რეზონანსი
02.03.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა არაგეგმური მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკიდურესი გადაწყვეტილება, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის მიმდინარე წლის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების დღიდან სკოლამ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ავტორიზაციისა და მონიტორინგის პროცესები.

ხაზგასასმელია, რომ ქ. მარნეულში მდებარე სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა უმრავლესობა არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. სწორედ სკოლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და შედეგებს და გამართულად საუბრობენ, წერენ და კითხულობენ ქართულ ენაზე. აღნიშნული ფაქტი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელთა საკუთრებაში არსებული სხვა სკოლების ირგვლივ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, განვითარებული მოვლენები ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან, იგივე გზით ავტორიზაცია გაუუქმდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმს, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს. ამავე პერიოდში, აღნიშნული სკოლების გენერალური დირექტორი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, დაკავებულ იქნა და იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 თვის განმავლობაში.

მიგვაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმში ჩატარებული რიგგარეშე მონიტორინგი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები და საბჭოს მსვლელობისას ავტორიზაციის საბჭოს ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პროცესების გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების უფლებები და საუკეთესო ინტერესები და სასწავლო პროცესი შუა სემესტრში გაწყვიტა. საბჭო არ დაელოდა მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებასაც კი და სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა დაუყოვნებლივ.

სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმება უსამართლოა. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე, სკოლა მიმართავს ყველა გზას სამართლიანობის აღსადგენად!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×