თეონა ვეშაგური
07.06.2022

შესაძლოა მაიმუნის ყვავილი საქართვეოშიც დადასტურდეს - ამ ვირუსის მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტს, უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს და ეს ვირუსი კოვიდ-19 -სგან განსხვავებით, არ ვრცელდება მარტივად და სწრაფად.

როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდატანიშვილი აცხადებს, იმ ქვეყნების სიაში, სადაც „მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა საქართველო მოხვდეს.

„შესაძლოა, რომ საქართველო აღმოჩნდეს იმ ქვეყნების სიაში, სადაც დაფიქსირდება „მაიმუნის ყვავილი", რადგან საკმაოდ ბევრი ქართველი დადის ევროპაში და მოგზაურობს. ძირითადად წვეთოვნად ფიქსირდება, თუმცა ხანგრძლივი კავშირის დროს ვერ გამოვრიცხავთ, რომ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაედოს," - აცხადებს ზალდატანიშვილი.

საქართველოში ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა ანალიზს იკვლევს, რომ დაადგინოს არის თუ არა დაავადება „მაიმუნის ყვავილი".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდო შემთხვევებიდან ერთი უარყოფითია, ხოლო მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება. ანალიზები ლუგარშია გაგზავნილი.

„გაიგზავნა ცირკულარი სამედიცინო ცენტრებში, რომ გაგვეძლიერებინა მეთვალყურეობა კანზე გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე. გასულ კვირას იყო ორი ასეთი შემთხვევა, რაც გამოვიკვლიეთ და ერთი შემთხვევა არ დადასტურდა. მეორე შემთხვევა განხილულ იქნა, როგორც სავარაუდო შემთხვევა და ახლა მიმდინარეობს კვლევები. ჯერჯერობით ოფიციალური დადასტურებული პასუხი არ გვაქვს. ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება ყველაფერი ის, რაც სჭირდება," - აცხადებს გამყრელიძე.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგნავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ ერთეული შემთხვევები არ გვაძლევს პანიკის საფუძველს.

„ზოგადად, ეს დაავადება არ მიეკუთვნება იმ ინფექციებს, რომელთაც ახასიათებთ სწრაფი და ადვილი გავრცელება, რა თქმა უნდა, კოვიდისგან განსხვავებით, რომელმაც გამოიწვია პანდემია. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა მაიმუნის ყვავილის თუნდაც საქართველოში დაფიქსირების შემთხვევაში ამ დაავადებამ მიიღოს მასშტაბური გავრცელების სახე და რაიმე ტიპის შეზრუდვების დაწესება გახდეს აუცილებელი.

„ეს დაავადება არ გადადის ადვილად, საჭიროა ხანგრძლივი კონტაქტი. ერთადერთი, რაც შეიძლება ხელისუფლებამა და ჯანდაცვის სფერომ გააკეთოს, ეს არის, რომ საფრთხის შემთხვევაში სწრაფად მოახდინონ ვაქცინების მობილიზება, რადგან ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს.

„მე როგორც ვიცი, კლინიკებში უკვე გაიგზავნა სპეციალური გზამკვლევი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტირება. აქედან გამომდინარე, რაიმე საფრთხე, ერთეული შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, არ გვემუქრება. თუმცა ვითარება მაინც საყურადღებოა და მოსახლეობამ უნდა იცოდეს დაავადების სიმპტომები - ეს არის ცხელება, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება და გამონაყარი. თუ ამ სიმპტომების ადამიანს აქვს მოგზაურობის ისტორია, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას", - განაცხადა გოგინავამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 ივნისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის ვირუსის 780 შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში. დაავადების 207 შემთხვევა აღირიცხა დიდ ბრიტანეთში, 156 - ესპანეთში, 138 - პორტუგალიაში, 58 - კანადაში და 57 - გერმანიაში, რაც დაავადების არაენდემურ ზონაში გავრცელების მაჩვენებიელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×