ელზა პაპოშვილი
22.10.2020

საზარელი მკვლელობა მარტყოფში - ახალგაზრდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.  ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  ახალგაზრდების 2 ჯგუფი ერთმანეთს სოფლის ცენტრში დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი საქმის გარჩევა სოფლის სასაფლაოზე გააგრძელეს. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ,  ძველი უთანხმოება გახდა და დაპირისპირებას 19  წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა, რომელიც გაშველების დროს გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. 

16 წლის არასრულწლოვანმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. 

„როგორც სოფელში ამბობენ,  დაპირისპირება საღამოს 10 საათისთვის დაწყებულა. ეს ორი ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სოფლის ცენტრში დაუპირისპირდა, შემდეგ გაუშველებიათ. ხოდა ამ 16 წლის ბიჭს უთქვამს, წამოდი სასაფლაოზე იქ დავილაპარაკოთო და დანა გულის არეში 4 ჯერ აქ დაურტყამს. ის, ვინც მოკლა, არის სკოლის მოსწავლე, მე-10-მე-11 კლასის 15 წლის ბიჭი და მოკლული კი 19 წლის ბიჭი. ამბობენ, ერთი კვირის წინ მოსვლიათ ჩხუბი, რაზე, რატომ, მიზეზი არავინ იცის. მერე აქ სოფელში შეხვედრილან და ისევ გაუგრძელებიათ,  საშინელი ამბავია, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

პოლიციამ  კი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (23.10.2020)
თქვენ საქმის გაზსნას რას ეძახით? სოფელში ყველამ იცოდა მკვლელის ვინაობა. გაზსნილია საქმე, როცა არავინ იცის დამნაშავის ვინაობა,მოტივი.

1234   (22.10.2020)
სიკვდილით დასჯა აღსადგენია. 10-15 წელი არ არის საკმარისი შემაკავებელი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×