რეზონანსი
31.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქართველმა ექიმებმა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებში ცვლილებები შეიტანეს და საქართველო სწორედ ამან გადაარჩინა, რომ ვირუსი მასობრივად არ გავრცელდა. 

"ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან.

პირველი პუნქტი შევცვალეთ და საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება საერთოდ ამოვიღეთ და დავწერეთ: თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას.

ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით 26 პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38 და, მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა. ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები", - განაცხადა "იმედის" ეთერში ცერცვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×