის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებმა ადვოკატებს მედიასთან საუბარი აუკრძალეს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მათ სასტიკი დანაშაული უკვე აღიარეს.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×