ამბავი უსისხლოდ გადადგდებული მონღოლთა უღლისა
მამუკა ნაცვალაძე
06.09.2022

გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში, ის იყო მეფე, რომელმაც მსოფლიოში პირველმა და ერთადერთმა შესძლო უსისხლოდ დაეძლია მონღოლთა უმძიმესი უღელი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს უკანასკნელი გაბრწყინება, ჟამი, როცა ჯერ კიდევ ფეხზე დგას კონსტანტინოპოლი, როცა საქართველოც მსოფლი რანგის ქვეყანაა. ამ დროს ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფუნქცია აკისრია ჩვენ ქვეყანაზე გამავალ სავაჭრო გზას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს რომ აკავშირებს.  

დიდი ბედისწერა ელის 30 წლის გიორგი V-ს. არადა, თითქოს სიმბოლურად დაებედა 30 წელი საქართველოს. ლაშა გეორგიც და მისი შვილიშვილი დემეტრე II 30 წლისანი აღესრულნენ, სწორედ 30 წლის გახლდათ გიორგი ბრწყინვალე, 1316 წელს საქართველოს ერთპიროვნული მეფე რომ ხდება. 

რა შეცვალა მონღოლთა ბატონობამ საქართველოში

საოცრად რთული პერიოდი უდგას საქართველოს, მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობის კვალი იარასავით ატყვია ქვეყანას. ეს თვისებრივად სულ სხვა საქართველოა – ულუსებად მოწყობილი, სამხედრო ლაშქრობები რომ არის პრიორიტეტი მხოლოდ, არადა, მანამდე საქართველოს ყოფა და კულტურა ბინადარ ცხოვრებაზე ორიენტირებულ, განვითარების ფეოდალურ მოდელს ეფუძვნებოდა, რომელიც საკუთარი მამულის გაძლიერებაზე იყო აქცენტირებული და არა სხვა ქვეყნების ძარცვა-გლეჯაზე. ამ ყველაფერმა ზნეობრივი ორიენტირებიც შეცვალა. ახლა ჩვეული ამბავი იყო მოტყუება, ძარცვა, მედროვეობა, ცოლის წართმევა. სულ სხვა მენტალობას დაესადგურებინა საქართველოში.

მძიმე იყო მონღოლთა უღელი, ისე მკვიდრად იყვნენ ქვეყანას მოდებულნი, რომ ჩნდებოდა განცდა იმისა, არასდროს დასრულდებოდა ეს საშინელება.

და ამ ფონზე საქართველოს მოევლინა მეფე, რომელიც საოცრად შორს იდგა ქართული მენტალიტეტისგან. ის არასდროს იბრძოდა იქ, სადაც ქართველი აუცილებლად დაიწყებდა ომს, არასდროს ხარჯავდა ძალებს ფუჭად. ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მისი მეფობა, დრო რომ არ ყოფილიყო მისი მეკავშირე, ის საოცრად იღბლიანი გახლდათ, თუმცა, ისიც ნათქვამია, იღბალი ძლიერებს სწყალობთო. 

გიორგი V განსაკუთრებულად ძლიერი პიროვნება გახლდათ. ის დროზე იყო ორიენტირებული, თავის ჟამს უცდიდა და ეს ჟამიც არ აყოვნებდა, ჟამი, საქართველოს უკანასკნელი ერთიანობისა...

რა მემკვიდრეობა ერგო გიორგი ბრწყინვალეს

თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, საქართველოს ფეოდალური აშლილობისა და დაქუცმაცებულობის გარდა, ოსთა განუწყვეტელი თარეშიც აწუხებს. ისინი დაძრწიან შიდა ქართლში – გორი ფაქტობრივად მათ ხელშია, გამუდმებული შემოსევებით ზარალდება ქვეყანა. 

ეს ყველაფერი მონღოლთა უღლის ფონზე ერთიორად აუტანელი ხდება.  ხალხის უკიდურესი გაჭირვება იმაშიც გამოიხატა, რომ ილხანთა ყაენისათვის გადასახდელი ხარკის ოდენობა ოთხჯერ შემცირებულიყო და იმის გადახდაც კი უჭირდა ქვეყანას.

სამცხე, გიორგის დედულეთი დიდი ხანია დამოუკიდებელია, იმერეთშიც დავით ნარინის შთამომავლობა დარევია ერთმანეთს - არ ასვენებთ რუსუდანის აჩრდილი. კახეთსა და ჰერეთშიც ფეოდალები ყელყელეობენ, მათ სომეხმა დიდებულებმაც მიბაძეს, სწორედ ისინი დაიბარა საგარეჯოს თავზე ცივის მთაზე გიორგიმ სამეფო სასახლეში და ერთიანად ამოწყვიტა ქვეყნის მოღალატენი. 

ეს ერთადერთი ნათელი წერტილია ქვეყნის ცხოვრებაში. გიორგიმ უკვე აიცილა მამამისის დემეტრე II-ის ბედისწერა – ახლა მას ვეღარავინ დაიბარებს ურდოში, მითუფრო რომ ილხანთა საყაენის ყველაზე გავლენიანი ფიგურა დიდი ვაზირი ჩობან ნოინი მასთან ყველაზე მეტადაა დაახლოვებული. ეს კიდევ ერთი იმედია. მონღოლთა უზარმაზარი ურდოს შიდააშლილობა განსაკუთრებულად ეიმედება გიორგის, ვაღარ იმართება ისე ძლიერად მათი ქვეყანა. თანაც პაპამისის ბექა ჯაყელის წყალობით მონღოლი ჩობან ნოინი ახლოს იცნობს საქართველოს მეფეს, ბოლომდე ენდობა და რაც მთავარია გადასახადის აკრეფასაც მას ავალებს.

ის უზარმაზარი ურდო ადრე თუ გვიან წელში უნდა გადატყდეს, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს იცის გიორგიმ. იცის და უცდის დიდი ნებისყოფით, ისეთი ნებისყოფით ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში იშვიათად რომ უნახავს და სმენია ვინმეს.

რატომ დაუტკბნენ მონღოლები ქართველებს

ქართული ტრადიციით, დასუსტებულ ილხანთა წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, გიორგი V კი არ ჩქარობს. ის ამ შემთხვევაშიც კი უფრთხილდება ქართულ გენოფონდს. მცირე შანსსაც კი არ უტოვებს დამპყრობელს სიტუაცია შემოატრიალოს. ალბათ თავად კარგად ხედავდა მონღოლთა სახელმწიფოს რღვევა შეუქცევადი პროცესი რომ იყო. 

ის ლოდინის პოლიტიკას ირჩევს. ისეთი განცდა გრჩება, თითქოს მოვლენები გიორგის სცენარით ვითარდება. მან ფრთხილი და მშვიდობიანი პოლიტიკის არჩია და არც შეცდა.

სწორედ ამ დროს ადის ჩობან ნოინის ხელშეწყობით ილხანთა ტახტზე 12 წლის აბუსაიდი. ეს 1316 წელია. აბუსაიდი ბუნებრივია ვერ მართავს ქვეყანას,  ამიტომ სრული კარტ-ბლანში მთავარ ვაზირს ჩობან ნოინს აქვს. 

ეს განსაკუთრებული ხანაა საქართველოს ისტორიაში. არა მარტო ქართული, აღმოსავლური წყაროებიც მიანიშნებენ გიორგი ბრწყინვალის მიმართ ილხანების ყოვლადშემძლე ხელისუფალ ჩობანთან კეთილგანწყობის შესახებ. ეს ურთიერთობა მარტო პირად სიმპათიებზე არ არის გათვლილი, მას დიდი პოლიტიკური საფუძველიც გააჩნია.

ჩობანმა იცის, რომ მისთვის შიდააშლილობისას ყველაზე ფასეული სწორედ საიმედო მოკავშირეა. ამ მხრივ კი გიორგი ბრწყინვალეზე უკეთესი არავინ ეგულება. 

როგორ უერთგულეს ერთმანეთს მეფე გიორგიმ და ჩობან ნოინმა

XIV საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული მონღოლები ძველებურად ვეღარ იბრძვიან, შუიდააშლილობის ჟამს უჭირთ თანამოძმეთა მხედრობა სანდოდ მიიჩნიონ და ამ ფონზე გიორგის მეთაურობით ქართველთა ჯარი მათთვის მხოლოდ მეშველი ძალა არაა, ეს ჯარი მათი მთავარი დასაყრდენია. 

თავის მხრივ გიორგი ჩობანს უწევს ანგარიშს, სახელმწიფო საქმეებს მის გარეშე არ წყვეტს. მასაც ეიმედება მონღოლის. ერთი სიტყვით, პოლიტიკური გათვლები და პირადი სიმპათიები საკმაოდ აზელილია ერთმანეთში. საგულისხმოა ისიც, რომ ჩობანისა და გიორგის ურთიერთობას არასდროს შეპარვია ბზარი, ეს ორი პიროვნება ბოლომდე ერთგულად იცავდა მეგობრობის დაუწერელ კანონებს.

სწორედ ამ ურთიერთობის შედეგი იყო ის, რომ მთელ საქართველოში გიორგი ბრწყინვალის მეფობისას მონღოლებს მხოლოდ 10 000 მოლაშქრე ჰყოლიათ და ისიც მხოლოდ საქართველოს საზღვრების დასაცავად.

როგორ გადაიგდო საქართველომ მონღოლა უღელი

არავინ უწყის, როდემდე გაგრძელდებოდა ასე შეხმატკბილებულად გიორგისა და ჩობან ნოინის ურთიერთობა, აბუსაიდს რომ არ მოეკლა ჩობანი. ეს 1327 წელს ხდება. სრულწლოვანი აბუსაიდი ადვილად დასაყოლიებელი აღმოჩნდა, ენდო ვიღაცის ნათქვამს - შენი მეურვე და მზრუნველი ჩობან ნოინი შენ მოცილებას აპირებსო. აბუსაიდმაც არ დაახანა და ჩობანი და მისი შვილები მოაკვლევინა.

არადა, სწორედ ჩობანზე იდგა იმ პერიოდის მონღოლთა სტაბილურობა. ამ ამბავს დიდი არეულობა მოჰყვა. ფაქტობრივად აბუსაიდმა ამ უგუნური გადაწყვეტილებით ის ტოტი მოჭრა, თავად რომ იჯდა. ამ პოლიტიკური მკვლელობის შემდეგ ხელ-ფეხი გაეხსნა გიორგი ბრწყინვალეს -  მას აღარაფერი აღარ აკავებს, ამიტომაც განდევნა საქართელოდან მონღოლთა ლაშქრი და ყველა მათი მოხელე. ვინც ქვეყანას გაეცალა, უვნებლად გაუშვა, ურჩები კი საკადრისად დასაჯა.

ასე დასრულდა ერთსაუკუნოვანი მონღოლთა ბატონობა მძიმე ფსიქოლოგიური და პოლიტიკურ-ეკონომიკური კვალი რომ დააჩნია ჩვენ ქვეყანას.

როგორ გაჩნდა იდეა მთიელთათვის “ძეგლისდების” შედგენისა

ახლა მთავარი იყო საქართველოში სიმშვიდე დასადგურებულიყო. ოსთა თარეში ქართლში ყველაზე დიდი პრობლემა გახლდათ. მონღოლებისგან შეგულიანებული ოსები გორსაც დაეუფლნენ, ამიტომ საქართველოს მეფემ უპირველეს მიზნად ოსთა მოთვინიერება დაისახა. 

არ იყო ეს იოლად გადასაწყვეტი საქმე. სამი წელი დასჭირდა ამ პრობლემის მოგვარებას, სამი წელი მხარში ედგა გიორგის ამ ბრძოლაში ქსნისა და არაგვის საერისთავოების ლაშქარიც.

საგულისხმო კი ის გახლდათ, რომ როცა ყველაფერი დასრულდა და ოსები გორიდან განდევნეს, ქსნისა და არაგვისხეველთა შორის უთანხმოება ჩამოვარდა -  სადავო იყო ის, თუ რომელი იბრძოდა უფრო მედგრად ოსების წინააღმდეგ. იმგვარად გაამწვავა ამ თითქოს ერთი შეხედვით უწყინარმა ქიშპობამ სიტუაცია, რომ ორი მოძმე ტომი ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემზადა. 

უგუნური ძმათამკვლელი ომი არ დაუშვა  გიორგი ბრწყინვალის შვილმა დავითმა. მისი ბრძანებით უნდა შეწყვეტილიყო ყოველგვარი დაპირისპირება. ამ ბრძანებას არ დაემორჩილა მხოლოდ არაგვის ხეობის სამი თემი. ისინი თვლიდნენ, რომ დაამცირეს და არ უნდა შეერჩინათ ქსნისხეველებისათვის და  ქსნის ერისთავის ქვენიფნეველის ჯარს უკან დაედევნენ. უფლისწულმა დავითმა რაღა არ იღონა - ლომისის ხატიც კი ჩამოაბრძანა მათ დასაშოშმინებლად, მაგრამ არაგვისპირელებმა არა ისმინეს რა.

ვერ აირიდა უაზრო სისხლისღვრა საქართველომ – ქსნისხეველებმა ბრძოლის ველიდან გაქცევა იუკადრისეს და ძმათამკვლელი ბროლაში არაგვისხეველები დაამარცხეს. ამ უგუნურობას დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მეფე, რომ ურთიერთობა ახალ საკანონმდებლო ნორმებზე უნდა დაეფუძვნებინა. ალბათ ამანაც მისცა ბიძგი იმ იდეას, რომ სულ მალე გიორგი ბრწყინვალის ინიციატივით მთიელებს მათთვის დაწერილი კანონთა კრებული “ძეგლისდება” შეუდგინეს.

როგორ შემოიერთა გიორგიმ დასავლეთ საქართველო და მესხეთი

დიდი არეულობაა დასავლეთ საქართველოში - დავით-ნარინის სიკვდილის შემდეგ კოსტანტინე გამეფდა, არ დაანება ზეობა მისმა ძმამ  მიქაელმა. ძმათა ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, ზოგჯერ ზავიც ჩამოვარდებოდა ხოლმე. 1327 წელს კოსტანტინე მეფე გარდაიცვალა და მეფობა მიქელს ერგო, მაგრამ მასაც არ დააცალა დრო-ჟამმა და ორიოდ წელში ისიც გარდაიცვალა. 

უმეფოდ დარჩენილი დასავლეთ საქართველო 1329 წელს ხელში ჩაიგდო გიორგი ბრწყინვალემ. მან ქუთაისი აიღო და მიქაელის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი ბაგრატი თან წამოიყვანა. ამით დასრულდა ორმეფობის ხანა საქართველოში და ქვეყნის მთლიანობაც აღდგა. 

ახლა მესხეთის ჯერი დამდგარიყო – ეს გიორგის დედულეთია, ამიტომაც აქ უფრო იოლად აგვარებს საქმეს, აქ ხომ მას თავისი სიტყვა ეთქმის. 1334 წელს მესხეთის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მისი შვილი ყუარყუარე მეფემ უკვე თვითონ დასვა მთავრად. ეს იყო ის პოლიტიკური ჟესტი, რომლითაც  მესხეთი საქართველოს სახელმწიფოებრივობას დაექვემდებარა.

ასე ჩაბარდა წარსულს საქართველოს სამეფოსაგან განცალკევებულს მესხეთის პოლიტიკურ არსებობა.

ასე უსისხლოდ გასრულდა საქართველოს ყველაზე დიდი ოცნება -  ერთიანობის აღდგენა. ალბათ მსოფლიო ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ურთულესი პოლიტიკური პროცესების მიუხედავად მეფეს არცერთი ომი არ გადაუხდია ქვეყნის გაერთიანებისა და სხვა ტერიტორიების შემოერთებისათვის. ამიტომაც უნდა ვაღიაროთ, გიორგი ბრწყინვალე მსოფლიო პოლიტიკური დიპლომატიის კლასიკოსად.

ეს იყო ქართული დიპლომატიის მწვერვალი. ამ მწვერვალიდან საქართველოს ისტორიის დიდი და უკიდეგანო დაღმართი გამოჩნდა...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×