რეზონანსი
13.10.2020

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ პერიოდულად ხდება რეციდივები, როდესაც უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელმეორედ ავადდებიან კოვიდ-19-ით. თუმცა, ამჯერად დაფიქსირდა პირველი პრეცედენტი, როდესაც ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა, ხელმეორედ დაინფიცირდა და გარდაიცვალა. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ინფექციონისტთა ეჭვებს, რომ ამ დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავება სრულად არ ხდება.

ამ პრეცედენტის შესახებ ინფორმაცია ოქსფორდის უნივერსიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული. თავად შემთხვევა ნიდერლანდებში მოხდა. გარდაცვლილი 89 წლის ქალია, რომელიც გამოჯანმრთელებიდან ორ თვეში ხელმეორედ დაინფიცირდე და ორ კვირაში გარდაიცვალა.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" საუბარშჳ აცხადებს, საქართველოში რეციდივის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა, როგორც ჩანს, კოვიდ-19 ით ხელმეორედ ინფიცირებისგან არავინ არის დაზღვეული.

„კორონავირუსისგან ერთხელ განკურნება არ არის რაიმეს გარანტია. ვირუსული ინფექციის შედეგად ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, თუმცა რამდენი ხანი გვიცავს ჩვენ ეს იმუნიტეტი, არ ვიცით. საბედნიეროდ, საქართველოში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, ხელმეორედ ინფიცირებიგან არავინ არის დაზღვეული", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით,პაციენტის ასაკს ასეთ შემთხვევებში შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

„დიდი მნიშვნელობა აქვს რა ასაკის არის პაციენტი, რადგან ასაკოვან ადამიანებს უჭირთ ანტისხეულებისა და იმუნიტეტის გამომუშავება. აქ ქალის შემთხვევაშიც ასეა - როგორც ჩანს, მის ორგანიზმს გაუჭირდა იმუნიტეტის გამომუშავება, ამიტომაც დაინფიცირდა ხელმეორედ ასე მცირე დროში", - აღნიშნა მარინა ენდელაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ავტორი: მარიამ მერლანი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×