სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ასოციაციის პრეზიდენტად ლაშა პაპაშვილს დაასახელებენ
    ქეთი თოდუა
    03.10.2009

    ასოციაციაში გაწევრიანების მსურველ ბიზნესმენებს თვეში 850 ლარის გადახდა მოუწევთ.
    ბიზნეს ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა. დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ამ ასოციაციაში გაწევრიანებით, მით უფრო ძლიერი იქნება ასოციაცია.
    "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ რაც მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებაში მონაწილეობით და მასში გაწევრიანებით, ასოციაცია მით უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება, რაც თავისთავად სასარგებლო იქნება, როგორც წევრი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, ასევე ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის", - აღნიშნეს ბიზნეს ასოციაციაში.
    "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" მიზნის მისაღწევად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს ასოციაციებთან, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სხვადასხვა ქვეყნებში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მასმედიასთან გეგმავენ თანამშრომლობას.
    ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო. "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ასოციაციის ძირითადი პრიორიტეტი მთავრობის ყველა შტოსთან კომუნიკაციის განვითარება იქნება, რათა ბიზნესისთვის ქვეყანაში შესაბამისი გარემო და პირობები შეიქმნას და პრობლემები მაქსიმალურად შემცირდეს. ისაკაძე საინიციატივო ჯგუფში კომპანია "აგარა შუგარ მენეჯმენტს" წარმოადგენს.
    "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" შექმნის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბიზნსმენებთან შეხვედრაც გამართეს. შეხვედრის ძირითადი მიზანი მათთვის ახალი ბიზნესგაერთიანების შექმნის მიზნების, ძირითადი პრიორიტეტების, ხედვებისა და მომავალი საქმიანობის გაცნობა იყო.
    ამ შეხვედრას 85-მდე ბიზნეს-ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ კომპანია "კოკა-კოლას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, ბიზნესმენები გიორგი ისაკაძე, გიორგი ჭირაქაძე და სხვები.
    ასოციაციის წევრობა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბიზნესმენებს, ასევე ყველა ბიზნესორგანიზაციას შეეძლებათ.
    საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" კონკრეტული მიზნებისთვის იმუშავებს. მისი თქმით, ასოციაციის სამი ძირითადი მიმართულება საზღვარგარეთ თუ საქართველოში მისი წევრების კანონიერი ინტერსების დაცვა, ბიზნესსა და მთავრობას და ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ხიდის შექმნა, ასევე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში წევრ ორაგნიზაციებს შორის მედიატორის როლის შესრულება იქნება.
    "ბიზნესასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოს ბიზნესწრეებში არსებული ინტელექტუალური კაპიტალის მოძიებისა და გაერთიანების გზით ბიზნესისა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარება იქნება", - აღნიშნა ფხაკაძემ.
    საინტერესოა, რას ფიქრობენ ექსპერტები, შეძლებს თუ არა ახალი ასოციაცია საკუთარი ფუნქციების გამართლებას და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას:
    ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" შექმნას დადებით მომენტად მიიჩნევს. ამ ასოციაციის დამფუძნებელი პერსონების საქმიანობის შეფასება ნარმანიას საშუალებას აძლევს ივარაუდოს, რომ ასოციაცია საკუთარი საქმის გაკეთებას შეძლებს.
    "ზოგადად, მე მომხრე ვარ ასეთი ბიზნეს ასოციაციების შექმნის. მსგავსი ასოციაციები ორი რამის გაკეთების საშუალებას იძლევა: პირველი, ერთმანეთთან აკავშირებს და ამყარებს კონტაქტს სხვადასხვა ბიზნესს შორის. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ბიზნესს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებათა განხილვაში, გაუგზავნოს საკუთარი ინიციატივები პარლამენტს. ამ თვალსაზრისით ბიზნეს ასოციაციის შექმნა კარგია. თუმცა, ნებისმიერი ასოციაციის შექმნის დროს და არა მარტო ამ შემთხვევაში, ამბიციურად მეჩვენება განცხადებები, რომ ამით ბიზნესისათვის სერიოზული ლობის შექმნა შეიძლება.
    ეს უფრო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგის საშუალებას იძლევა. ამ ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები და ხელმძღვანელები ძალიან გამოცდილი ბიზნესმენები არიან და სავარაუდოდ, ასოციაცია შეძლებს თავისი ფუნქციების შესრულებას."
    "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პირველი ოფიციალური ყრილობა 8 ოქტომბერს გაიმართება. მისი დაფინანსების ძირითადი წყარო საწევრო გადასახადი იქნება. ბიზნეს-ასოციაციის საწევროს გადასახადი თვეში 850 ლარი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter