ელზა პაპოშვილი
05.09.2022

ბოდბეში, სავარაუდოდ, ქმრის მიერ, დაჭრილი 27 წლის მარიამ აბაზაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა თავში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობის გამო წნორის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ის კომაში იმყოფება და პროგნოზის გაკეთება რთულია. 

შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცველები მუშაობენ. მათ ცხელ კვალზე დააკავეს დაჭრილის ქმარი, 27 წლის შმაგი ხუნაშვილი. რა გახდა დაჭრის მიზეზი უცნობია. ვრცელდება 2 ვერსია - ოჯახური კონფლიქტი, ან უბედური შემთხვევა. 

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ქმარს იარაღი გაუვარდა. თუმცა, გამოძიების ვერსიით, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ქმარმა ცოლს სანადირო თოფიდან ესროლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყვილის მხრიდან კონფლიქტის ან ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ. არც ის იციან ძალადობდა თუ არა ქმარი ცოლზე. დაკავებულ მამაკაცს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და მომხდარი ფაქტი უკვირთ. 

„არ ვიცით ცოლ-ქმარს შორის რა მოხდა. რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი. ერთი ეგ ვიცით, რომ სანადირო თოფიდან მოხდა გასროლა და გოგო თავის არეშია დაჭრილი. ზოგი ამბობს, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. ბიჭს იარაღი უბრალოდ გაუვარდა და იქვე მდგომი ცოლი დაიჭრა. თუმცა, ის დააკავეს და ბრალად ცოლის მკვლელობის მცდელობა წაუყენეს. 

„ჩხუბის და დაპირისპირების  ხმა არ გაგვიგია. გოგოც და ბიჭიც გარეთ ისე გამოდიოდნენ, მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. რა ხდება ოჯახში ორ ადამიანს შორის რთული სათქმელია. როგორც ვიცით, სასწრაფო თავად ქმარმა გამოიძახა და სხვა ჩვენც არაფერი ვიცით. გოგო  მძიმე მდგომარეობაშია და ის სიღნაღის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანეს“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს    

პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა შ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს განცხადებაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×