სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.12.2019

    ბათუმელი 24 წლის გოგონა, თათო მახარაძე, გაუგონარ ამბავს გვიყვება. მას მსოფლიოში უიშვიათესი და ერთ-ერთი ამოუცნობი დაავადება აქვს, რომელსაც 11 წელია უძლებს.

    ალგონეიროდისტროფია - ამ დიაგნოზით მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და მისი ეტიოლოგია ბოლომდე გამოკვლეულ-შესწავლილი არ არის.

    ყველაფერი ბათუმის ბაზრობაზე დაიწყო, სადაც 13 წლის თათო კიბიდან დაგორდა და გასაყიდად გამოტანილ საკერავ ნემსებზე დაეცა, რომლებიც ხელისგულში, ცერა თითის ქვემოთ შეესო. ცოტა ხანში ხელი შეშუპდა, მოგვიანებით კი დაწყლულდა.

    მშობლებმა გოგონა რამდენიმე ქვეყანაში წაიყვანეს, მაგრამ დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. მერე ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გოგონას მკლავი მოკვეთეს. დაავადება არც ამით შეჩერდა. თათოს ახლა მეორე მკლავი და ცალი ფეხი აქვს შეშუპებული, მაგრამ უკვე დაავადების სახელიც იცის და მისი მკურნალობის გზაც, რომელიც პერიოდულად, შესწავლის პროცესის მიხედვით იცვლება.

    მძიმე დაავადებისა და გარშემომყოფთაგან არაადეკვატური დამოკიდებულების მიუხედავად, თათომ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება შეძლო და ახლა სხვების უფლებების დაცვაზეც მუშაობს.

    თათო მახარაძე: 13 წლის ვიყავი. კულინარია მიტაცებდა და ბაზარში ხშირად დავდიოდი, რომ ინგრედიენტები თავად შემერჩია. იმ დღესაც პროდუქტების შესაძენად წავედი. კიბიდან ჩამოვვარდი და საკერავ ნემსებზე დავეცი - ღრუბელზე დასობილ ნემსებს ყიდდა ვიღაც. ხელისგულზე, ცერა თითის ქვეშ, რბილობზე შემერჭო. 10-მდე ნემსი იყო. ნემსები გამოვიძრე და გზა გავაგრძელე. საკმაოდ სახიფათო კიბე იყო და მაშინ ვფიქრობდი, რომ თავის დარტყმას გადავრჩი. 3 ნემსი უფრო ღრმად იყო შესული, დანარჩენი - არა.

    იმავე საღამოს შეშუპება დამეწყო. მამაჩემი ექიმია, თერაპევტი და ანტიბიოტიკებით დამიწყო მკურნალობა. ტეტანუსის აცრის გასაკეთებლად წამიყვანეს, მაგრამ ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს და მამამ მხოლოდ ანტიბიოტიკებით მიმკურნალა.

    შეშუპებამ და სიცხემ ერთ კვირაში გამიარა. თავიდან მხოლოდ მაჯამდე გამისივდა ხელი და ანტიბიოტიკებით გამიარა. რამდენიმე თვეში ხელი ისევ გასივდა, ასევე - ერთი ფეხი. გამოკვლევებისთვის თბილისში ჩამოვედით, მაგრამ დიაგნოზი ვერ დასვეს. 6 თვის მერე ფეხი დამიცხრა, მაგრამ ხელი - აღარ.

    უკრაინაში წავედით. იქაურ კლინიკაში კვლევები და სხვადასხვა პროცედურები ჩამიტარეს, მაგრამ ვერც დიაგნოზი დასვეს და ვერც მკურნალობამ მიშველა. სხვა ქვეყნების კლინიკებს მივმართეთ, მაგრამ არავინ გვიწვევდა. არც ერთი გამოკვლევა და მკურნალობა არ გვიფინანსდებოდა, რადგან დიაგნოზი არ იყო დასმული.

    რამდენიმე წელი ასე გაგრძელდა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ავარიაში მოვყევი, ხერხემალი დამიზიანდა და ხელმა და ფეხმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

    "უცხოეთიდან ისევ იაშვილის კლინიკაში დავბრუნდით და რამდენიმე თვე იქ ვიწექი. ქირურგიული ჩარევა მოხდა, ხელი იმდენად იყო გასიებული, დრენირება გამიკეთეს. ამ ოპერაციის მერე მდგომარეობა გამიუარესდა. თანაც ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, მხოლოდ მორფით ძლივს მიყუჩებდნენ.

    საავადმყოფოდან გამოსულმა ექსტერნად ჩავაბარე სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ვაპირებდი, მსგავსი ოპერაცია მეორედ რომ გამიკეთეს. ოპერაციის დროს კომაში ჩავვარდი და კომიდან რომ გამოვედი, ეროვნული გამოცდების დრო უკვე გასული იყო.

    პირველად შუა თითი მომკვეთეს, რადგან ნეკროზი წავიდა. ჭრილობა ღიად დამიტოვეს, რომ სითხისგან დაცლილიყო. მდგომარეობა გართულდა. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ხელის სხვადასხვა ადგილები ნეკროზდებოდა და მაღლა მიიწევდა. მთელ ხელზე წყლულები გამიჩნდა და მკლავი მომკვეთეს. მაშინ 19 წლის ვიყავი...

    ვიცოდი, ერთ დღეს ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ გერმანიაში გვპირდებოდნენ, რომ ხელს შემინარჩუნებდნენ. იქ წასვლა ვერ მოვასწარით, ფინანსურად მყარად ვეღარ ვიდექით ფეხზე. გერმანიაში წასასვლელად ბათუმის მერიამაც დაგვაფინანსა, ჯანდაცვის სისტემამაც, საქველმოქმედო აქციებიც ჩაატარეს, მაგრამ სრული თანხა მაინც ვერ შევაგროვეთ.

    გერმანიის კლინიკაც იმდენად იყო დაინტერესებული, შეგვითანხმდა თანხის ეტაპობრივად გადახდაზე. თებერვლის ბოლოს უნდა წავსულიყავით, მაგრამ 23 თებერვალს ხელი მომკვეთეს. ინფექციონისტებმა გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე დღე ვერ გაძლებდა. მთლიანად დამიწყლულდა და ისეთი ტკივილები მქონდა, მორფიც აღარ აყუჩებდა...

    მოკვეთის შემდეგ პირველი, რაც ვიგრძენი, თავისუფლებისა და რაღაც ახლის დასაწყისი იყო, რადგან მთელი 6 წელი საშინელ დღეში ვიყავი. როცა ხელი მქონდა, ისეთი მძიმე იყო... მერე ფიზიკური სიმძიმეც მომაკლდა. მანამდე ტკივილების გამო ვეღარც ვწვებოდი და ბოლო რამდენიმე თვე სავარძელზე ვათენებდი, ვერ ვიძინებდი. მოკვეთის შემდეგ რა ტკივილებიც შეხვევებს ახლდა, ის არაფერი იყო მანამდე განცდილთან."

    წყარო: "სარკე"

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×