თამთა ჩაჩანიძე
22.09.2020

პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს. საქმე კი იმ სატელიტურ ფოტოებს ეხება, რომელიც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა და რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ ყალბია.

მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურა ამით მისი საქმიდან ჩამოშორებას ცდილობს. რამიშილი მის დაკავებასაც არ გამორიცხავს. მან სამშაბათს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას მისი მობილური ტელეფონიდან დავით ფურცხვანიძესთან მისი მიმოწერა და სატელიტის ფოტოების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოეთხოვა, ამის ნაცვლად კი გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამგვარად მის პირად სივრცეში შეჭრა მოხდა.

პროკურორი დავით გუმბერიძე კი ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებას სიცრუედ მიიჩნევს.

„ეს მისი მოსაზრებაა და ალბათ, საკუთარი პოზიციისთვის სჭირდება, რომ ვითომ ჩვენ სხვა ინფორმაცია მოვიპოვეთ. პროკურატურა იმოქმედებს იმ განჩინების ფარგლებში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მოგვცა",- განაცხადა გუმბერიძემ.

ვინ არის დავით ფურცხვანიძე

დავით ფურცხვანიძეზე რამდენიმე ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის" დამფუძნებელია. ასევე მას ეკუთვნის ანალიტიკური სააგენტო „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი". მის სახელზეა რეგისტრირებული „სპუტნიკ ტვ", „გრუსს.ჯი" და Europe Studies Labor (ESL) Georgia, რომელმაც 2020 წელს ბანგლადეშელი ავტორის აშოკ გუპტას საავტორო წიგნი „ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი" გამოსცა.

თავად ფურცხვანიძე ამ წიგნზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს კომერციული პროექტია და ასეთი წიგნების გამოცემა მსოფლიოს სხვა ლიდერებზეც იგეგმება. მანვე განაცხადა, რომ მისი „სპუტნიკ საქართველო" რუსულ პროპაგანდისტულ სააგენტო „სპუტნიკთან" არანაირ კავშირში არაა.

კრიმინალისტიკური ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძეზე არასოდეს არაფერი სმენია და ექსპერტიზასთან არასდროს კავშირი არ ჰქონია.

„პირველად გავიგე, რომ რაღაც ასოციაციის პრეზიდენტი ყოფილა. ამ კაცზე საერთოდ არასდროს არ მსმენია. ექსპერტიზასთან არასდროს კავშირში არ ყოფილა. სხვა რას იკვლევს და რას აკეთებს, მართალი გითხრათ არ ვიცი.

„რამიშვილის განცხადება წავიკითხე, რომ ფურცხვანიძე მარწმუნებდაო, რომ (სატელიტის ფოტოები) ნამდვილად ავთენტურიაო და რამდენად არის არ ვიცი. როგორც ჩანს, რამიშვილიც დარწმუნებულია, რომ რაც ფურცხვანიძემ გადასცა ნამდვილი კადრები იყო, ხოლო მონტაჟი იყო თუ არა და რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს," - განაცხადა ალთუნაშილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დავით ფურცხვანიძესთან ოცი წელია უკვე კონტაქტი აღარ ჰქონია, თუმცა რაც შეეხება, ფურცხვანიძის რუსეთთან კავშირს, არეშიძის თქმით, ოცი წლის წინ ასეთ რამეს ვერ დააბრალებდა.

„დავით ფურცხვანიძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჟურნალისტიც იყო, გაზეთის მთავარი რედაქტორიც. ბოლო ოცი წელია უკვე კვეთა აღარ მქონია. მანამდე, ვლაპარაკობ 90-იანების ბოლოს, ქუთაისში ცხოვრობდა, მეტი არაფერი ვიცი, მაშინ ვიცნობდი.

„90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში მასხოვს და მისი რუსეთთან კავშირს ვერაფერს ვერ დავაბრალებ. მას მერე 20 წელი კონტაქტი არ მქონია იმიტომ, რომ მართალი გითხრათ ცუდად დავშორდით ერთმანეთს", - განაცხადა არეშიძემ.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის" თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ფურცხვანიძეზე ის ინფორმაცია იცის, რაც საჯაროა, თუმცა, მისი აზრით, ეს საჯარო ინფორმაციაც დაეჭვებას იწვევს.

„მე ის ინფორმაცია მაქვს, რაც ღია წყაროებშია. ჩემი ინფორმაციით, თბილისის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თუ არ მეშლება, უფრო ტექნიკური განათლება აქვს, არაა დამალული ინფოირმაცია, რომ მოსკოვში მუშაობდა. იქ ეტყობა გარკვეული კავშირები ახლაც აქვს - მისი გამომცემლობები, პუტინის წიგნი და ა.შ.

„ცოტა მეჩვენება, რომ პრეტენზიული განცხადებაა, რომ ერთ რომელიმე ცენტრს, იგივე არასამთავრობოს, დამოუკიდებლად ასეთი კოლოსალური და შრომატევადი საქმის გაკეთება შეუძლია, რაც არის თუნდაც იარაღით ვაჭრობის და კრიმინალური ფინანსური ნაკადების გამოვლენა და შესწავლაა თუნდაც სამხრეთ კავკასიაში, პირდაპირ რომ ვთქათ, სპეცსამსახურების დახმარების გარეშე.

„თანაც „სპუტნიკ ჯორჯია" და პუტინზე ინგლისურენოვანი წიგნის გამოცემა ძალიან დიდი ხარჯია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაეჭვებას იწვევს და ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს უნდა შეისწავლონ და გამოიკვლიონ მაქსიმალურად სწრაფ დროში, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ ასეთი შემთხვევები, თუნდაც უკვე სასამართლოს დონეზე მიყვანილი, იგივე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების, ან ამ გოგონას გარდაცვალების საქმე, ჩვენი მოწინააღმდეგისთვის ძალიან ნოყიერი ნიადაგი გახდეს, რომ ამ საქმეების მანიპულირებით საზოგადოებაში ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს, მით უმეტეს არჩევნების წინ.

„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ჩარევის მცდელობა შაქარაშვილის საქმეშიც იქნება, მტერი ყოველთვის ცდილობს, რომ ყველა შანსი გამოიყენოს, რათა საქართველოს რეალობა აურიოს, ეს იქნება ეკონომიკაში, პოლიტიკაში თუ საზოგადოებაში და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს პირველ რიგში ხელისუფლებას და მის სტრუქტურებს ეხებათ და რა თქმა უნდა საზოგადოებას. ჩვენი საზოგადოებაც ალბათ უნდა გამოფხიზლდეს და თვალსაჩინო რაცაა და ზედაპირზე დევს, ამ ფაქტებიდან შესაბამისი ობიექტური დასკვნა გააკეთოს", - განაცხადა ალადაშვილმა.

ეჭვები სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით

„რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ და არა მხოლოდ პროკურატურამ დაადასტურა, რომ ეს სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ეს მასალა ინტერნეტზეც იდო და კარგად იყო დასაბუთებული ნეიტრალური პიროვნებს, ამ საქმის მცოდნე ერთ-ერთი ახალგაზრდას მიერ, სანამ პროკურატურა ამის შესახებ დაწერდა ერთი კვირით ადრე, რომ ეს არის ყალბი. ძალიან საინტერესოდ ჰქონდა შედარებული. მაგალითად, ივლისის თვეში იქ ბალახი უნდა ბიბინებდეს და იქ სხვა გარემოა, ჩადგმული მანქანებით და ა.შ. ანუ, ძალიან უხეში ფოტომონტაჟი იყო.

„ამის შემდეგ ისმება ბევრი კითხვები. როგორც თვითონ ადვოკატი რამიშვილი ამბობს, ეს პიროვნება თვითონ დაუკავშირდა და დღესაც ვუსმინე ადვოკატის ინფორმაცია, რომ იქ ძალიან ბევრი საქმეების შესახებ ესაუბრა და მათ შორის გამოთქვა სურვილი, რომ ამაში დახამრებოდა.

„ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო ამაზე და ალბათ უკვე მკითხველმა და მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ სატელიტური ფოტოები ეს იმდენად სპეციფიური პროდუქტია, რომ თუ წინასწარ არ შეუკვეთე, ბედნიერ შემთხვევას უნდა ელოდო, რომ თანამგზავრი ზუსტად იმ წერტილში იმ დღეს და თან არაღრუბლიან დღეს ფოტოებს გადაიღებს. ეს იყო საოცრება, რომ ამ პიროვნებას ზუსტად ეს აღმოაჩნდა", - აცხადებს ალადაშვილი.

მისივე თქმით, ადვოკატი რამიშვილის გამოსვლები ემოციურია, რაც, მისი აზრით, საქმის გამოძიებისთის ხელისშემშლელია.

„ბატონმა რამიშვილმა ალბათ თავადაც იცის და ალბათ სხვებმაც უნდა ურჩიონ, რომ ძალიან ემოციურობა ხანდახან საქმეს აფუჭებს. ამ შემთხვევაში კი მისი ემოციურობა არა მგონია, რომ საქმეს წაადგეს. მხედველობაში მაქვს ძალიან ბევრი დაპირებები, რომ მას რაღაც განსაკუთრებული ინფორმაცია აქვს, ან მას აქვს რაღაც ის, რასაც არ ამბობს. შესაძლოა ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ, ვთქვათ, სასამართლოს განჩინებით, მისი ტელეფონის არა ჩამორთმევა, არამედ დათვალიერება მოხდა მფლობელთან ერთად.

„დღეს პროკურორის ინტერვიუც ვნახე, რომ ორჯერ გამოიქცაო. სამწუხაროდ ეს იწილო-ბიწილოსა და კატა-თაგვობანასავითაა, ადვოკატი ერთს ამბობს, პროკურატურა მეორეს, ორივე ვითომ მართალია და ა.შ. ეს ზოგადად საზოგადოებისთვის და დაზარალებულებისთვის საერთო ჯამში არაფრის მომტანია, ცუდია, თან დრო გადის.

„დღეს იყო საუბარი კვლავ ე.წ. საკალმახეზე, „ვილა ალგეთზე", დღეს მოვისმინე ასეთი ფრაზა, რომ პროკურატურამ ავტომობილი ვერ გამოყო,რომ წასულიყვნენ და დაეთვალიერებინათო. თქვე ოჯახაშენებულებო, თუ პროკურატურამ ვერ გამოყო, თქვენ, ადვოკატი და დაინტერესებული ხალხი წადით. აქ საუბარია იმაზე, რომ მაწევანიდან შესაძლოა იმ ამ საკალმახეზე შეუმჩნევლად მოხვდე, ამას ერთი ჯიპი უნდა და შეიძლება თუ არა გასვლა, ხომ თვითონაც შეეძლოთ ამ ერთი კვირის მანძილზე ამის გადამოწმება.

„როდესაც ტელევიზიით ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერვიუები მოვისმინე, ისინი ამბობენ, რომ გზა იყო ერთ დროს, მაგრამ ეს გზა ისეა უკვე გაფუჭებული, რომ იქ ვერც დიდი მანქანა ვერ გაივლისო, ეს ხომ ძნელი არ იყო და ამის შემოწმება ხომ შეიძლებოდა ეს გზა არის თუ არა ვარგისი და ასეთი ერთი შეხედვით წვრილმანი რაღაცეები, ჯიპების არ იყოს, ორი ჯიპი მისდევდაო(ბაჩალიაშვილს), ერთი კვირა მედიაში ამაზე იყო საუბარი, რომ თურმე ამ გოგონას უშიშროება მისდევდა, დღეს ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს, ეს იყო აბსოლუტურად შემოგდებული ვერსია.

„ეს სატელიტის ფოტოებიც შემოგდებული ვერსია მგონია, ამას რა დანიშნულება აქვს და ვინაა ამით დაინტერესებული, არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს საქმის ობიექტურ გამოძიებას უფრო ართულებს", - განაცხადა ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
1234   (23.09.2020)
ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მითუმეტეს დიზინფორმაციის მიზნით უნდა ისჯებოდეს.

დათუნია   (23.09.2020)
ამხელა სისტემას რომ უპირისპირდები ვიღაცა საეჭვო ტიპებთან და პროვოკატორებთან არ უნდა დაიჭირო საქმე და მითუმეტეს ენდო, ასეთია დასკვნა.

nika   (23.09.2020)
1992 წელს მუშაობდა უშიშროების სამსახურში მაღაალ თანამდებობაზე (ირაკლი ბათიაშვილის დროს), იმავე წელს გაურკვეველ ვითარებაში დატოვა სამსახური და თავი შეაფარა რუსეთს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×