ელზა პაპოშვილი
02.03.2023

ცხვრის ფარის გატაცება  და რეკეტი ე.წ. კანონიერი ქურდის დახმარებით - კახეთში, სოფელ ჩუმლაყში ნოდარ ბადუაშვილის ფერმაში 15-მდე პირი შეიჭრა, ფერმერის ოჯახის წევრებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და 1000-მდე ცხვარი გაიტაცეს. ნოდარ ბადუაშვილის და  ე.წ. კანონიერ ქურდს შორის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ფერმერის შვილმა გელა ბადუაშვილმა, რომელიც ასევე ფერმერია, საკუთარი ფერმიდან 600 ცხვარი თანასოფლელ ლევან მებაღიშვილს მიჰყიდა შეთანხმებით, რომ საქონლის ღირებულებას პერიოდულად, ყოველთვიურად მიიღებდა. თუმცა გამყიდველს ცხვრების სანაცვლოდ თანხა ვეღარ გადაუხადეს, ბადუაშვილებმა საქონლის უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, ფერმას მიაკითხეს და კუთვნილი ფარა უკან წაიყვანეს.    

გაბრაზებულმა ლევან მებაღიშვილმა კი დასახარებლად ე.წ. კანონიერ ქურდს მიმართა. ამის შემდეგ კრიმინალური გარჩევები დაიწყო. „ქურდმა“ ფერმერს და მის ოჯახს  ვერდიქტი გამოუტანა. 600 ცხვრის მაგივრად 1000-მდე ცხვარი წაართვათ. ოჯახი მედიასთან საუბარს ერიდება და არც იმ ადამიანის ვინაობას ასახელებენ, ვინც ცხვრები წაართვა. თუმცა სოფელში მომხდარს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ფერმერი მოატყუეს, რის შემდეგაც მან ცხვრების უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შემდეგ კი დაპირისპირება კრიმინალურ ავტორიტეტებთან გაგრძელდა. 

„მას შემდეგ, რაც ორმა მხარემ ერთმანეთში დავა ვერ მოაგვარა, როგორც ამბობენ, ლევან მებაღიშვილმა კრიმინალებთან მისვლა გადაწყვიტა და ცხვრების ბედი მიანდო ე.წ. ავტორიტეტებს. სწორედ ქუჩური გზით საქმის გარჩევას მოჰყვა ერთხელ გაყიდული და შემდგომ უკან დაბრუნებული ცხვრების ძალადობრივი გზით წართმევა. ამჯერად კიდევ უფრო მეტი რაოდენობით, 1000-ზე მეტი ცხვარი იარაღის მუქარითა და დაშინებით წაიყვანეს. 15-მდე კაცი მივარდა ფერმაში. ოჯახის ყველა წევრს იარაღის მუქარით წინააღმდეგობის გაწევა აუკრძალეს. ოთახში ჩაკეტეს და 1000-მდე ცხვარი გაირეკეს. არადა ფერმერი მართალი იყო, რადგან 600 სულ ცხვარი მიჰყიდა და მყიდველს კაპიკიც არ გადაუხდია. თანასოფლელია და ენდნენ. რას წარმოიდგენდნენ, რომ ამას იზამდა. კაცი მივდა და მისი კუთვნილი ცხვარი სახლში წაიყვანა. მან კიდევ საქმის გარჩევა ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაიწყო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

გამოძიებამ 7 პირის ბრალეულობა დაადგინა. დააკავა საქმეში მონაწილე ყველა მხარე. მამა-შვილ ბადუაშვილებსა და ზურაბ ბერუაშვილს გამოძიება ჯგუფურ ძარცვას, დანარჩენებს კი ჯგუფურ ძარცვასთან ერთად თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავება. ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი. ორს, გივი ტარიაშვილსა და ნოდარ ბადუაშვილს თვეზე მეტია ეძებენ.

დაკავებულებს ბრალი უკვე დაუზუსტდათ. აღკვეთ ღონისძიებად თელავის რაიონულმა სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს 4-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.            

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×