გუდაურში მომხდარი ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა. 8 ოჯახის ცხოვრება 29 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა. „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი გარდაცვლილი პილოტის, დიმიტრი ქააძის მეუღლეს ესაუბრა. ანა გელოვანი ქმართან ბოლო კონტაქტს იხსენებს.
„ბოლოს შესვენებაზე ამოვიდა სახლში, წაიხემსა და ისევ წავიდა. რომ ვკითხე, როდის მოხვალ-მეთქი, ჩვეულებრივ, 6 საათზეო. 5 საათზე დავაპირე დარეკვა, თან სოციალურ ქსელში შევედი, ნიუსი ვნახე... რაღაცას მივხვდი, დავრეკე და გათიშული ჰქონდა ტელეფონი.
ტელევიზორი ჩავრთე, კადრებიც ვნახე. დიმაც არ მპასუხობდა... ბოლოს, დღის 2 საათზე ვნახე.
ერთხელ დამესიზმრა, თავის ბიჭებს ეძებდა. სამსახურში ვიყავით და ოთახში რომ შევედი, იქ იყო. სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო. დიმა, აქ რა გინდა-მეთქი რომ ვკითხე, ლევანი სად არისო, მკითხა. რომ ვუთხარი ლევანი არ იყო, ფანჯარაში გაიხედა და ბორტს დაუწყო ძებნა. 01 იკითხა, 01 რეგლამენტზე დგას მეთქი, ვუთხარი. არა, არ დგას, ესე იგი, სიმართლე იყო რომ ჩამოვვარდითო? კი, წადი შენს ბიჭებთან-მეთქი...“ - თქვა ანა გელოვანმა.
29 ივლისს საქართველოში მძიმე დღე გათენდა. ცნობილი გახდა, რომ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
პრაიმტაიმი