ელზა პაპოშვილი
05.05.2023

გუშინ ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის რამდენიმე ვერსია ვრცელდება. გიჩო მარგველაშვილზე თავდამსხმელის ახლობლები, რომელიც  დაცვამ ადგილზე  მოკლა,  მომხდარის ვერსიებზე საუბრობენ. მათი თქმით, საბა გახოკია არ იყო კრიმინალური ავტორიტეტი და არც რაიმე ურთიერთობა ჰქონდა ვერის საძმოსთან. ის სამშენებლო მასალების ბიზნესს ფლობდა. ამიტომ მცდარია ვერსია, თითქოს მას მარგველაშვილის მკვლელობა ვინმემ დაუკვეთა. 

ერთ-ერთი ვერსიით, საბა გახოკიასა და გიჩო  მარგველაშვილს შორის არსებული კონფლიქტი ფულს უკავშირდება. დავის ვერ გადაწყვეტის შემდეგ კი გახოკიამ მარგველაშვილის მოსაკლავად მიაკითხა. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც გახოკიამ მარგველაშვილის მკვლელობა შურისძიების  მოტივით განიზრახა. ვერელები ამბობენ, რომ 20 წლის წინ საბა გახოკია და გიჩო მარგველაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც მარგველაშვილმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ისინი ამ სისხლიან ანგარიშსწორებას სწორედ წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებენ.  

„ჩვენი ვერსია ისაა, რომ საბასა და გიჩას შორის წარსულში კონფლიქტი მოხდა. მაშინ გიჩომ ის დანით დაჭრა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ამის შემდეგ, როგორც ვიცით, მას შურისძიების მოტივი ნამდვილად ჰქონდა. არანაირი საძმოს წევრი და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი საბა არ ყოფილა. მკვლელობაც არავის დაუკვეთია. ეს იყო 20 წლის წინანდელი დაწყებული დაპირისპირების  გაგრძელება. სამწუხაროდ არავინ იცოდა, რომ მას ეს განზრახული  ჰქონდა, თორემ გადავაფიქრებინებდით. საბა იყო ბიზნესმენი და სამშენებლო მასალების  ბზინესი ჰქონდა. მას მოკვლა რომ სდომოდა,  მოკლავდა, მაგრამ კადრებიდანაც ჩანს, რომ მისი მოკვლა არ სურდა და ფეხებში ესროლა. დაცვამ კი არ დაინდო და ადგილზე მოკლა. ეს არის უმძიმესი ამბავი. მას ფეხებში ესროლა მხოლოდ და მერე ტერიტორიას გაეცალა, თუმცა ვერ მოასწრო. ამით მის გამართლებას არ ვციდლობ, მაგრამ ფაქტია მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა“, -ამბობს „რეზონანსთან“ მოკლულის ახლობელი.  

ვერელები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ დაპირისპირება ჯერ რესტორანში დაიწყო და ამის შემსწრე ბევრია. კონფლიქტის მიზეზად კი ისინი ფულს და ბიზენსწილებს ასახელებენ. 

„საქმე ეხება დიდ ფულს, რა 20 წლის  წინ დაწყებული კონფლიქტი. ჯერ რესტორანში იჩხუბეს და მერე ეს მოხდა. საქმე  ეხება დიდ ფულს და ბიზნესწილებს. როცა ძველ ბიჭებთან საქმეს დაიჭერ,  ასე ხდება. ეს საბა რაღაცა ფულს ედავებოდა ამ გიჩოს. დიდ ფულში გადაუგდია და ამაზე დაობდნენ. ფაქტია მისი მოკვლა არ სურდა, ყველა კარგად ხედავს ფეხებში როგორ ესვრის. მისმა დაცვამ კი, რომელიც პროფესიონალი აღმოჩნდა,  პირდაპირ გულ-მკერდში ესროლა. ესაა სიმართლე და არანაირი სხვა ვერსია აქ არ არის“, - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება საბა გახოკიას მკვლელობისთვის დაკავებულ პირს, ეს კახაბერ კამლაძეა. მას შსს-მ ბრალი უკვე წაუყენა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი არარეგისტრირებულ იარაღს ფლობდა. მას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ მარგველაშვილი დაეცვა, რადგან  მისი ნათესავის დაცვის წევრი იყო. საიდან ფლობდა დაურეგისტრირებელ იარაღს ვიცე-პილკოვნიკი, ამაზე მას გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. როგორც მამაკაცის მეზობლები ამბობენ, ის წლების განმავლობაში პოლიციაში მუშაობდა, ასევე ედვარდ შევარდნაძის დაცვის წევრი იყო. ახლა რას საქმიანობდა, მათთვის უცნობია. შსს-მ მას კამლაძეს ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენა და ასევე იარაღის უკანონო ტარებას ედავება. 

თავად დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მდგომარეობა, მედიკოსების თქმით, ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ის ჯერჯერობით კვლავ ხელოვნურ კომაში იმყოფება. მამამის გოგი მარგველაშვილს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის რექტორია, მომხდარზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა და მომხდარს ვერც პირად შურისძიებას უკავშირებს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×