ელზა პაპოშვილი
09.05.2023

უმძიმესი დანაშაული სამეგრელოში - 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით  მისი მამა დააკავეს, თუმცა გამოძიება მოზარდის გაუპატიურებაში ასევე მის მეზობელ ახალგაზრდა მამაკაცს ადანაშაულებს. მერვეკლასელი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა რამდენიმე დღის განმავლობაშ იმალებოდა. პოლიციამ მის გარდა ასევე დააკავა 25 წლის მამაკაცი, რომელსაც ამავე გოგონას სისტემატიურ გაუპატიურებაში ედება ბრალი. თუმცა, არსებული ინფორმაციით, გოგონამ თავის ჩვენებაში მოძალადედ მხოლოდ მამა დაასახელა.

დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. დედამ მას წერილი უპოვა, სადაც წერდა, რომ სიცოცხლე აღარ სურს, რადგან მამა მასზე 5 წელია ძალადობს. 

როგორ გავიდა გამოძიება ასევე მეზობლის კვალზე, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები ამ შოკისმომგვრელ საქმეზე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ გოგონა მამის მხრიდან ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა. იგი შვილს მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ამ ფაქტის შესახებ ვინმესთან მოჰყვებოდა. 

ოჯახს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც, ადგილობრივების ინფორმაციით,  მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან. პოლიციაში კი გოგონას ბაბუამ დარეკა და სამართალდამცველებს სიძის მძიმე დანაშაულის შესახებ შეატყობინა.   

რაც შეეხება დაზარალებულს, მოზარდს ექსპერტიზა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგებიოს თანდასწრებით ჩაუტარდა.    

„უმძიმესი ფაქტი მოხდა. არ ვიცი ამ წლების განმავლობაში დედამ როგორ ვერ შეამჩნია რა ხდებოდა. როგორ, ერთხელ მაინც 5 წლის მანძილზე ეჭვი არავის გაუჩნდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო?! გამორიცხულია ბავშვის ქცევა და ემოციური მდგომარეობა ამ დროს არ შეიცვალოს. 

გოგონამ თვითმკვლელობა სცადა და დედამ მიუსწრო. ამის შემდეგ გახმაურდა ამბავი. ბავშვს წერილი დაუწერია. წერდა, რომ ამ საზარელი დანაშაულის გამხელა არავისთვის შეეძლო. რცხვენოდა და თანაც მამის ეშინოდა, რომელიც მოკვლით ემუქრებოდა. 

ბაბუამ დარეკა პოლიციაში და სიძის შესახებ განაცხადა. მოვიდა პოლიცია და მამა უკვე სახლიდან გაქცეული დახვდათ. ახლა გავიგეთ, პოლიციას უკვე უპოვია და დაკავებულიაო. არ ვიცით, უმძიმესი ფაქტია. 

რაც შეეხება მეზობლის ბიჭს, როგორც ვიცი გოგოსთან მეგობრობდა. უყვარდათ ერთმანეთი თუ როგორ იყო, არ ვიცი. მათ შორის მოხდა რამე და ეს ბიჭიც ძალადობდა თუ არა, მაგას თავად გოგო არ ადასტურებს. ეს ბიჭი, მამისგან განსხვავებით, არც გაქცეულა და არც მიმალულა, ბოლო წუთამდე აქ, სოფელში იყო“, - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.   

დაზარალებულის ბებია მედიასთან ასევე აცხადებს, რომ მისი შვილიშვილი მეზობელი ახალგაზრდას მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ბიჭი მისი მეგობარია.  

„ბავშვი ამბობს, რომ მარტო როცა რჩებოდნენ, მამა ძალადობდა თურმე. მეზობელზე  ამბობს, რომ ის მისი მეგობარია  და არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ. მეზობელი რატომ დაიჭირეს, არ ვიცი“, - თქვა მოზარდის ბებიამ. 

ბიჭის დასაკავებლად სოფელში სპეცოპერაცია ჩატარდა, თუმცა დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ბრალდება გამოგონილია:

"სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა პოლიციას ადგილიდან არაფერი წაუღია. მითხრეს, რომ წავიყვანთ და უკან გამოვუშვებთო. ოჯახს ვიცნობთ. ჩემი შვილიშვილი ის ადამიანი არაა, ეს ეკადრებინა. პირიქით, ბავშვთან მეგობრობდა და ეს გამორიცხულია“, - ამბობს დაკავებულის ბებია. 

დაკავებულის ბაბუის თქმით კი, ოჯახებს შორის ნათელ-მირონია და ბავშვი სტუმრად მათთან მამას მოჰყავდა. 

„ნათლიობაა. გოგო ჩვენთან ხშირად არ მოდიოდა. მეგობრობდნენ. მამამის ჰყავს ტრაქტორი და როცა აქ ამოდიოდა, ბავშვიც მოჰყავდა. კარგი ურთიერთობა გვქონდა, სხვა არაფერი მომხდარა“, - ამბობს დაკავებული ახალგაზრდას ბაბუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×