ელზა პაპოშვილი
01.03.2023

ბიზნეს რეკეტი, რომელიც სისხლიანი გარჩევით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა - განზარხ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ბიზნესმენია დაკავებული. გამოძეიების იფნორმაციით, ნიკოლოზ სიბაშვილმა 31 წლის ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20 ტყვიით ჩაცხრილა. 

ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული გორში ავტოსამრეცხაოს ფლობს, მისი ბიზნესს კი ე.წ. კრიმინალური სამყარო არეკეტებდა და ფულს სისტემატიურად სძალავდა. საქმის გარჩევა კი გუშინ რკინიგზის დასახლებაში მკველეობით და დაჭრით დასრულდა. ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. 

მოკლული ირაკლი კობერიძის ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს.   

გორში მკვლელობისთვის დაკავებული ავტო-ხელოსანი ბრალის წარდგენას ელოდება. ნიკა სიბაშვილს უკვე შეხვდა ადვოკატი. ის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატისვე თქმით, დაკავებული გამოძიებასთან  თანამშრომლობს.

"ეს ადამიანი, ბრალდებული მისული იყო თავის საამქროში, რა დროსაც იქ მივიდნენ გარდაცვლილი და დაშავებული პირი. ბრალდებულმა მათ უთხრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას არ გაკარებოდნენ, ვინაიდან მათი არ ეშინოდა და გზა განაგრძო თავისი სიმამრის სოფლის მიმართულებით, ეს არის სოფელი ატენი. 

„ამ დროს მას გამოეკიდნენ ეს ადამიანები, წინ გადაუყენეს მანქანა და იძულებული გახადეს გაეჩერებინა მანქანა, შემდეგ მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა, რა დროსაც ბრალდებულზე თავდასხმის საფრთხე რეალური გახდა, ვინაიდან ეს ადამიანები წარსულში ნასამართლევები იყვნენ. წინა დღეებშიც ანალოგიური ხდებოდა. ამ ყველაფრის მიზეზი ავტომობილის შეღებვა და მისი საფასურის გადაუხდელობა იყო, ისინი დამატებით, ყოველთვიურად ითხოვდნენ თანხის გადახდას მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით," - ამბობს ადვოკატი. 

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემაც. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება. 

"არ ვისაუბრებ გამოძიების დეტალებზე, ვინაიდან ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომელიც უნდა გაგრძელდეს და შეისწავლოს ყველა ის გარემოება, თუ რამე არსებობდა პროცესში და იყო გარკვეული გამომწვევი გარემოება ამ დანაშაულის. შსს აღნიშნულზე გაავრცელა განცხადება, დაკავებულია პირი, ცხელ კვალზე მოხვდა დანაშაულის გახსნა, თუმცა გამოძიება გრძელდება, ყველანაირი ვერსია, რაც გამოძიების ფარგლებში ვრცელდება, იქნება შესწავლილი," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

გორში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ექიმების შეფასებით,  დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას და ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია.

"შემოვიდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით, გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით. ჩატარდა ურთულესი, ხანგრძლივი ოპერაციები. მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს რეანიმაციაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია," - განაცხადა ექიმმა.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×