რეზონანსი
23.02.2020

წონის კლების რამდენიმე მეთოდი არსებობს: ჯანსაღი კვება, შიმშილი, მონოდიეტები. სამივე მათგანისას მთავარი პრინციპი კალორიების თვლაა - კალორაჟის შემცირება ეს ცალსახად დაკლებული კილოგრამებია, თუმცა, უმნიშვნელოვანესია ის, თუ დაკლებულ კილოგრამებთან ერთად რას ვიღებთ - გაუმჯობესებულ ჯანმრთელობას, თუ უამრავი დაავადების რისკს.  ამ რეალობისას ჩნდება მთავარი კითხვა - არის თუ არა კალორიების თვლა პანაცეა ჯანმრთელობისთვის?  

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

სამედიცინო თვალსაზრისით, რამდენად გამართლებულია მხოლოდ კალორაჟის მიხედვით წონაში დაკლება?

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახა და კატეგორიულია - სამედიცინო თვალსაზრისით მხოლოდ კალორიების დათვლით წონაში დაკლება გამართლებული და რეკომენდირებული არ არის. მხოლოდ ის რეკომენდაცია, რომ დღიური კალორაჟი პირობითად იყოს 1200კკალ და არ მივაქციოთ ყურადღება რას მივირთმევთ, რა დროს და რამდენჯერ დღეში, რა თქმა უნდა, კარგ შედეგს არ მოგვცემს.

მარტივად რომ ვთქვათ 1200 კკალ. შესაძლებელია შევავსოთ მაგალითად ერთ შემთხვევაში ტორტით, შოკოლადით, ცომეულით ან მეორე შემთხვევაში ბოსტნეულის სალათებით, ხორცით, რძის პროდუქტებით, ბურღულეულით.

ბუნებრივია ასეთ დროს კალორაჟი არ იცვლება, მაგრამ ის, თუ რით ვავსებთ ამ კალორაჟს და რას მივირთმევთ, პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

თუ სიმსუქნის მიღმა იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, მხოლოდ კალორიების შემცირება საკმარისი არ არის. ბუნებრივია, კალორაჟის შემცირებით წონაში დავიკლებთ. პირობითად თუ 3000-3500 კკალ შევამცირებთ 1200 კკალ-მდე დღეში ეს თავისთავად გამოიწვევს წონის კლებას, მაგრამ თუ რაციონში არ შეიზღუდა შაქრის შემცველი პროდუქტი, ასეთი კლებით ინსულინრეზისტენტობა არ მოგვარდება.

შესაბამისად სიმსუქნის შესამცირებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, სადაც წონის კლება მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. უმთავრესი მიზანი ცალსახად ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, რაც წონის დაკლების შემდეგ შეამცირებს კვლავ მომატების რისკებს. წონაში დაკლებას აზრი ეკარგება, თუ ვერ ხდება დაკლებული წონის შენარჩუნება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა მედიკამენტური მკურნალობის და დიეტის შედეგად მოგვარებულია ინსულინრეზისტენტობა, პაციენტს აქვს ნორმალური სხეულის მასის ინდექსი, შემდგომში მისთვის არადიეტური პროდუქტები აღარ არის წონის მარტივად მომატების მიზეზი.

სამედიცინო თვალსაზრისით, აქვს თუ არა მნიშვნელობა როგორ მოვიმატებთ წონაში  - ჯანსაღი პროდუქტით თუ არაჯანსაღით? ერთი და იგივე შედეგი ექნება თუ არა პირობითად, ერთი მხრივ, ხილის ან ბოსტნეულის უზომო მიღებით და მეორე მხრივ, ღორის მწვადით წონის მატებას?

თუ არაჯანსაღი, მავნე პროდუქტებით ვიმატებთ წონაში, წონის მატებასთან ერთად იზრება სხვადასხვა დარღვევების რისკი, რასაც შედეგად დიდი ალბათობით შეიძლება მოყვეს: ღვიძლის გაცხიმოვნების მაღალი ხარისხი და ღვიძლის ფუნქციური დარღვევები, დისლიპიდემია ანუ სისხლში ქოლესტერინის დონის დარღვევა, ასევე სისხლში შაქრის დონის მომატება, რაც ისეთი დაავადებების წინაპირობაა, როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მოშლა და სხვა.

რაც შეეხება ჯანსაღი პროდუქტებით წონის მომატებას, ასეთ შემთხვევაში ჭარბ წონას იოლად ვიკლებთ, თუმცა, თუკი დროულად არ მოხდა ამ პრობლემის მოგვარება, თავის მხრივ ნებისმიერი სახის სიმსუქნე, განურჩევლად იმისა,  გამოწვეულია ჯანსაღი თუ არაჯანსაღი პროდუქტების ჭარბი მიღებით, არანაირ შეღავათს არ ქმნის და იძლევა მრავალმხრივ უარყოფით შედეგებს.

ჯანსაღი კვება რამდენადაა იმის გარანტი, რომ თავიდან ავიცილებთ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს?

ზოგადად სწორი კვება, ბალანსირებული რაციონი, რომელიც სავსეა ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი პროდუქტით, რა თქმა უნდა, თავიდან აგვარიდებს გარკვეული ვიტამინების დეფიციტს. თუმცა, შეიძლება საკვებიდან მაინც ვერ მივიღოთ სრული დღიური ნორმა. მაგალითად, D ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ ხშირია, რადგან საკვებში იგი ძალიან მცირე რაოდენობით არის, იგივე სიტუაციაა ომეგა 3-თან დაკავშირებით, რომელიც პროდუქტიდან შეიძლება მივიღოთ მიზერული რაოდენობით.

სულ სხვა სურათია C ვიტამინთან მიმართებაში, ამ ვიტამინით მდიდარია ციტრუსები და რაციონში მათი ჩართვით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია C ვიტამინის დეფიციტის თავიდან აცილება. C ვიტამინის დღიური ნორმა 65-90 მილიგრამია, მაგალითად 200 გრამი გრეიფრუტი შეიცავს 62მგ C ვიტამინს, იგივე რაოდენობის ფორთოხალი 106მგ, მარწყვი კი 116მგ-ს. ვიტამინების ისე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის თვითნებურად, დანიშნულების გარეშე მიღება არ არის მიზანშეწონილი, რამდენადაც ვიტამინების როგორც დეფიციტი, ასევე მათი ჭარბი რაოდენობით მიღება უარყოფით შედეგებს იძლევა.

ავიტამინოზის ანუ გარკვეული ვიტამინების და მინერალების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რაციონი უნდა შევავსოთ სხვადასხვა სახეობის ხილით და ბოსტნეულით.

ასევე გამოვყოფდი კალციუმს და D ვიტამინს, რაც ჩვენი კბილების, ფრჩხილების, თმების, ძვლების და იმუნური სისტემისთვის არის შეუცვლელი და აუცილებელი მინერალი. კალციუმით მდიდარი პროდუქტებია: რძის პროდუქტები, მწვანე ბოსტნეული, სეზამის მარცვლები, თხილეული, ფორთოხალი, კომბოსტო, შვრია, ისპანახი და სხვა. მაგალითად 10 გრამი სეზამის მარცვლები შეიცავს 97მგ კალციუმს, რაც დღიური ნორმის 10%-ია. სეზამის მარცვლების სალათებში გამოყენებით მარტივად არის შესაძლებელი კალციუმის დღიური ნორმის შევსება. ასევე 1ჭიქა ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი საშუალოდ შეიცავს 500მგ კალციუმს, რაც დღიური ნორმის 50%-ია. ფორთოხლის წვენი შესანიშნავად ავსებს რაციონს როგორც კალციუმით, ასევე C ვიტამინით. ბალანსირებული კვებით მარტივად არის შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ვიტამინების და მინერალების დეფიციტი.

აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი რაოდენოთ კალციუმის მიღება არ არის რეკომენდირებული, კალციუმის ჭარბი რაოდენობა, ანუ ჰიპერკალციემია ზრდის  გულის რითმის დარღვევების, თირკმლის კენჭოვანი დაავადების რისკს, აქვეითებს მეხსიერებას, იწვევს ქრონიკულ სისუსტეს და დაღლილობას.

მოსახლეობის ნაწილი სიმსუქნეს კოსმეტიკურ პრობლემად აღიქვავს, რამდენად გამართლებულია  ჭარბი წონისადმი ასეთი დამოკიდებულება?

მეც შემხვედრია პაციენტები, რომელნიც თვლიან, რომ სიმსუქნე მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, რაც არ არის მართებული. სიმსუქნე ცალსახად დაავადებაა, რომელიც სხვა ნებისმიერი დაავადების მსგავსად, საჭიროებს სათანადო ყურადღებას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია წონის დაკლება, იმისათვის, რომ სიმსუქნემ არ გამოიწვიოს სხვა დაავადებები.

საგულისხმოა ისიც, რომ სიმსუქნე საწყის ეტაპზე ხშირად იწვევს ფსიქო-სოციალურ პრობლემებს, ხშირია სტიგმატიზაცია, ქვეითდება თვითშეფასება, ასევე გამოხატულია დეპრესიული ფონი, შფოთვა, შიშები და სხვა. სიმსუქნის დროს ასევე იზრდება სხვადასხვა სისტემების დაავადებების რისკი. კონკრეტულად: არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, აპნოე, ჰიპოქსია, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები და სხვა.

სიმსუქნის მკურნალობით შესაძლებელია წონის დაკლებასთან ერთად გავაუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჭარბი წონის დაკლებას თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონის გაუმჯობესება, მცირდება აპნოე, ჰიპოქსია, იზრდება შრომისუნარიანობა. და რაც მთავარია, სიმსუქნის პრობლემის მოგვარება მკვეთრად აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.  

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×