სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

      ჩვენ სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, - ასე უპასუხა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე.

    როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

    „ჩვენ სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. რატომ არ მიიღო პრეზიდენტმა აქამდე გადაწყვეტილება, ეს უნდა ჰკითხოთ ალბათ, პრეზიდენტს", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

    ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით წმინდა სინოდმა საქართველოს პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

    შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირდა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების - ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

    დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×