რეზონანსი
17.01.2020

(რეზონანსი) ამერიკაში, მოულოდნელად გარდაცვლილ ქართველ მხატვარს, გულნარა (გულიკო) წიკლაურს, 17 იანვარს სამშობლოში გადმოასვენებენ და შაბათს, მშობლიურ ქუთაისში, მშობლების გვერდით, საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მისი მეგობრები მადლობას უხდიან იმ ადამიანებს, ვისი დახმარებითაც მოხერხდა მხატვრის სამშობლოში გადმოსვენება. გულნარა წიკლაური ბოლო 19 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მისმა ღრმა, კონცეპტუალურმა, ფილოსოფიურმა ნახატებმა მხატვარს დამსახურებული წარმატება მოუტანა. მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ხშირად ეწყობოდა ამერიკაში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელსა და რუსეთში.

მისი ნახატი "9/11-2001", რომელიც გამოძახილია ამერიკის 2001 წლის ტრაგედიის, როდესაც ტერორისტებმა გაანადგურეს ათასობით უდანაშაულო ადამიანი, დაცულია ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში. "ჩვენ ვნახეთ ბევრი ნახატი, მაგრამ, ვერცერთი ვერ შეედრება გულნარა წიკლაურის ნახატს ამ ტრაგედიის მხატვრული შთაბეჭდილებისა და გაგების სიღრმის მიხედვით. ეს არის ბარელიეფის მსგავსი, უნიჭიერესი ტილო - მეტაფორა, შესრულებული ადრეული რენესანსის კიაროსკუროს ურთულესი ტექნიკით, რომელიც ხელეწიფებათ მხოლოდ უმაღლესი დონის ოსტატებს, დიდ მხატვრებს", - წერს არტკრიტიკოსი მარგარიტა შკლარევსკაია -კრუჩკოვა.

წლების წინ მისი გამოფენა მოეწყო საქართველოშიც. როგორც მეგობრები იხსენებენ, აშშ-ში წასვლის შემდეგ სამშობლოში ის მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული, ისრაელის დელეგაციასთან ერთად. გეგმავდა სამშობლოში დაბრუნებას, თურმე ძალიან უნდოდა თბილისში თავისი სამხატვრო სკოლა გაეხსნა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. მოულოდნელად გარდაიცვალა და მისი ცხედარი ბინაში პოლიციამ იპოვა.

ლელა მარდალეიშვილი ვინც წლების განმავლობაში იცნობდა ქალბატონ გულნარას ქუთაისელი ლელა მარდალეიშვილია. გულნარა მისი მამის უახლოესი მეგობარი იყო.

„ამერიკაში წლების წინ წავიდა. თავის სამშობლოზე უზომოდ იყო შეყვარებული, სულ მიკვირდა იქ ამდენ ხანს როგორ გაჩერდა. ეტყობა შემოქმედებითად იქ იპოვა თავისი ადგილი, აი, აშშ-ში მართლაც საოცარი ნამუშევრები შექმნა. ბოლოს "ფეისბუკით" ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს სულ ადაევნებდა თვალს, ყველაფერს ისე განიცდიდა, დარდობდა აქაურობაზე".

კვირის პალიტრა

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ხიხოს შევთხარე   (17.01.2020)
ნათელში ამყოფე უფალო, სამშობლოზე შეყვარებული ყველა ადამიანის სული


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×