რეზონანსი
03.07.2020

საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ.

როგორც "ფორტუნას" თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პლაზმა ორ უკიდურესად მძიმე პაციენტს გადაუსხეს და ორივე შემთხვევაში მკურნალობის ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა.

"სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი უკვე დავნერგეთ. გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმას ვაკეთებთ და ამით უკვე ორი ადამიანი გადავარჩინეთ. ორ უმძიმეს პაციენტს გადავუსხით უკვე, რომლებთანაც სხვა მკურნალობა ეფექტიანი არ იყო. ორივე გადარჩა.

ერთ-ერთი იყო 83 წლის ქალი ეკატერინე ლამაზიანი, რომელიც რეანიმაციაში იწვა და ფაქტობრივად განწირული იყო, ყველა სხვა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ეს პლაზმა გადავუსხით და 3-4 დღეში ვირუსი გაქრა და ის გადარჩა" - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, უფრო ფართედ ამ მეთოდს ვერ დანერგავენ, რადგან ამდენი დონორი ფიზიკურად არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში კორონავირუსისგან 817 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ ძალიან ცოტა ნაწილს გამოუმუშავდა მყარი იმუნიტეტი.

"უფრო ფართოდ მკურნალობის ამ მეთოდს ვერ გამოვიყენებთ, რადგან დონორი ცოტაა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გადასასხმელად არ ვარგა, იმიტომ რომ ამ პაციენტს დამცავი ანტისხეულები უნდა ჰქონდეს მაღალ ტიპში. ყველას ასე არ აქვს.

ყველა გამოჯანმრთელებულს ვთავაზობთ პლაზმის გაღებას, ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს. ჩვენ რომ გავსინჯეთ, ყოველი 10 დონორში მხოლოდ ერთს აქვს იმდენი ანტისხეული, რაც საჭიროა სხვა პაციენტის განკურნებისთვის. ამაზე ისედაც მიდის მსჯელობა როგორ იმუნიტეტს ტოვებს კორონა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის დონორები, რომლებსაც ვირუსმა მყარი იმუნიტეტი დაუტოვა. ასეთი ძალიან ცოტაა.

კიდევ ერთი შეზღუდვა ისაა, რომ ამ დონორს არ უნდა ჰქონდეს რაიმე თანმხლები დაავადებები, ონკოლოგიური დაავადება, გულის უკმარისობა, დიაბეტი. ასეთი პლაზმის გამოყენება არ შეიძლება. ეს პლაზმა უნდა იყოს სუფთა, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს შიდსი, ჰეპატიტი, სიფილის. უნდა იყოს შესაბამისი ჯგუფის და რეზუსის," - განაცხადა ცერცვაძემ ფორტუნასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×