თამთა ჩაჩანიძე
27.03.2022

უკრაინა-რუსეთის ომმა შესაძლოა მსოფლიოში გარკვეული სასურსათო კრიზისი წარმოშვას - უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე მცირდება, ხოლო რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტზე დროებით აკრძალვას აწესებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მსოფლიო მარცვლეულის წარმოების დაახლოებით ერთი მესამედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის, ეს ვითარება კი კვების მრეწველობის სფეროში ცვლილებებს შეიტანს.

როგორც „ბიბისი" წერს, უკრაინის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი მიკოლა სოლსკის განცხადებით, ქვეყნის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე უარესდება და გაუმჯობესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომი დასრულდება.

სატელევიზიო ბრიფინგზე საუბრისას სოლსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი, თვეში 4-5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს. მისი თქმით, მოცულობა ახლა რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე შემცირდა.

"ზემოქმედება გლობალურ ბაზრებზე არის პირდაპირი, დრამატული და დიდი და ის გრძელდება. დღითიდღე ვითარება უფრო და უფრო გართულდება", - განაცხადა მიკოლა სოლსკიმ.

რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობა-ვაჭრობის სამინისტროები გამოდიან ინიციატივით, რომ 15 მარტიდან 30 ივნისამდე ხორბლის, მესლინის, ქერისა, ჭვავისა და სიმინდის ექსპორტი შეზღუდონ. გარდა ამისა, მარტის შუა რიცხვებში რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეული კულტურების ექსპორტს კრძალავს.

უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 30%-ს აწარმოებენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ხორბლის ფასი 50%-ით გაიზარდა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებია და ომი და მისგან გამოწვეული შედეგები კვების მრეწველობის სფეროში ცვლილებებს შეიტანს.

„უკრაინა საკმაოდ მძლავრი და დიდი აგროსამრეწველო ქვეყანაა, ის მარცვლეულის და ზეთის დიდი მაწრმოებელია, ამ ქვეყნის წილი ხორბლის ექსპორტში ასევე მაღალია. როგორც ვიცი, ხორბლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები კანადა, ამერიკა, რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინაა.

„უკრაინა შავი ნოყიერი მიწის ტერიტორიაა და იქ მარცვლეული კულტურა კარგად მოდის, მათ შორის, ხორბალი, ქერი, სიმინდი. უკრაინა არა მხოლოდ აგრარული, არამედ აგროსამრეწველო ქვეყანაა, ანუ, მას უშუალოდ მოყვანილი ნედლი პროდუქტის გაყიდვაც და გადამუშავების უნარიც აქვს, ისინი მარცვლეულის ზეთსაც აქტიურად აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ.

„ზეთის დიდი დეფიციტი შეიქმნა ევროპაშიც, საფრანგეთშიც კი ზეთზე დიდი ნადირობაა და დიდი რიგებია. უკრაინა, რომ მარცვლელეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა, ეს ფაქტია, ასევე რუსეთიც. ეს ქვეყნები უკვე შიდა მოხმარებაზე გადავლენ. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგაიზაციიდან გამოვიდა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისათვის მარცვლეულის ექსპორტი უკვე აკრძალა, ამას საჭირო იქნება თუ არა, რუსეთი როგორც რბილ ძალას, ისე გამოიყენებს.

„ეს ვითარება კი კვების მრეწველობის სფეროში რა თქმა უნდა ცვლილებებს შეიტანს, რუსეთისა და უკრაინის ამოგდება მსოფლიოსთვის სერიოზულია. თუმცაღა, აქ ერთი მომენტია, რომ თუ სამყაროს შიმშილი დაემუქრა, შესაძლოა სხვა ქვეყნებმა მარცვლელულზე ექსპორტის მოცულობა გაზარდონ, ასევე შესაძლოა ახალი აქტორები წამოვიდნენ, რომლებიც დანაკარგს ამოავსებენ - "გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო ნათქვამია,"- განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, ომმა შესაძლებელია გარკვეული სასურსათო კრიზისი წარმოშვას.

„უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ასევე, აწარმოებს ქერს, შვრიას, შაქრის ჭარხალს. ის უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს და სოფლის მეურნეობა ძალიან განვითარებულია. მსოფლიო მარცვლეულის წარმოების დაახლოებით 25% უკრაინასა და რუსეთზე მოდის. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ომის შედეგად რა თქმა უნდა ხორბლის მოწოდება შემცირდება.

„საუბარია იმაზე, რომ უკვე ტონა ხორბალზე ფასი სადღაც 10 დოლარით გაიზარდა, ეს კი რა თქმა უნდა სასურსათო პრობლემას წარმოშობს. გაეროს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლებმაც გააცხადეს, რომ ომმა შესაძლებელია სასურსათო კრიზისი წარმოშვას. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკიც მსოფლიო ეკონომიკის შენელებაზე საუბრობს. მანამდე გათვლა იყო, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზრდებოდა, მაგრამ, ამ ომის გათვალისწინებით ეკონომიკური განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად შეფერხდება.

„მარცვლეულს აწარმოებს კანადა, აშშ, უკრაინა, რუსეთი, ევროპიდან ნაწილობრივ საფრანგეთი, ასევე, ინდოეთი, ჩინეთი, ავსტრალია. ამათგან მარცვლეულის წარმოებაში უკრაინას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. შაქრის ჭარხლის წარმოებასა და მეკარტოფილეობაში კი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა," - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×