ელზა პაპოშვილი
04.05.2023

„რეზონანსისთვის“ ცნობილი ხდება კაცის ვინაობა, რომელიც ნათესავი ქალის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. თეიმურაზ ბუთხუზს ბიძაშვილის, მარიამ ბუთხუზის მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან ნათესავ ქალს სახლში მიაკითხა, კონფლიქტის შემდგე კი ელექტროშოკით აწამა და ხელკეტით სასტიკად სცემა. ქალმა ძალადობას ვერ გაუძლო და სახლშივე დაიღუპა. 

დაღუპული ქალი თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ქმარს იყო გაშორებული და ნათესავები ხშირად სტუმრობდნენ. სახლიდან კონფლიქტის და დაპირისპირების ხმა მუმდივად ისმოდა. მკვლელობის დღესაც ქალის ყვირილის და ჩხუბის ხმა გაიგეს, მაგრამ ამაში უცნაური არაფერი ყოფილა, რადგან მსგავსი ფაქტები მათი თქმით ხშირი იყო. 

მეზობლებმა მკვლელობის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა. ეჭვმიტანილი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. თუმცა მოგვიანებით, ადვოკატის მისვლის შემდეგ, მკვლელობა უარყო და დუმილის უფლებას იტოვებს.  

ქალის დასახიჩრებული სხეული სახლში პოლიციამ  და ოჯახმა მას შემდეგ იპოვა, რაც თეიმურაზ ბუთხუზმა ოჯახს თავად დაურეკა. მან ქალის ძმას და მშობლებს უთხრა, რომ ქალი გულის შეტევით დაიღუპა და სახლში გარდაცვლილი იპოვა. პოლიცია მკვლელის კვალზე ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე გავიდა, რომლებმაც მამაკაცი ქალთან მისული ბოლოს ნახეს. 

„საშინელი ამბავი მოხდა. გოგო გუშინ დაკრძალეს. საშინელება ხდება მის ოჯახში. ალალი ბიძაშვილია, რა უნდოდა, გოგოს რას ედავებოდა, ოჯახმა არ იცის. ცხედარი სულ დასახიჩრებული იყო. ასო-ასო იყო აჭრილი. უწამებია იმ არაკაცს. ასე ცემაში და წამებაში შემოაკვდა. გული გაუჩერდა. 40-მდე დაზიანება ჰქონდა სხეულზე, სახეზე მიყენებული. ოჯახი შოკშია, საუბარი ყველას უჭირს. რა მოხდა, რამ გააბოროტა არ ვიცით. პატარა ბავშვი დარჩა. უკარგესი ოჯახი აქვს. მშობლებთან კავშირზე რომ არ გავიდა, პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცველები ბინაში მივიდენენ და ეს საზარელი სურათი დახვდათ. ბოლოს ვინც სახლში მისულა, ეგ ყოფილა. სხვა ჩვენც არაფერი ვიცით. თავად დაურეკავს და უთქვამს, გულის შეტევით დაიღუპა და მე ვიპოვეო. პოლიციამ რომ ნახა და ოჯახმა, საშინლად იყო ნაწამები. სახლი დაულაგებია და მტკიცებულებები გაუნადგურებია. მარა პოლიციაი დაკითხვის დროს აღიარა. კამერის ჩანაწერები არსებობს და მოწმეები, ვინც დაინახა სახლში როგორ შევიდა, გამოვიდა და მერე ისევ უკან დაბრუნდა“, - უყვება „რეზონანს“  ქალის ახლობელი.  

მეზობელი ამბობს, რომ დაღუპული ქალის სახლიდან კამათის და ჩხუბის ხმა ისმოდა-ხოლმე. 

„ხშირად მოდიოდნენ და არ ვიცი, რაღაცაზე ჩხუბობდნენ. ვისთან ჰქონდა კონფლქტი და რატომ, არ ვიცით. ადრე ჩემთანაც მოვიდა და გარკვეული თანხა მთხოვა. მითხრა, მჭირდება და მასესხეო. სხვა ასე არაფერი ვიცით. იმ დღესაც ქალის ჩხუბის ხმა გავიგეთ, მაგრამ ჩვეულებრივ ამბად ჩავთვალეთ. ყურადღება არავის მიუქცევია. მერე პოლიცია მოვიდა და მივხდვით, რაღაცა მოხდა. გვითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს. მერე გავიგეთ, რომ ბიძაშვილს მოუკლავს“, - ყვება „რეზონანსთან“ მეზობელი.           

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×