ნაზი ბერიძე
19.04.2023

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ვისთვის იქნება სავალდებულო ბივალენტური ვაქცინა, რომელსაც ორმაგი ეფექტი აქვს და როგორია საქართველოში ეპიდვითარება - ინფექციონისტები მსჯელობენ.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ბივალენტური ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის როგორც თავდაპირველი შტამის, ასევე „ომიკრონის" ვარიანტის წინააღმდეგ.

„სავარაუდოდ, არამარტო საქართველოს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შემოდგომისთვის ექნება ბივალენტური ვაქცინა.

„გრიპის ვაქცინის მსგავსად, რისკის ჯგუფებს მას წელიწადში ერთხელ შევთავაზებთ. ამ პირობებში ჯანმო ამას თვლის ყველაზე მიზანშეწონილად. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსის ხვედრითი წილი 2,5%-მდეა" - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე თქვა, რომ ყველაზე მნიშვნლოვანი იქნება 2023-2024 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება, სადაც დადგება საკითხი, რისკის ჯგუფებისთვის გრიპთან ერთად რომელი ვაქცინა უნდა შეარჩიოს ქვეყანამ.

როგორც ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ქვეყანაში „ომიკრონის" სხვადსხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის მიმდინარეობაც არ არის მძიმე.

„ბოლო 1 თვე თვენახევრის განმავლობაში, კვირაში რამდენიმე ასეული დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და ერთეული გარდაცვალება. ეს დინამკა არ გაუარესებულა, პირიქით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება, კვირაში რამდენიმე ათეულიდან ასეულ შემთხვევამდე გვაქვს და ერთეული გარდაცვალება.

„ბოლო 2 თვეში არ აღინიშნება ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს. ქვეყანაში „ომიკრონის" სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს.

„კორონავირუსის ახალი შტამის, XBB.1.16-ის ახალი შემთხვევები საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის. ჩემი აზრით, ის იქნება „ომიკრონის" სხვა ქვეშტამების მსგავსი" - განაცხადა ალექსანდრე გოგინამავამ „კვირას" პრესკლუბში გამართულ კონფერენციაზე.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბივალენტური ვაქცინით ვაქცინირებას ალბათ ხანდაზმულ ადამიანებს და რისკ ჯგუფებს დაავალდებულებენ. თუმცა, სასურველია ვაქცინირება იყოს ნებაყოფლობითი. მთავარია მთავრობა როგორ გადაწყვეტს. ამასთანავე, ხმალაძე ინფექციების პრევენციისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.

„პირველ რიგში სავალდებულო და რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ რისკ ჯგუფს. უნდა გავითვალისწინოთ იმდროინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როცა შემოიტანენ.

„ეს არის დიაბეტის და ქრონიკული დაავადებებით ასაკოვანი ადამიანები, რომლებშიც უფრო მეტი შანსია რომ კორონავირუსის მძიმე ფორმები განვითარდეს. თუმცა, არ ვიცი როგორ გადაწყვეტს მთავრობა, სურვილისამებრ იქნება, იმედია და არა რაღაცა ძალისმიერი მეთოდებით. იმიტომ რომ მე მგონი ის მთავარი დიდი პრობლემა გადავიარეთ, თუ რამე ახალი არ დაემატა.

„თუმცა, მე საერთოდ მიმაჩნია, რომ კორონავირუსი რომც არ იყოს, მაინც ყველამ კლინიკაში უნდა იაროს პირბადეებით. მე პაციენტებზე მაქვს ლაპარაკი და ექიმები თავისთავად. პირველ რიგში ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად, პირველ ადგილზეა ჯერ პრევენცია და მერე უკვე რაღაც წამლები და რაღაც ვაქცინები. თუ არ მოხდა სწორი მენეჯმენტი ამ ყველაფრისა, უფრო მეტად გართულდება სიტუაცია და არანაირი წამალი და ვაქცინა არ გვიშველის.

„ახლანდელი ვირუსები მართვადი და კონტროლირებადია, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×