რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) გუდაურში განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის წარდგენილი მუხლები შეუსაბამოა.

ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები და მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ბრალდებული თავს იცავდა და მას შურისძიების მოტივი არ გააჩნდა.

ადვოკატი მოითხოვს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში სასამართლომ არ გაიზიაროს ბრალდების პოზიცია.

„ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი, 108-ე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 19-109-ე მუხლი, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას. მიმაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა რომელიმე დანაშაული. ასევე ჩვენ ვნახეთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ რეალურად ბრალდებული თავს იცავდა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ხორციელდებოდა თავდასხმა, როგორ ცდილობდა ბრალდებული გაცლოდა მათ, თუმცა მისდევდნენ და აყენებდნენ სსვადასხვა სახის დაზიანებებს. ფოტოებშიც ჩანს, როგორი დაზიანებები აქვს მიყენებული.

დაცვის მხარე შეძლებს დაამტკიცოს, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში თავს იცავდა და მას არავის მკვლელობის სურვილის განზრახვა არ ჰქონია. შესაბამისად ეს მუხლები უადგილოა და არ შეესაბამება მომხდარს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ბრალდების პოზიცია, თითქოს ჩემს დასაცავ პირს ჰქონდა შურისძიების მოტივი და ამიტომ განახორციელა გასროლა. ბრალდებული არის სამხედრო პირი, მაშინ რა უშლიდა ხელს განეხორციელებინა გასროლები და რატომ აკეთებს პირველ გამაფრთხილებელ გასროლას ფეხთან ახლოს. თუ ადამიანს სხვა პიროვნების მოკვლა სურს, ის გამაფრთხილებელ გასროლას არ გააკეთებდა. ის რაც აშკარაა ყველასთვის, პროკურატურისთვის არ არის აშკარაა", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×