ელზა პაპოშვილი
20.05.2023

საქართველოში პედოფილიის  სტატისტიკა შემაშფოთებელია, რადგან გასულ წლებთან შედარებით მონაცემები  მზარდია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა და შესაბამისი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.

გარდა ამისა, 2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად - 168 შემთხვევაში - მოზარდი ძალადობის მსხვერლი ოჯახში გახდა. 

რაც შეეხებაა გასული წლის მონაცემებს, აქაც სავალალო მდგომარეობაა. შსს-ს სტატისტიკით, 2022 წელს სულ ქვეყანაში სექსუალური ძალადობის 578 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გახსნილია 402. ამ სახის დანაშაული 9.06 %-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. 

ამასთან, 2022 წელს დაზარალებულად გაუპატიურების საქმეში 29 არასრულწლოვანი ცნეს. სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (სსკ-ის 137 – 141 მუხლები) დაწყებულ საქმეებზე კი 2022  წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია დაზარალებულად ცნობილი. ეს მუხლები მოზარდებზე სხვადასხვა სახით სექსუალურ ძალადობას გულისხმობს, მათ შორის გარყვნილი ქმედებას, ან ნაადრევი ქორწინებას. 

ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეები  

სტატისტიკის პარალელურად კი საზოგადოება პრაქტიკულად ყოველდღიურად იგებს მოზარდებზე სექსუალირ ძალადობის შემაძრწუნებელ ფაქტებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არასრუწლოვანებზე მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იძალადეს. ბოლოს მომხდარ სამ შემთხვევაზე კი მოზარდი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით ორ შემთხვევაში მამა დააკავეს, მესამე შემთხვევაში კი - მამინაცვალი.

9 მაისს სამეგრელოში უმძიმესი დანაშაული გამომჟღავნდა. 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით  მისი მამა დააკავეს, თუმცა გამოძიება მოზარდის გაუპატიურებაში ასევე მის მეზობელ ახალგაზრდა მამაკაცს ადანაშაულებს. 

მერვეკლასელი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა რამდენიმე დღის განმავლობაშ იმალებოდა. პოლიციამ მის გარდა ასევე დააკავა 25 წლის მამაკაცი, რომელსაც ამავე გოგონას სისტემატიურ გაუპატიურებაში ედება ბრალი. თუმცა, არსებული ინფორმაციით, გოგონამ თავის ჩვენებაში მოძალადედ მხოლოდ მამა დაასახელა.

დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. დედამ მას წერილი უპოვა, სადაც წერდა, რომ სიცოცხლე აღარ სურს, რადგან მამა მასზე 5 წელია ძალადობს. 

როგორ გავიდა გამოძიება ასევე მეზობლის კვალზე, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები ამ შოკისმომგვრელ საქმეზე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ გოგონა მამის მხრიდან ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა. იგი შვილს მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ამ ფაქტის შესახებ ვინმესთან მოჰყვებოდა. 

ოჯახს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც, ადგილობრივების ინფორმაციით,  მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან. პოლიციაში კი გოგონას ბაბუამ დარეკა და სამართალდამცველებს სიძის მძიმე დანაშაულის შესახებ შეატყობინა.   

რაც შეეხება დაზარალებულს, მოზარდს ექსპერტიზა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგებიოს თანდასწრებით ჩაუტარდა.       

აპრილში კი კახეთში არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ორი უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა. კახეთის ერთ სოფელში  50 წლამდე მამაკაცი 15 წლის შვილს, ადგილობრივების თქმით, სისტემატურად აუპატიურებდა. მეორე შემთხვევაში კი 14 წლის გოგნა მამინაცვლის მხრიდან გაუპატიურების მსხვრეპლი არაერთხელ გახდა. ორივე შემთხვევაში პოლიციამ მოძალადე მამაკაცები დააკავა. 

15 წლის გოგონას შემთხვევაში დანაშაულს თვითმხილველიც ჰყავს - არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა როგორ ძალადობდა მამა მის დაზე. სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს სისტემატური ხასიათი ჰქონდა და ამის შესახებ შესაძლოა დედასაც სცოდნოდა. 

საზარელი დანაშაულის შესახებ კი პოლიციას სკოლიდან აცნობეს მას შემდეგ, რაც დირექტორმა სკოლაში ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი მოისმინა. როგორც სკოლაში ამბობენ, გოგონაზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუმცა რაღაც ეჭვები არსებობდა. ამიტომაც მათ ფაქტის გადამოწმების მიზნით პოლიციას აცნობეს. 

კახეთში გაუპატიურების კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი კი  14 წლის მოზარდ გოგონას უკავშრდება. ბავშვი სექსუალურ ძალადობაში მამინაცვალს ადანაშაულებს. სავარაუდო ძალადობის ფაქტი სამართალდამცველებს გოგონას მეგობარმა ბიჭმა შეატყობინა.

დაზარალებული ორი წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მასზე საკუთარ ოჯახში დაბრუნების შემდეგ იძალადეს. მოზარდის დედა ყვება, რომ ქმრის მხრიდან საეჭვო ქმედება მას არასდროს შეუნიშნავს. ფაქტის შესახებ კი თავადაც პოლიციისგან შეიტყო.

დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ბრალით ორივე მამაკაცი  დაკავებულია. თავად მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს და მკურნალობის კურსები დაუნიშნეს, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც.    

რატომ გაიზარდა პედოფილიის  ფაქტები 

ფსიქოლოგი ნანა ჩხეიძე ბოლო დროს პედოფილიის გახშირებულ ფაქტებს და ბავშვზე სექსუალური სახის ძალადობას სხვადასხვა მიზეზებით ხსნის და პირველ რიგში ამას ბავშვს და მშობლებს შორის არ არსებულ კომუნიკაციას აბრალებს. ფსიქოლოგი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პედოფილის მხრიდან ხშირად ყველაზე მოწყვლადი ის ბავშვები ხდებიან, რომელთა მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან, ან ბავშვვებთან არ აქვთ მჭიდორ ურთიერთობა და არაფერი იციან ბავშვების განცდების, ემოციებისა და პრობლემების შესახებ.   

„ბოლო წლებია ქვეყანაში ამ მხრივ ძალიან მძიმე სიტუაციაა და პრობლემა ძალიან მრავალხმრივია. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო ფაქტების მიხედვით ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული თავად მამაები გახდნენ. ეს კი კიდევ უფრო  მძიმე სურათს იძლევა და ამ მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. 

„არ არის საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი და ევროპის სხვა ძალიან განვითარებულ ქვეყნებში ეს სტატისტიკა უფრო დიდია. საქართველოს შემთხვევაში პრობლემის პირველი გამომწვევი მიზეზი ჩვენი ტრადიციაა და ამ თემაზე საუბრის აკრძალვა. ბავშვებმა კი არა, მშობლებმა არ იციან რა არის სექსუალური განათლება და როგორ უნდა ესაუბრონ ამაზე  ბავშვებს. პირველ რიგში, ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მათი ნებართვის გარეშე არავის აქვს უფლება - არც მამას, არც ბაბუას და არც ახლობლებს - მათ კონკრეტულ ადგილებში შეეხონ.

„ბავშვს უნდა ვასწავლოთ საუთარი პირადი სივრცის დაცვა. არ არის საჭირო ყველას კალთაში ჩაუსხდნენ, მისცენ მოფერების უფლება და ა.შ. ჩვენს კულტურაში, სამწუხაროდ, ეს გვაქვს და შესაცვლელია. 

„პედოფილი საკმაოდ კარგი მანიპულატორია და მან იცის ბავშვის ფსიქიკა როგორ მართოს. ხშირად ამას აკეთებენ ისეთ ბავშვებთან, რომლებიც მშობლების მხრიდან ნაკლებ ყურადღებას იღებენ, რომელთაც არ უსმენენ და მათი ცხოვრებით არ ინტერესდებიან. მოძალადე ზუსტად ამ კუთხით უდგება ბავშვს. მას არწმუნებს, რომ მისი მშობლებისგან განსხვავებით ის არის მნიშვნელოვანი პირი, რომელიც უსმენს და რომელსაც უყვარს. ბავშვებს ეუბნებიან, რომ ეს მათი საიდუმლო იყოს. ბავშვებს კი ასეთი საიდუმლოებები უყვართ და სწორედ ამით მანიპულირებენ. ამიტომ ვამბობთ ფსიქოლოგები, რომ აუცილებელია ბავშვთან მშობლებს დღის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ“, - ამბობს ფსიქილოგი „რეზონანსთან“. 

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია   

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათი შვილი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლია, ნანა ჩხეიძე ამბობს, რომ ბავშვში შეიძლება ბევრი ცვლილება დაიწყოს, რაც დაკვირვებულ მშობელს არ უნდა გამორჩეს.

„პირველი საგანგაშო ნიშანია, როცა ბავშვი ამჟღავნებს ასაკისთვის შეუფერებლი ცოდნას  სექსუალური ცხოვრების შესახებ. როდესაც შევამჩნევთ, რომ ბავშვი ამაზე საუბრობს და ამ თემაზე უფრო მეტი იცის, ვიდრე მშობელი ესაუბრებოდა, ამის გამოკვლევა უნდა დაიწყოს - საიდან იცის ამდენი. 

„გარდა ამისა, ასეთ დროს  ბავშვები განსაკუთრებით ხშირია დედასთან გაუცხოება. ისინი ხშირ შემთხვევაში დედას ადანაშაუალებენ იმაში, რომ მან ვერ დაიცვა. 

„ასევე შეიძლება იყოს უცნაური ჩაცმის სტილი, რომელიც ხაზს უსვამს მის სექსუალობას, იმიჯის რადიკალური და ბავშვისთვის შეუფერებლი ცვლილება, იწყებს  ჩაკეტვას...

„არ ყვება დღის განმავლობაში სკოლაში მომხდარ ამბებზე, არ გვესაუბრებათ და არ გისვამთ კითხვებს - ესე იგი მან უკვე იპოვა ვიღაც, ვისაც ამ ემოციებს უზიარებს. ამ დროსაც უკვე დაიწყონ მშობლებმა გამოკვლევა, თუ ვინ არის ეს ადამიანი. 

„სექსუალური მოძალადე ხშირად ოჯახის ახლობელი, მასწავლებელი, მეზობელი, ნათესავი და მშობელიც კი არის. ამიტომ მუდმივად ვიყოთ გახსნილები ბავშვებთან, რომ მათ ამის შესახებ მოგვიყვნენ. ბავშვმა რომ ეს ამბავი გადმოგვცეს, პირველ რიგში მას ამის საკმარისი ლექსიკაც კი არ აქვს. მან არ იცის ეს რას ნიშნავს. ამიტომ რცხვენია, ეშინია და ა.შ. თუკი მას მშობლების მიმართ ნდობა ექნება და არ შეეშინდება ასევე მათი განკიცხვის, ის ამაზე ისაუბრებს“, - ამბობს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×