ელზა პაპოშვილი
27.05.2023

ქობულეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ირკევვა, 20 წლის გიორეგი ალხანიშვილს, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციასთან ერთად ეძებდა, მისივე კლასელმა ჯერ მოკლა და შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ტყეში მეგობრების დახმარებით  დამარხა. პოლიციამ სამი ადამიანი მკვლელობის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავა. ხოლო უშაულო მკვლელობაში  ბრალდებულს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს, რომელმაც ქვეყანა დატოვა, ამ დრომდე ეძებენ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.  

20 წლის გიორგი ალხანაშვილი, 17 მაის მაშინ გაუჩინარდა, როცა ის ლონდონიდან ჩამოსულ კლასელთან და ორ სხვა მეგობართან ერთად სოფელ ლეღვაში საქეიფოდ წავიდა. როგორც ბიჭის ახლობლები ყვებიან, მათთან ერთად ლონდონიდან დაბრუნებული მეგობრის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის  შეყვარებულიც იმყოფებოდა. ბიჭის ახლობლები ამბობენ, რომ მისი გაუჩინარების დღიდანვე დაკავებულები იტყუებოდნენ  და ამბობდნენ, რომ ის სახლიდან ღამე გააცილეს და არ იციან სად შეიძლება წასულიყო. წითელი ფერის ტაქსიში ჩასვეს და სახლიდან ასე წავიდა. თუმცა გამოძიებით დგინდება, რომ სუფრაზე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა ის დანით მოკლა. ცხედარის გადამალვის მიზნით კი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და შემდეგ სოფელში, ტყესთან მდებარე სტადიონთან დამარხეს. 

„სოფელში არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, როცა პოლიცია ადგილზე მოვიდა და სტადიონთან თხრა დაიწყეს, მაშინ მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. მერე გავიგეთ, რომ ბიჭის ცხედარი უპოვიათ. რაც ვიცით ისაა, რომ აქ, ჩვენს სოფელში, ბათუმელი ოჯახი გადმოვიდა, სახლი აქვთ ნაყიდი. მკვლელობაში ბრალდებულის, ალექსანდრეს ბაბუა არის ხოლმე ამ სახლში. 17 მაისსაც ბაბუა ახალგაზრდებს ამოჰყვა. სუფრა გაუშალა და დატოვათ. 4 ბიჭი იყო და ერთი გოგო. 

„ალექსანდრე ლონდონში სწავლობს. ძალიან კარგი ოჯახია. როგორც გავიგეთ, ჩხუბი მოსვლია თანაკლასელ ბიჭთან. რაზე და რატომ - არ ვიცით. დანით დაუჭრია. ბიჭი ადგილზევე დაღუპულა. შეშინებულებმა კი ცხედარი საბარგულში მოათავსეს და სოფლის სტადიონთან დამარხეს. ბაბუა რომ დაბრუნდა,  დილით ნახა ერთი ბიჭი ეკლდათ. უთქვამთ - წუხელ წავიდაო. ამის შემდეგ ბიჭის ძებნა დაიწყეს. ბავშვები ამბობდნენ, რომ სოფელი წითელი ტაქსით დატოვა, მაგრამ პოლიციამ გამოიძია და ნახა, რომ ბიჭს საერთოდ არ დაუტოვებია სოფელი. ამის შემდეგ კი ეს საზარელი ამბავი შევიტყვეთ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე გადაასვენეს. მოკლულის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა იმდენად იყო დასახიჩრებულო, რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო.

შსს-ს ინფორმაციით კი, მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 3 პირი დააკავა. სამართალდამცველები სამივეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 

უწყების ცნობით, 16 მაისს მოკლული ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღით მოკლა. კვალის დაფარვის მიზნით იქ მყოფებმა ცხედარი ავტომობილის საბარგულით წაიღეს და ტყის პირას დამარხეს.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულ პირს, მან დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში ქვეყანა დატოვა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შემოვიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×