
სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მუდმივად საჭიროებს მკურნალობას და სწორ კვებას. სიმსუქნის დროს გამოხატულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ნივთიერებათა ცვლის, ანუ მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი თუთიის დეფიციტია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა.
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ორგანიზმისათვის მიკროელემენტი თუთია?
მსოფლიოს პრობლემა ჭარბი წონა და სიმსუქნეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი კვლევა, დიეტა, ვარჯიში და მეთოდია დანერგილი. მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობა გამუდმებით ებრძვის ჭარბ კილოგრამებს.
ჭარბწონიანობის სამკურნალოდ შერჩეული დიეტისას მნიშვნელოვანია, რომ შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით თუთიის შემცველ პროდუქტებს. თუთია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. თუთიის დეფიციტის დროს ხშირია უმიზეზო წონის მატება, საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა. ასევე გაძნელებულია წონის კლება დიეტის მიუხედავად.
თუთია შეუცვლელი მიკროელემენტია. იგი მონაწილეობს მხედველობის, გემოვნების რეცეფტორების, კოგნიტური ფუნქციის, უჯრედების გაყოფასა და გამრავლების, ზრდისა და განვითარების პროცესებში. თუთია მონაწილეობს მეტაბოლიზმის გააქტიურებაში. იგი შედის მრავალი პროტეინისა და ზრდის ფაქტორის, ციტოკინების, უჯრედთა რეცეფტორების და ენზიმების შემადგენლობაში.
თუთია ადამიანის ორგანიზმში უამრავ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ის აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. თუთია მონაწილეობს სამასამდე ფერმენტის მეტაბოლიზმში. ასევე მონაწილეობს გემოს და სუნის შეგრძნებაში.
თუთიით მდიდარი პროდუქტების რაციონში ჩართვით, როცა სრულად ხდება თუთიის დეფიციტის შევსება, უმჯობესდება სხეულის მასის ინდექსი, მცირდება წელის გარშემოწერილობა. თუთია აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, პერიფერიული სისხლის მიმოქცევას, მისი დახმარებით ასევე მცირდება გლუკოზის დონე სისხლში.
რატომ არის მნიშვნელოვანი თუთიის დონე სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებისას?
თუთია აადვილებს სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებას. თუთიის მიღება დაბალკალორიულ დიეტასთან ერთად ეფექტურად ამცირებს ანთროპომეტრიულ მონაცემებს, ინსულინრეზისტენტობას და მადას ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე პირებში. თუთიას დიდი როლი უკავია სიმსუქნის მკურნალობის პროცესში.
სიმსუქნის მართვა გულისხმობს კალორაჟის შემცირებას. არაბალანსირებული დაბალკალორიული რაციონი შეიძლება გახდეს საჭირო მიკრო და მაკრო ნუტრიენტების დეფიციტის მიზეზი. ნებისმიერი დიეტის დროს საკვები პროდუქტები უნდა იყოს შერჩეული სწორად და ბალანსირებულად. არ არის რეკომენდირებული ერთფეროვანი კვება ხანგრძლივად. ბალანსირებული რაციონი არ გამოიწვევს თუთიისა და სხვა მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტს. თუთიის გავლენით მცირდება მადა, რაც აადვილებს დაბალკალორიული დიეტის დაცვასაც. ერთგვაროვანი საკვების, მაგალითად: ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტების მირთმევის შემთხვევაში გაზრდილია რისკი როგორც თუთიის ასევე სხვა მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტის, რის ფონზეც თავისთავად გაზრდილია მოთხოვნილება და გაძლიერებულია ჩივილები
მცირე კვლევის თანახმად დღეში 30მგ თუთიის გლუკონატის მიღება ამცირებს წონას, ამცირებს სხეულის მასის ინდექსს და წელის გარშემოწერილობას ჯანმრთელ ჭარბწონიან პირებში.
რა გავლენა აქვს თუთიას ორგანიზმზე შაქრიანი დიაბეტისას?
შაქრიანი დიაბეტის დროს ირღვევა თუთიის ჰომეოსტაზი. დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის დროს, ანუ როცა მაღალია სისხლში შაქრის შემცველობა, შესაბამისად გამოხატულია დიურეზის გაზრდა (შარდვის გახშირება), რის ფონზეც დიდია თუთიის დანაკარგი საშარდე სისტემიდან. თუთია მონაწილეობს ინსულინის სინთეზის და სეკრეციის პროცესში. თუთიის დეფიციტისას კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ მცირდება ინსულინის გამოყოფაც.
სიმსუქნე, ჭარბი წონა, ინსულინ რეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ღვიძლის გაცხიმოვნება, საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი არის მდგომარეობები, რომელთა დროსაც მნიშვნელოვანია იყოს მოწესრიგებული მეტაბოლიზმი.
თუთია აწესრიგებს პათფიზიოლოგიურ პროცესებს. აუმჯობესებს პანკრეასის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას, რის შესაბამისადაც უმჯობესდება გლიკემიურ პროფილი. თუთია არის ინსულინის მოლეკულის შემადგენელი მინერალი. ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას თუთიით მდიდარი რაციონი მნიშნელოვნად ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს და აუმჯობესებს მდგომარეობას.
რა როლს ასრულებს თუთია დერმატოლოგიაში?
თუთიას აქტიურად იყენებენ დერმატოლოგიაში კანის მოვლისას. აკნე კანის საკმაოდ ხშირი პრობლემაა. აკნე თმის ფოლიკულებისა და ცხიმოვანი ჯირკვლის პათოლოგიაა. აკნეს დროს ჭარბი რაოდენობით ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ სეკრეტის გამოყოფა, რომელიც ახშობს ფოლიკულებს და იწვევს სახეზე მრავლობით გამონაყარს. აკნეს მრავალმხრივი მიზეზების მიუხედავად თუთიის დადებითი ეფექტი ნებისმიერი ეტიოლოგიის აკნეს შემთხვევაში გამოხატულია. თუთია ახდენს ბაქტერიების ზრდა-განვითარების ინჰიბირებას და შედეგად აკნეს შემცირებას.
თუთია აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს. ეხმარება კანს აღდგენაში, შესაბამისად კარგი მინერალია კანის მთლიანობის დაზიანებისა და წყლულების შესახორცებლად. თუთიის ეფექტურობა გამოხატულია ეგზემის, როზაცეის, სებორეული დერმატიტის დროსაც.
აქვს თუ არა კავშირი თუთიას იმუნურ სისტემასთან?
თუთიის დეფიციტისას შესუსტებულია იმუნური სისტემის პასუხი გარკვეულ გამღიზიანებელ ფაქტორებზე. თუთია აძლირებს იმუნური სისტემის უჯრედების მდგომარეობას და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, ასევე აუმჯობესებს თავის ტვინის მენტალურ ფუნქციას. თუთიის შემცველი პროდუქტის მიღება ამცირებს ინფექციების განვითარების რისკს და გამოხატულად აძლიერებს იმუნიტეტს ნებისმიერი ასაკის პირებში. თუთიის გავლენით მცირდება ავადობა პნევმონიით და სხვა ინფექციებით, რადგან გაუმჯობესებულია იმუნური სისტემა.
როგორ აისახება თუთიის დეფიციტი მხედველობაზე?
თუთიის როლი დიდია ნორმალური მხედველობის შესანარჩუნებლად. ჩატარებულია დიდი კვლევა სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა მედიკამენტებს E ვიტამინის, C ვიტამინის, ბეტა კაროტინის და 80 მგ თუთიის შემცველობით. კვლევაში მონაწილე ადამიანებს გააუმჯობესდათ მხედველობა და მნიშვნელოვნად შეუმცირდათ მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია. მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია სიბრმავის საკმაოდ ხშირი მიზეზია, რომლის დროსაც ბადურას ცენტრალურ უბანში, მაკულაში მიმდინარეობს ქრონიკული დეგენერაციული პროცესი. ეს პროცესი ასაკის მატებასთან ერთად იწვევს მხედველობის ეტაპობრივ გაუარესებას. თუთიის გავლენით კი შესაძლებელია აღნიშნული პროცესი შედარებით შენელდეს და შემცირდეს მაკულის დაზიანება. თუთიას აქვს უნარი დაახლოებით 20-25 %-ით შეამციროს მხედველობის დაქვეითება. თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს მაკულა. იგი A ვიტამინთან ერთად ქმნის პიგმენტ მელანინს, რომელიც იცავს თვალს. თუთიის დეფიციტისას გაუარესებულია მხედველობა ღამით. თვალების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად სრულიად საკმარისია 8-12 მილიგრამი თუთიის შემცველი პროდუქტის მიღება დღეში.
რომელი საკვები პროდუქტი შეიცავს თუთიას?
თუთია გვხვდება უამრავ საკვებ პროდუქტში. თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს საქონლის და ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხის გული, მზესუმზირა, გოგრის თესლი, ნუში, ნიგოზი, მუხუდო, წიწიბურა, შვრია, ფორთოხალი, ქატო, რძის პროდუქტები, სოკო, ისპანახი, ნიორი, კარტოფილი, მწვანე ლობიო, ბროკოლი, ავოკადო, კაკაო და შავი შოკოლადი.
თუთია არის ცხოველური და მცენარეული საკვების შემადგენელი ნაწილი, თუმცა, გარდა ამისა, ასევე ხშირად გვხვდება ბურღულეული, რომელიც შეიცავს სინთეზური ფორმით თუთიის დანამატებს. თუთიის დეფიციტის შევსება მედიკამენტების საშუალებითაც არის შესაძლებელი. თუთია აქტიური კომპონენტია სხვადასხვა გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების, რადგან მას აქვს უნარი გააუმჯობესოს იმუნური სისტემის ფუნქციონირება.
როგორ განისაზღვრება თუთიის დღიური ნორმა?
თუთიის დღიური ნორმა განსხვავებულია ასაკის მიხედვით. 3 წლამდე ბავშვებისთვის საკმარისია 2-3 მგ თუთიის დღიური მიღება. 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებულია 5 მგ თუთიის შემცველი პროდუქტის მიღება დღეში. ხოლო 9 წლიდან 14 წლამდე 8 მგ. 14 წელზე მეტი ასაკის პირებში რეკომენდირებულია 9-11 მგ თუთიის მიღება. მამაკაცებს ქალებთან შედარებით თუთიაზე მოთხოვნილება მცირედ მეტი აქვთ 1-2 მგ-ით. თუთიის დღიური ნორმა განსხვავებულია თუთიის დეფიციტის შემთხვევაში. თუთიის პრეპარატების დოზირება დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
თუთიის უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, ასევე საყურადღებოა მისი სიჭარბე. დიდი რაოდენობით თუთიის მიღების შემთხვევაში ხდება სპილენძის შეწოვის გაძნელება. თუთია გავლენას ახდენს გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკებზეც, პენიცილინამინზე, თიაზიდურ შარდმდენ მედიკამენტებზე.
თუთიის შემცველი მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ასევე რეკომენდირებულია პარალელურად მცირე დოზით სპილენძის დამატება.
P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00