რეზონანსი
18.09.2019

  „ქართული ოცნების" წევრები პრეზიდენტისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ რის საფუძველზე შეიწყალა მან განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირები. მათი განცხადებით, შეწყალების მექანიზმი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სამომავლოდ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირები აღარ შეიწყალონ. დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასაბუთოს კიდეც, თუ რატომ შეიწყალა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები.

„ჩემთვის გაუგებარია ქალბატონი სალომეს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და „ოცნების" გუნდის წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებულის შეწყალება. არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა" (და მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს"), მაშინ, მან უნდა განმარტოს - ვინ იყო ეს პირი. თუ არადა, მან უნდა გააკეთოს განცხადება - რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად გამართა და განაცხადა, რომ წესების ცვლილებამდე პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.

2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

წყარო: იმედი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×