ელზა პაპოშვილი
22.04.2023

ჯერჯერობით კვლავ უცნობია თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტობუსში ახალგაზრდა მამაკაცმა 70-წლამდე პენსიონერი რატომ დაჭრა. მის გადარჩენას მედიკოსები ამ დრომდე ცდილობენ. უცნობმა პირმა მოხუცს დანით რამდენიმე ჭრილობა მოუოდნელად მხარის არეში მიაყენა. ხალხის ყვირილის ხმაზე ავტობუსის მძღოლმა ტრანსპორტი გააჩერა. 

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ გაჩერებაზევე  დააკავა. ხოლო მოხუცი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს. მას ადგილზე მგზავრებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. არსებული ინფორმაციით, ავტობუსში ასულმა ახალგაზრდამ ტრანსპორტის დაძვრიდან რამდენიმე წუთში სკამზე მჯდომი მოხუცს დანით ჭრილობები მიაყენა.  

„ხალხი მეძახდა ავტობუსი გააჩერე კაცია დაჭრილიო. ავტობუსი სავსე იყო და ყველაფერი უკან მოხდა. არც ჩხუბის, არც კონფლიქტის ხმა არ ყოფილა. ეს კაცი უკვე ავტობუსში იჯდა. ახალგაზრდა ბიჭი ამოსულა და მის უკან დამდგარა, როგორც კი ავტობუსი დავძარი, სადღაც წერეთლის მეტროდან, მაშინვე ყვირილის და ჩოჩქოლის ხმა გავიგე. 

„გავაჩერე ავტობუსი, დავინახე ხნიერი კაცი, რომლესაც მგზავრები მხარს  უხვევდნენ. ამბობდნენ, რომ ბიჭმა დაჭრა. მაშინვე პოლიციაც მოვარდა. იქვე წერეთელზე პოლიციის შენობის წინ გავაჩერე. ეს ბიჭი დააკავეს და იქ შეიყვანეს. კაცი კი სასწრაფომ წაიყვანა. მხარში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. სხვა არაფერი არ ვიცი. ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ“, - ყვება ავტობუსის მძღოლი, სადაც ინციდენტი მოხდა. 

კიდევ ერთი თვითმხილველი ყვება, რომ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. სავსე ავტობუსში ახალგაზრდა ბიჭი ამოვიდა, რომელიც ტრანსპორტის დაძვრისთანავე მოხუცს თავს დაესხა. მას მხარის არეში, ზურგის მხრიდან რამდენიმე ჭრილობა დანით  მიაყენა. 

„საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. როგორც ვიცი შელაპარაკებაც კი არ ყოფილა. ქალებმა ატეხეს ყვირილი რას აკეთებო და მერე კაცმაც დაიძახა მგონი დამჭრაო. მოხუც კაცს დაესხა თავს. რა იყო მიზეზი და რა მოელანდა, კაციშვილმა არ იცის. კაცი იჯდა და ის ბიჭი მის უკანა მხარეს იდგა. ალბათ, ავტობუსიის კამერების ჩანაწერებშიც ნახავენ რა მოხდა. ყველა გაოგნებული იყო, რატომ დაჭრა ვერავინ მიხვდა“, - ყვება კიდევ ერთი თვითმხილველი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×