თამთა ჩაჩანიძე
30.08.2022

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში დღეში კორონავირუსით საშუალოდ ორი ათასამდე ადამიანის ინფიცირება ფიქსირდება, გვაქვს ლეტალობაც, შვიდი დღის მანძილზე სამი ადამიანია გარდაცვლილი. სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც შიდა გავრცელების საკმაოდ ფართო მასშტაბებზე მიუთითებს, თუმცა პიკური პერიოდი ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 737 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღეში საშუალოდ 1960-ზე მეტი ინფიცირება გამოდის. გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 14 486 პირი. ჩატარდა 76 704 ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის 17.91%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის 17.45%.

შედარებისთვის, წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 329 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს და ვირუსის შემთხვევების გამოსავლენად სასურველია ქვეყანაში მეტი ტესტი კეთდებოდეს. თუმცაღა დასძენს, რომ ქვეყანას პიკური პერიოდი უკვე გადავლილი აქვს.

„წინა ორი კვირის მონაცემებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ მაღალი დადებითობა გვაქვს. ბოლო შვიდდღიანი და თოთხმეტდღიანი არის თითქმის 17%. დადებითობის ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია, რაც შიდა საზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს. ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აქვეყნებს ყველა ქვეყნის მონაცემს მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ და გარკვეულწილად პროგნოზსაც შემდგომი თვეების განმავლობაში.

„ჩვენ თუ შევხედავთ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებს, ქვეყანაში შეიძლება, ყოველდღიურად საშუალოდ 6 -20 ათასი ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. რა თქმა უნდა, ყველას გამოვლენა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი არ არის ის, რაც უნდა იყოს. სასურველია, ტესტირების მაჩვენებელი იყოს მეტი და ამას აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა.

„ქვეყანაში ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელია, თუმცა პიკური პერიოდი, თუნდაც ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს. ახლა ჩვენ ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც რეალურად არის გავრცელების პლატო. თუ ჩვენ შევხედავთ ამ პროგნოზულ მაჩვენებელს, შეიძლებ, შენარჩუნდეს სექტემბერში და ოქტომბრის პირველ ნახევრამდეც კი.

„დიდი ალბათობით, შემდგომი 4-6 კვირა დრამატული მატება არ გვექნება. არ არის მოლოდინი, რომ იქნება ინფექციის ტრაგიკული გავრცელება, რომელიც გამოიწვევს კლინიკების გადატვირთვას, თუმცა წინა ორი კვირის განმავლობაში, ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონალური მკურნალობა და ისინი ჩემთან იყვნენ კონტაქტზე, ვერ მოვახერხეთ მათი სტაციონარში განთავსება, ესეც იყო პრობლემა. ამიტომ ამ მიმართულებით კლინიკების სარეზერვო მზაობა შემოდგომისთვის უფრო უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი დაბალია და სასურველია, რომ შემოდგომიდან თავშეყრის ადგილებში მოსახლობამ შეძლებისდაგვარად პირბადე ატაროს.

„პირბადის მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს ამ ეტაპზე - 14 %. სასურველია, რომ შემოდგომის პერიოდზე მოსახლეობას მოვუწოდოთ, იგივე ასაკობრივი ჯგუფების მიუხედავად, რომ როდესაც თავშეყრის ადგილები გაიზრდება, სკოლებში ბავშვები დაბრუნდებიან, ატარონ პირბადე, ვისაც შეუძლია და რამე ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვერ ვხედავთ ტენდენციას, ინფექცია მიდიოდეს დასრულებისკენ.

„ამიტომ არავინ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებაზე და ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გაზარდნონ ტესტირება და გამოავლინონ ინფექცია. თუ ქვეყანაში არ იქნება ტესტირების მასობრივი მოწოდება, გლობალურადაც არავის ეცოდინება, რამდენი ადამიანი ავადობს. წინასწარ პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს 2023 წლის ბოლოსკენ, როდესაც გლობალური პანდემია შეიძლება, გამოცხადდეს როგორც მართვად ინფექციად, ანუ ენდემურ ნაწილად. ჯერ ამის ნიშნები სამწუხაროდ არ არის, რადგან მსოფლიოში კორონავირუსით ყოველკვირეულად დაახლოებით 15 000 ადამიანი იღუპება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×