რეზონანსი
30.03.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს ,,პურის" (იფქლი დიღომი) და „იფქლის" საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. „შპს „პური", დღიურად, 14 სახეობის 120 000 ცალ პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 300 ადამიანს შეადგენს. კომპანია „იფქლი" 37 სახეობის პურის წარმოებას ახორციელებს. ქარხნის წარმადობა დღეში 180 000 ცალი პურია. კომპანიაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული. საწარმოები აღჭურვილია ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით. მაქსიმალურად არის დაცული დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანიები თავად უზრუნველყოფენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×