ნაზი ბერიძე
30.03.2023

საქსტატმა გამოაქვეყნა დემოგრაფიული სტატისტიკა, რომლის თანახმადაც შარშან გარდაცვლილთა რაოდენობამ ახალშობილთა რაოდენობას 7 ათასით, ანუ 16%-ით გაუსწრო, რაც, მიგრაციის გათვალისწინებით, მძიმე მდგომარეობას და ქვეყნის დეპოპულაციას განაპირობებს. როგორც დემოგრაფი ავთანდილ სულაბერძე „რეზონანსთან" ამბობს, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის პანდემია, ასევე მიგრაცია და ოჯახის ინსტიტუტის გაუფასურება.

„ამას ჰქვია დეპოპულაცია, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა აღარ იწარმოება. მოსახლეობა ბერდება, ჩვენ გვყავს 70 წელს გადაცილებული მოსახლეობის დიდი წილი.

„რაც შეეხება შობადობას, აქ მთავარი ის არის, რომ ქალები დიდი რაოდენობით არიან გასული უცხოეთში. ანუ შემცირდა იმ ქალთა რაოდენობა, ვინც უნდა იმშობიაროს და გააჩინოს ბავშვი. დამატებით, იცვლება რეპროდუქციული ქცევა. მეორე, მესამე შვილზე მოთხოვნილება მცირდება. ერთია კიდევ გარე ფაქტორი, საქართველოში დიდი ხანია შემოსულია ფასეულობები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს აკნინებს. შედეგად, ოჯახები ნაკლებად იქმნება.

„გაიზარდა ქორწინების საშუალო ასაკი, 29 წელია ქალებში და 31 მამაკაცებში. ასევე გაიზარდა პირველი ბავშვის მშობიარობის ასაკი, რაც დაახლოებით 27-28 წელია. როცა ადრე იყო 23-24 წელი. ამან განაპირობა ბავშთა გაჩენის გადავადება ზემო ასაკებში," - ამბობს დემოგრაფი

ის არასახარბიელო პროგნოზს აკეთებს და უკვე უახლოეს მომავალში მოსახლეობის კატასტროფულ შემცირების რისკზე საუბრობს.

„საქართველოში უკვე დემოგრაფიული კრიზისია, ერი არ მრავლდება. ძნელია იმის თქმა, მომავალში რა იქნება, სავარაუდოდ გაგრძელდება შობადობის შემცირება, გვეყოლება დაბერებული მოსახლეობა.

„სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ოჯახების შექმნას, დაუნიშნოს პირველი, მეორე, მესამე ბავშვის გაჩენისას მაღალი შემწეობები, შექმნას ნორმალური საცხოვრებელი პირობები, უმუშევრობა მოსპოს, და გააუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, დაძაბული პოლიტიკური პროცესებიც მიგრაციას ზრდის, რაც თავის მხრივ მოსახლეობას ამცირებს," - განაცხადა ავთანდილ სულაბერიძემ.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. ეს მაჩვენებელი შარშანდელზე 7.9%-ით ნაკლებია.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი).

„ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 37.4-იდან პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6 პროცენტიდან 33.5 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 26.6 პროცენტი. 2022 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2 პროცენტიდან 26.5 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2 პროცენტიდან 69.6 პროცენტამდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6 პროცენტიდან 4.0 პროცენტამდე გაიზარდა. 2022 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, საქსტატის ინფორმაციით. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა.

„გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (14 123 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (715 კაცი). 2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2022 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.2 პრომილე შეადგინა. 2022 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 799 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა. 2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს. 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×