ელზა პაპოშვილი
15.08.2022

„რეზონანსისთვის“ გუშინ თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  გამოძიების მტკიცებით, 17 წლის არასრულწლოვანმა მეგობართან ერთად დედას დანით ჭრილობები მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოზარდის მეგობარმა ქალს გაქცევის საშუალება არ მისცა და მას ხელით აკავებდა.  

ორივე მომხდარიდან მალევე დააპატიმრეს. ბიჭი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. არასრულწლოვანმა თავად აღიარა დედის მკვლელობის მოტივი, კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის ჟანა ხალილოვას, მის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან და სწორედ ამ საკითხის გასარკვევად, მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში, ლილოს დასახლებაში, რის შემდეგაც გარკვეული საუბარი შედგა მშობელსა და ახალგაზრდებს შორის.

ამის შემდეგ არასრულწლოვანმა დედას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სასიკვდილო - ყელის არეში. შემდეგ კი დანაშაულის ადგილი ორივემ დატოვა. ახალგაზრდა გარდაბანში  ბაბუასთან და ბებიასითან ჩავიდა. მან დედის მკვლელობის შესახებ მათთან აღიარა. ბიჭი კი ამის შემდეგ ოჯახმა პოლიციაში მიიყვანა. სამართალდამცველებმა 17 წლის მოზარდი და მისი  19 წლის მეგობარი  იმ დღესვე დააკავა.  

არასრულწლოვანს მამამ და ოჯახის სხვა წევრებმა კერძო ადვოკატი აუყვანეს, მათ არ სჯერათ, რომ ეს დანაშაული მოზარდმა ჩაიდინა. შესაბამისად მის უფლებებს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი აღარ დაიცავს. 

მოკლული ახალგაზრდა ქალის შესახებ კი „რეზონანსთან“ მისი მეზობლები საუბრობენ. ისინი  ქალს ძალიან დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილი 13 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭი კი გარდაბანში მამასთან და მის მშობლებთან ერთად იზრდებოდა. ქმარი ცოლზე ადრე ძალადობისთვის იყო ნასამართლევი და ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი მამისგან ყოფილიყო გაქეზებული, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 

„ძალიან კარგი გოგო იყო. თბილი, მეგობრული, კონტაქტური. მთელს მეზობლებს თავი უცბად შეგვაყვარა. 13 წლის გოგნასთან ერთად ცხოვრობდა. 17 წლის ბიჭი კი მამის ოჯახში იზრდებოდა. ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, რადგანაც მასზე ძალადობდა. ქმარი ცოლზე ძალადობის გამო ნასამართლევიც კი იყო. ბიჭთანაც გარკვეულწილად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 

„არ არის გამორიცხული, რომ ბავშვი ვინმეს  გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. სახლში მეგობართან ერთად მისულა. არ ვიცით, ეს ინფორმაცია რასაც თავად ყვება არის თუ არა რეალური. ჩვენ ამის დაჯერება გვიჭირს. 

„ჯერ შელაპარაკება მოსვლიათ, შემდეგ კი დედას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. საბოლოოდ კი ყელი გამოჭრა. ეს არის წარმოუდგენელი უბედურება. ზოგი ამბობს, რომ ქალის ყვირილის ხმა ისმოდა, მაგრამ არავინ უშველა. არ ვიცით რამდენად რეალურია. ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიგეთ ეს ამბავი, როცა პოლიცია მოვიდა. დანაშაული თავად უღიარებია“, - ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

რაც შეეხება 19 წლის ახალგაზრდის ვინაობას ის 17 წლის ბიჭის  მეგობარი რამილ ნასიბოვია.  მის უფლებებს სავალდებულო დაცვის ფარგლებში საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი დაიცავს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს. 

ადვოკატ ნინო ბერიშვილის თქმით, დაკავებული 19 წლის ახალგაზრდა ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას ადვოკატთან არცერთ საკითხზე არ უსაუბრია. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს გარკვეული შოკის მომენტი აქვს და იგი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. 

მოკლულის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, მეუღლის სახლში, გარდაბანში გადაასვენეს.   

დაკავებული 17 წლის მოზარდის ოჯახს კი არ სჯერა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. მათი ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ ქალი სხვას მოეკლა და ის დანაშაულს იბრალებდეს. 

„გამორიცხულია, რომ ის ბრალდება, რაც ვითომ ბავშვმა დედის მკვლელობის გამო  დაასახელა სიმართლეს შეესაბამებოდეს. ყველა შოკშია და გაოგნებულები ვართ. არ გვჯერა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. ეს არის აბსურდი, ის ამას არ იზამდა. 

„ეჭვი არსებობს, რომ დანაშაული სხვისი  ჩადენილია და მას დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას აიძულებენ. არ ვიცით, ჩვენც ამის გარკვევა გვინდა. არც ისაა სიმაართლე, რომ ქმარი ცოლზე ძალადობდა. ცოლ-ქმარს შორის იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ძალადობას ადგილი ჰქონდა. 

„ძალიან კარგი გოგო იყო და 14 წლიდან ქმრის ოჯახი ზრდიდა. მისი ქმარიც, დედამთილიც და მამამთილიც შოკში არიან. მათი ფსიქოლოგირუი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სიმართლის გარკევვა სურთ“,-ამბობს დაკავებული ბიჭის ახლობელი „რეზონანსთან“. 

გენერალური პროკურატურის განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყების ცნობით, ლილოს დასახლებაში შვილმა დედას ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და გაქცევის საშუალება არ მისცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×