ნაზი ბერიძე
15.05.2023

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოსთვის როგორც კომერციული ისე სოციალური მნიშვნელობა აქვს. როგორც ვიცე პრემიერმა ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველო პრიორიტეტს მიანიჭებს ისეთ ავიაკომპანიებს რომლებიც შეესაბამება იკაოს მოთხოვნებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე არ დიშვებიან სანქცირებული ავიაკომპანიები. ჯერჯერობით ავიამიმოსვლის თაობაზე სამ განაცხადს განიხილავენ.

„გადაწყვეტილება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვითაა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ დაიშვებიან ამ ქვეყნის ბაზარზე. საქართველოს გადაწყვეტილებაც ასეთია. ჩვენ როგორც სანქცირებულ კომპანიებს გამოვრიცხავთ, ასევე ევროკავშირს აქვს კომპანიების ე.წ.შავი სია, რომლებიც სანქცირებულები არიან, - განაცხადა დავითაშვილმა

„ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს" მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ბორტები, რომელსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ სერვისზე და მომსახირებაზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. აქედან გამომდინარე, ყველა იმ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, საშუალებას მივცემთ განაახლონ ფრენები იმ მიმართულებით, სადაც ეს შესაძლებელი იქნება და საიდანაც მოთხოვნა იქნება. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. მოთხოვნა არის როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან"-თქვა დავითაშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე,"რეზონანსს" რუსეთთან ფრენების აღდგენის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე ესაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის არღვევდა იკაოს ნორმებს და ამასთანავე რუსული თვითმფრინავები მაინც და მაინც ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო არ უნდა იყოს.

„რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება უარესდება უფრო და უფრო იკლებს რუსეთში წამსვლელთა მსურველთა რიცხვი. რაც შეეხება უსაფრთხოებას, საქათველოს უსაფრთხოებას უფრო ექმნება საფრთხე, რუსეთის მიზანი არის გაიზარდოს მისადმი სიმპათიით განწყობილ ადამიანთა რაოდენობა.

„რუსეთმა ამ შემთხვევაში თითქოს გააუქმა სავიზო რეჟიმი და გააუქმა აკრძალვა პირდაპირი ფრენების შესახებ. აქ მიზანი რა არის, რომ როდესაც რუსეთმა დაინახა რომ ევროკავშირმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან გააუქმა, ბუნებრივია, გაიზარდა ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა, რუსეთს უნდოდა ჩვენება რომ რუსეთი არანაკლებ ლოიალური ქვეყანაა და მანაც გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.

„რაც შეეხება კომერციულ ბენეფიტებს საქართველო უფრო მეტად გახდება რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული, ეკონომიკურად დამოკიდებულება კი ზრდის რუსეთზე პოლიტიკურ დამოკიდებულებას. თვითონ ის ფაქტი, რომ შარშან რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურმა ბრუნვამ გადააჭარბა 2 ნახევარ მილიარდ დოლარს, გაიზარდა რუსეთიდან გადმორიცხვების ოდენობა, გაიზარდა რუსი უცხოელი ვიზიტორების რიცხვიც. სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის ზრდა კარგია, მაგრამ თუ ეს ქვეყანა პატივს სცემს შენს ქვეყანას შენს ტერიტორიულ სუვერენიტეტს.

„ფრენების აღდგენა საფრთხის შემცველი არის, იმ კუთხით, რომ რუსეთს არ მიეწოდება შესაბამისი მოწყობილობები, მათ შორის ნაწილები თვითმფრინავებისთვის. აქედან გამომდინარე, პრობლემაა თვითონ თვითმფრინავის გამართულობა, რუსეთ საქართველოს ფარგლებში თუ შესრულდება რეისები, შეიძლება ტრაგიკულ შემთხვევას ჰქონდეს ადგილი.

„რაც შეეხება სანქცირებულ თვითმფრინავებს უნდა შესწავლილ იქნეს თუ რომელი კომპანიები არის სანქცირებული, რომელ თვითმფრინავებს ეკრძალებათ საერთაშორისო ფრენების განხორციელება, იმ კომპანიების კუთვნილი თვითმფრინავები ქართულ აეროპორტებში, მათ შორის ქუთაისის თბილისის და ბათუმის აეროპორტებში, არ უნდა დაუშვან.

„იკაოს მოთხოვნებს რაც შეეხება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოთხოვნებს რუსეთი არ ასრულებს. იკაოს სტანდარტების მიხედვით, არსებობს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი და საჰაერო სივრცის სამართალი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საჰაერო სივრცე ვრცელდება სახელმწიფოს არსებული ზედაპირიდან არსებულ საჰაერო სივრცეზე, სადაც ის ქვეყანა მდებარეობს.

„საქართველოს ტერიტორიის ზემოთ 10 ათასი მეტრი იქნება, ის არის საქართველოს ტერიტორია, ის არის საქართველოს კუთვნილი საჰაერო სივრცე, მაგრამ მუდვიმად ხდება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა რუსული ავიაკომპანიების მიერ, როდესაც ისინი სოხუმის მიმართულებით აწარმოებენ ფრენებს. რუსეთი ამ შემთხვევაშიც ხშირად არღვევდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს., საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს საერთაშორისო საჰაერო სივრცის ფარგლებში" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×