ნაზი ბერიძე
02.03.2023

მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლებმა და მშობლებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან სკოლის ავტორიზაციის შეჩერება გააპროტესტეს. ისინი სასწავლო პროცესის გაგრძელებას ითხოვდნენ და სკოლის ავტორიზაციის გაუქმების მიზეზად, პოლიტიკურ მოტივს ასახელებდნენ. ვინ, რის გამო და რატომ შეაჩერა სკოლის საქმიანობა, ამაზე სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ახმედ თურღული „რეზონანსს" ესაუბრა.

მისი თქმით, სასწავლო პროცესი საბჭომ შუა სემესტრში გაწყვიტა, არ დაელოდა მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებასაც კი და სკოლას ავტორიზაცია დაუყოვნებლივ გაუუქმა.

„მშობელთა შეკრება გვაქვს ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, მოვითხოვთ სასწავლო წლის ბოლომდე სწავლის უფლებას, ვეჭვობთ რომ ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი პოლიტიკურია," - განაცხადა თუღრულმა.

მისი თქმით, თურქეთის ახლანდელი მთავრობა „ჩაღლარის" სკოლების ქსელს ოპოზიციად მიიჩნევს.

„საქმე ისაა, რომ „ჩაღლარის" ქსელი ასოცირებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანის ყოფილი პარტნიორისა და ამჟამად მისი ოპონენტის, აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის სახელთან. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, მის მოძრაობას კი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. გიულენი ამას უარყოფს.

„გიულენისტობის" ბრალდებით, 2016 წლიდან დღემდე, თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთში მოქმედი მრავალი სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი დახურა. ერდოღანის ხელისუფლება ასევე აქტიურად ცდილობდა და ცდილობს მსგავსი პოლიტიკის გატარებას თურქეთის გარეთაც, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას რა ინტერესი აქვს ჩვენს სკოლასთან და საქმიანობასთან, ჩემთვის გაუგებარია, მე უბრალოდ ჩემი საქმის სპეციალისტი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ," - აცხადებს „რეზონანსთან"ახმედ თუღლური.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა არაგეგმური მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკიდურესი გადაწყვეტილება, სკოლისთვის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, თავის ნაბიჯს გეგმიური მონიტორინგის და ხარვეზების აღმოჩენის საფუძვლით ხსნის და განცხადებას ავრცელებს:

„განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ ქ. მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ქ. მარნეულში დღეისათვის არსებული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ.

მოსწავლეთა მობილობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბჭოს გადაწყვეტილება შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან".

ეჭვს ბადებს ისიც, რომ 2018 წელს ავტორიზაციის საბჭომ გიულენის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის კიდევ ერთ სასწავლებელს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა, მიზეზად კი 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა დასახელდა, რის გამოც უნივერსიტეტის ქონება დაყადაღდა.

დაიხურა ასევე სასწავლებელი ბათუმში და დემირელის კოლეჯი თბილისში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×