ელზა პაპოშვილი
18.01.2022

ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის  მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთ ღონისძიებაზე თელავის რაიონულ სასამართლოში 18 იანვარს იმსჯელეს. მანამდე კი ლაგოდეხში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

სამშაბათს გამართულ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის გირაოს ითხოვდა. პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ სცნო. საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მარტს ჩაინიშნა. 

ტრაგიკული შემთხვევა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველი  ინფორმაციით, 37 წლის  ქალი ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ, რაც პროცესში პოლიცია და ექსპერტიზის ბიურო  ჩაერთო, საქმე განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა. აღმოჩნდა, რომ ქალს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებბეი ჰქონდა მიყენებული. 

საქმის მასალების მიხედვით, ცოლ-ქმარს შორის მკვლელობამდე კონფლიქტი მოხდა. ქმარმა სავარაუდოდ ცოლი გაგუდა, რის შემდეგაც საწოლზე დააწვინა და სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მან თვითმკვლელობის ინსცენირება სცადა. თუმცა ექსპერტიზით აღმოჩნდა, რომ ქალი გაზით კი არ იყო გაგუდული, არამედ ის უკვე გარდაცვლილი იყო, როცა სახლში გაზი გაუშვეს.

38 წლის მამაკაცს ბრალი კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით ოფიციალურად წარუდგინეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 11, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას  გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობენ.

ერთი-ერთი მეზობლის თქმით, მამაკაცი ყოფილ მეუღლეს მანამდეც ემუქრებოდა, თუმცა ქალს პოლიციისთვის  არ მიუმართავს. ის ამბობდა, რომ არ სურდა მისი შვილების მამა დაეკავებინათ. 

მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს არავის არაფერი გაუგია, გარდაცვლილი ქალი კი საწოლზე მისმა ძმამ იპოვა. მას პალტო და ჩექმა ეცვა, გვერდით კი ხელჩანთა ედო. სავარაუდოდ, ის სამსახურში მიდიოდა, როდესაც ყოფილი ქმარი მასთან მივიდა და კონფლიქტის შემდეგ ის  გაგუდა. 

„გოგო საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ქმრის მხრიდან მუქარები ნამდვილად იყო. ბიჭი ნარკოდამოკიდებული იყო და ცოტა არაადეკვატური საქციელები ჰქონდა. გოგოც ამიტომ გაშორდა. ამბობდა, რომ ის მისთვის და მისი შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. თუმცა, ცოლს გვერდიდან მაინც არ სცილდებოდა. კლასელები იყვნენ და ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ. თუმცა, მერე ბიჭმა ძალიან აურია და ბოლო ერთი წელია გაცილებულები არიან.  

„გარდაცვლილი ლაგოდეხში ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა 3 შვილთან ერთად,  სამსახური იქვე ჰქონდა. მის ყოფილ ქმარს ცოლ-შვილთან მიკარება ეკრძალებოდა. რამდენიმე ხნის წინ მან პატარა ბიჭი ბაღიდან გამოიყვანა და ცოლის დაუკითხავად თბილისში წაიყვანა. ალიმენტზეც როგორც ვიცით დაობდნენ. ცოლ-შვილს მაინც არ შორდებოდა და ბავშვების სანახავად მოდიოდა. 

„როგორც ამბობენ, მკვლელობის დღეს ყოფილი ქმარი ორჯერ მისულა გოგოსთან და ძალიან არაადეკვატური ყოფილა. ამიტომ გარდაცლილის დედამ მაშინვე ეჭვი შეიტანა, რომ მისი შვილი თავს არ მოიკლავდა. ამის ეჭვს კი ის ამძაფრებდა, რომ გაზის გაშვების დროს ფანჯარა ღია ყოფილა. ასევე გაზქურის გვერდით თუთიყუშების გალია ეკიდა და ისინი ცოცხლები იყვნენ, გაზით არ გაიგუდნენ. ამიტომაც ოჯახსაც და  პოლიციასაც მაშინვე ეჭვები გაუჩნდათ“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მისივე თქმით, ცხედარი ექსპერტიზაზე წაიყვანეს, შემდეგ სახლში დააბრუნეს, თუმცა საეჭვო გარემოებების გამო, მეორედ ისევ ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სწორედ ამის შემდეგ ყოფილი  ქმრის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს - გარდაცლილის სხეულზე გარკვეული დაზიანებები ნახეს, რაც ძალადობის და გაგუდვის ფაქტს ამყარებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×