ელზა პაპოშვილი
03.05.2023

ცნობილი გახდა ვინ არის მამაკაცი, რომელსაც სამშაბათს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ესროლეს. დამირ კირცხალია საკუთარი სახლის კართან იდგა, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს. არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცს თავს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დაკვეთით დაესხნენ. ის წარსულში ნასამართლევია და როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, თავადაც ე.წ. კრიმინალური დაჯგუფების წევრია. 

მისი სახელი და გვარი წლების წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. მაშინ სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოძალვის და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის დააკავეს. მათ შორის იყო დამირ კირცხალიაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის თანამზრახველებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტის დავით ქარსელაძის, იგივე „კალატოზას“ მითითებით მოქმედებდა. 

როგორც წყარო „რეზონანსს“ უყვება, კირცხალიას თავდასხმამდე ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან კონფლიქტი მოუვიდა და შესაძლოა მისი მკვლელობის მცდელობაც სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცი წლების განმავლობაში ამ ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 

კირცხალიას სამშაბათს შუადღისას ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი შავი ფერის ავტომობილიდან 4 ჯერ ესროლეს. მას ტყვია ფეხში, ხელში და ბეჭში მოხვდა და თავს გაქცევით უშველა, სახლის ეზოში შესვლა მოასწრო. 

„წლების წინ ის სპეცოპერაციის დროს დააკავეს. არის ე.წ. გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი და საძმოს წევრი. ადრე „კალატოზას“ ახლო გარემოცვის წევრი იყო და სავარაუდოდ, მასზე თავდასხმა სწორედ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გარჩევას უკავშირდება.

„სახლის წინ ელოდებოდნენ და როგორც კი გამოვიდა, სროლა აუტეხეს. მაშინვე გაიქცა და ასე გადარჩა. ხელში და ზურგში მოახვედრეს. შავი „ჯიპი“ იყო, სულ დაბურული. ტყვია მეზობლის ავტომობილსაც მოხვდა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს. 

„წინა დღეებში ვიღაცასთან კონფლიქტი მოსვლია. სავარაუდოდ, რომელიღაც გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს დაუპირისპირდა, რის გამოც მისი მოკვლა გადაწყვიტეს. წლებია აქ ცხოვრობს ოჯახთა ერთად. ადრე ციხეშიც იჯდა და გამოვიდა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

რა მოტივით გაუსწორდნენ  კირცხალიას, ოფიციალურად ცნობილი ჯერ არ არის. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. დაჭრილი დამირ კირცხალია კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმის ცნობით, პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ დასჭრიდა და მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

ფიროსმანის 6 ნომერში სამართალდამცველები რამდენადმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოიკითხნენ მოწმეები. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღო. სავარაუდოდ, პოლიციამ  დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა უკვე იცის და მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. 

დამირ კირცხალიას დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×