რეზონანსი
24.04.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ვერ გაიზიარებს მოსაზრებებს, რომ ამა თუ იმ ღონისძიების, პროექტის უცხოური დაფინანსების წარმოჩენა შეიძლება დანახული იყოს ნეგატიურ კონტექსტში.

„როგორც იქნა, საჯაროდაც ითქვა, რომ საჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის როდესაც ეს არ ხდება თავისთავად და ვხედავთ, რომ მალავენ ფონდები თავიანთ დაფინანსებებს. ამის საკანონმდებლო რეგულირება საჭიროა ხალხის სახელით. ამ შემთხვევაში წუხილი არის, რომ უცხოეთიდანაა დაფინანსებული ესა თუ ის ღონისძიება, ამის წარმოჩენა შეიძლება ნეგატიური კონტექსტით იყოს დანახული. მე ამას არ დავეთანხმებოდი. ჩვენ არ ვართ კუნძული, არ ვართ ცალკე აღებული რაღაც კუნძულოვანი სახელმწიფო, ვართ მათ შორის ევროპული ოჯახის ნაწილი, სადაც ერთმანეთს ვეხმარებით. ასევე, სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით. ამერიკას და ევროპას ვგულისხმობ. რა არის ამაში დასამალი? კარგ საქმეებს რად უნდა დამალვა? და კარგი საქმე როცა გამოჩნდება, როგორ შეიძლება, შემდეგ ეს ვინმემ ნეგატიურად დაინახოს. თუკი იქნება ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, ფერმერების დახმარებაზე, ზრუნავს შშმ პირების დახმარებაზე და სხვა მიმართულებით, რა არის ამაში დასამალი? ცნობილი იქნება, რომ ეს ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით. რა არის ამაში ცუდი? რა არის ამაში სათაკილო, ეს ვერ გამიგია. პირიქით, საქმე იმაშია, რომ ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ძირს უთხრის ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს.

ამიტომ თუკი ვინმეს აქვს წუხილი, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ვერ დავეთანხმები. როგორც ჩანს, ვთანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. როდესაც შემოდის უცხოური ფული, ხალხმა უნდა იცოდეს, რა საკითხებს მოხმარდება, ამაზეა საუბარი. როგორც საბიუჯეტო იცით, ისე უნდა იცოდეთ „ენჯეოების" დაფინანსებაც. შესაბამისად, არაფერი დასამალი და არც სათაკილო აქ არ არის. ჩვენ მადლობასაც ვეუბნებით ყველა უცხოურ ძალას, ამ შემთხვევაში, უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან. რა არის ამაში სათაკილო? სათაკილო იმისთვის არის, ვინც სინამდვილეში ამ ფულით აკეთებს არაქართულ საქმეებს და მათ უნდათ, დამალონ ეს ყველაფერი, შემდეგ ან შემთხვევით გავიგოთ დაფინანსება ან საერთოდ ვერ გავიგოთ, ვისი დაფინანსებაა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×