ელზა პაპოშვილი
12.05.2023

უმძიმესი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში  -  ახალსოფელში, სავარაუდოდ 21 წლის ბიჭს დედის და ძმის დაცვის დროს მამა შემოაკვდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 45 წლის მამაკაცი ცოლზე და არასრუწლოვან 17 წლის შვილზე  სისტემატიურად ძალადობდა. 

მათი ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი მუდმივად დედის და ძმის დაცვას ციდილობდა და ტრაგედიაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მოხდა - ბიჭმა მამას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. 

ადგილობრივები პროკურატურისგან ბრალის გადაკვალიფიცირებას და შემსუბუქებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ბიჭმა ამით დედის და ძმის სიცოცხლე გადაარჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდი უბედურება მოხდებოდაო. ბიჭს ადვოკატი არ ჰყავს, ამიტომ სოფელი მისთვის ადვოკატის აყვანას აპირებს. ის პოლიციას თავად ჩაბარდა  და სამართალდამცველებს დეტალურად მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.   

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე 11 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.     

გარდაცვლილის ცოლი თანასოფლელების ნაამბობს ადასტურებს. ამბობს, რომ მისი ქმარი სახლში სისტემატიურად ნასვამი მიდიოდა და ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდა. ამჯერადაც, სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ქმარი შვილებისკენაც გაიწია და მათ გამოწვევევას ცდილობდა.

„გუშინ ნასვამი მოვიდა, ისვე ჩხუბი უმიზეზოდ დაიწყო. ამის მომსწრენი ჩემი შვილები გახდნენ. შემდეგ კი ჩემზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. დაიწყო სახლის ლეწვა, ბავშვები მის შეჩერებას ცდილობდნენ.  შემდეგ ბავშვებზეც საცემად გაიწია. ორჯერ სახლიდან გავედი იმ იმედით, რომ დაწყნარდებოდა ან დაეძინებოდა, მაგრამ არ გაჩერდა, არ დამშვიდდა. ეუბნებოდა, მოდი აბა, დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო. ბავშვი მდგომარეობიდან გამოიყვანა. ფაქტობრივად თავს იცავდა. ჩემი თხოვნაა, რომ მას ბრალი შეუმსუბუქონ,“ - ამბობს გარდაცვლილის ცოლი.    

ახალსოფლის მოსახლეობა და გარდაცვლილი ოჯახი მძიმე ბრალდებით დაკავებული კაცის გათავისუფლებას ითხოვს. ამბობენ, რომ 21 წლის ბიჭი იძულებული გახდა, მამა სასიკვდილოდ გაემეტებინა, რადგან ის, მისი მცირეწლოვანი ძმაც და დედაც, მამის მხრიდან სისტემატიურად იყვნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. 

„უნდა გაითვალისწინონ, რომ ბიჭმა ყველა გადაარჩინა ოჯახში და უნდა გამოუშვან. მძიმე დღეები ჰქონდა მამის ხელში გავლილი, იძლებული გახდა, გვეცოდება მთელს სოფელს და უნდა გამოუშვან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვი არ გაიწიროს. ისედაც უვარგისი მამის ხელში, ასეთი მძიმე ბრალდებით ციხეში რატომ უნდა იჯდეს წლები? მან ამით დედა და ძმა გადაარჩინა. ჩვენც არაერთხელ ჩავრეულვართ და გაგვიშველებია. ცოლზე ძალადობდა მუდმივად. ბიჭი დედის და ძმის დაცვას ცდილობდა. პოლიციას თავად მივიდა და დანაშაული აღიარა. არსად არც გაქცეულა და არც მიმალულა. ბავში აიძულა, მდგომარეობიდან გამოიყვანა,“ - ამბობენ სოფელში.    

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს,  რომ ოჯახში მუდამ ჩხუბი იყო, შვილები დედის დაცვას სისტემატიურად ცდილობდნენ მამისგან და ამჯერად შვილს გაშველების დროს მამა შემოაკვდა.

„ოჯახური ძალადობა იყო, რომ დალევდა, ეშინოდათ შვილებს და ცოლს. ნასვამი ყოფილა, ცდილობდა ცოლი მოეკლა და გაშველების დროს ეტყობა, შვილები ჩაერივნენ და რომელიღაცა მათგანს შემოაკვდა. ოჯახის  წევრებს და ცოლს გამუდმებით ემუქრებოდა და სულ კახა აშველებდა. მაგრამ ახლა ვეღარ გააშველა და შემოაკვდა მამა. ძალიან გვეცოდება. ადვოკატი არ ჰყავს და ვაპირებთ ჩვენ ავუყვანოთ. ასეთი კარგი ოჯახი რომ გაქვს კაცს და ვერაფრით წყნარდები, არ ვიცი რა შეიძლება ითქვას. ადრე ციხეში რამდენჯერმე იჯდა. ნევროზი ჰქონდა და თავს ვერ იკავებდა. ხან უმკურნალეს, ხან, რა მაგრამ მაგ კაცის დამშვიდებას საშველი არ დაადგა. ამიტომ ეს ამბავი უნდა გაითვალისწინონ, მთელი სოფელი მას გვერდით დავუდგებით“, - ამბობს კიდევ ერთი სოფლის მაცხოვრებელი.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×