ელზა პაპოშვილი
16.03.2022

ფონიჭალის დასახლება გამთენიისას კვლავ სპეცოპერაციების ადგილი გახდა - ამჯერად ნარკოდანაშაულში 14 წლის ბიჭიც ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, რომ მოზარდი დანაშაულებრივ საქმიანობაში მამასთან ერთად იყო ჩართული.

სამართალდამცველებმა მამა-შვილი საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. პოლიციამ სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჯამში 22 პირი დააკავა, მათ შორის 4 ქალია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და თანხა.  

სპეცოპერაცია ჩატარდა ასევე 15 მარტსაც, სადაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული ზ. ლ.

დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, დ.ს.-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 5 კილოგრამზე მეტი "კოკაინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ასევე ამოღებულია მის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".

რაც შეეხება დ.გ.-ს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 223 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი". სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ შემდგომი გასაღების მიზნით ერთ-ერთ მისამართზე განთავსებული 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრალდებული ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ამოიღეს.

სულ სამართალდამცველებმა ამოიღეს 7 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი". ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×