რეზონანსი
29.03.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ქვეყანის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.

ჩვენ ეხლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს.

მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ეხლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×